logo_geo
ია მეტრეველი: შევეწირებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ისინი არასდროს დაბრუნდნენ
- +

13 თებერვალი. 2020. 14:36

 

 

„სამწუხაროდ, მარტო ჩვენ არ ვართ შვილმოკლული მშობლები და ეს კარგადაა ცნობილი მთელი საქართველოსთვის, რამდენი ოჯახი გააუბედურეს და გაანადგურეს. ეს სწორედ იმ მთავრობამ გააკეთა, რომლებიც დღეს ამდენს ბედავენ და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ“, - ეს განცხადება ია მეტრეველმა სხვა შვილმოკლული მშობლების  სახელით გააკეთა.

 

როგორც ია მეტრეველმა და გულიკო გამცემლიძემ (მოკლული გიორგი გამცემლიძის დედა) „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადეს, საკუთარ სიცოცხლესაც კი დათმობენ, რომ ყოფილი რეჟიმი ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

 

„რა დღეში ჩაგვაგდეს, გაგვაუბედურეს ოჯახები და კიდევ რაღაც მიტინგებს  აანონსებენ. დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ არ შემიძლია, ემოციები არ გამოვხატო და საზოგადოებას არ შევახსენო, რა ძალას წარმოადგენენ და ვინ იყვნენ ის ხალხი, ვინც დღეს ასე აქტიურად არ გვაცლის ცხოვრებას. იმის ნაცვლად, რომ ციხეებში იყვნენ და სასჯელს იხდიდნენ, დღეს კიდევ ათას უბედურებას ჰპირდებიან ქვეყანას, ერთი სულით იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, როგორმე ისევ ჩაიგდონ ის ძალაუფლება, რომელიც ჰქონდათ მაშინ. ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ, იმ გაუბედურებული ოჯახებიდან, ვინც დიდი ბრძოლის შემდეგ რაღაცას მივაღწიე და დამნაშავეები დაისაჯნენ, მაგრამ ეს არ არის სრული დასჯა. მთავარი მკვლელი, ვინც ჩემი ანგელოზი, ერთადერთი შვილი მომიკლა, ის გარეთ დაბრძანდება“, – განაცხადა ია მეტრეველმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

 

მან საზოგადოებას მიმართა, რომ არ დაივიწყონ, ისინი ვინ იყვნენ.

 

„შვილმოკლულმა ოჯახებმა გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ, ხალხნო, არ დავივიწყოთ, ისინი ვინ არიან და არ შეიძლება, ბოკერია გვირჩევდეს საქმეს და უგულავა გმირად გამოჰყავდეთ. ჩვენ შევეწირებით, ბოლომდე ვიდგებით იმისთვის, რომ ისინი არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

 

 

big_banner
არქივი