logo_geo
ბექა კვიციანის ადვოკატი დაკავებულის მიმართ, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს
- +

14 თებერვალი. 2020. 14:25

 

 

 

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბექა კვიციანის ადვოკატი მუხრან ღურწკაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

 

როგორც ადვოკატი განმარტავს, ექსპერტიზის შედეგების თანახმად, მკვლელობის იარაღსა და მასრაზე ბექა კვიციანის დნმ არ ამოვიდა.

 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბექა კვიციანი თავს დამნაშავედ არ ცნობს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში. დღეს ბრალდების და დაცვის მხარეებმა უნდა წარადგინონ მტკიცებულებები და განიხილება მათი დასაშვებობის საკითხი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბექა კვიციანის ბრალეულობა ვერ დასტურდება და წინასასამართლო სხდომაზე ბექა კვიციანის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საკითხს დავაყენებთ. ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, მოსულია ექსპერტიზის პასუხები და კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ ბექა კვიციანს კონკრეტულად ამ მკვლელობასთან არავითარი შემხებლობა არ ჰქონია.

 

მკვლელობის იარაღზე, მასრებზე ბექა კვიციანის დნმ არ აღმოჩნდა, ასევე სხვა ექსპერტიზის დასკვნებია დანიშნული სიგარეტის ნამწვთან დაკავშირებით, სადაც ასევე არ აღმოჩნდა მისი დნმ და შესაბამისად, დაცვის მხარე თვლის, რომ ამ მტკიცებულებებით მისი ბრალეულობა ვერ დასტურდება“, - განაცხადა ღურწკაიამ.

 

რაც შეეხება იმ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, თუ როგორ მიაკითხა მოკლულს სამსახურში კვიაციანმა და სავარაუდოდ, ბოლო კომუნიკაციაც მას ჰქონდა, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს მკვლელობას არ ადასტურებს.

 

„მანქანის გადაადგილება ვიდეომასალაში ჩანს, მაგრამ ამ მანქანას ბექა კვიციანი მართავს თუ არა, ეს დადასტურებული არ არის. მანქანის გადაადგილება, ბუნებრივია, მკვლელობას არ ნიშნავს, ეს არ არის ის უტყუარი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალს დაადასტურებს. ბექა კვიციანი ამბობს, რომ მას ის ადამიანი არ მოუკლავს და არც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონია ამ დანაშაულთან.

 

ფსიქიატრიული ექსპერტიზა დანიშნულია, მაგრამ ჯერ პასუხი მოსული არ არის", - განაცხადა ღუწკაიამ.

 

შეგახსნებთ, რომ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

 

მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აქვს წარდგენილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი