logo_geo
ნიკა გვარამიას საქმეზე ბრალდების მოწმემ ავტომობილ „პორშეს“ ეპიზოდის შესახებ ისაუბრა
- +

17 თებერვალი. 2020. 17:55

 

 

„რუსთავი 2“-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

 

დღევანდელ პროცესზე ბრალდების ოთხი მოწმის დაკითხვაა დაგეგმილი, მათ შორის არიან „ინტერმედიას“ თანამშრომლები, ასევე სარეკლამო სააგენტოს წარმომადგენელი.

 

საქმეზე ბრალდების მხარის ერთ-ერთმა მოწმემ, სარეკლამო სააგენტო შპს „პროესკო მედიას“ წარმომადგენელმა გიორგი კუხიანიძემ ავტომობილ „პორშეს“ ეპიზოდზე ისაუბრა.

 

„ამ ხელშეკრულებით, მხოლოდ მანქანით ხდებოდა გადახდა. მე დამიკავშირდა ზურაბ გუმბარიძე და მითხრა, რომ არის გაზრდილი ბიუჯეტი და თუ მაწყობდა, რომ გადახდა მომხდარიყო ავტომობილით. მე დავეთანხმე. გუმბარიძემ მითხრა, რომ ამ მანქანას შეიძენდა ნიკა გვარამია და ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა. ეს ავტომობილიც სავარაუდოდ, ნიკა გვარამიამ შეარჩია, მწვანე „პორშე“ იყო. დამიკავშირდა ვიღაც პიროვნება და გაიყვანეს მანქანა ცენტრიდან. კომუნიკაცია გვარამისთან არ მქონია, შეთანხმება იყო, რომ წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა თანხა. ხელშეკრულება გავაფორმეთ თებერვალ-მარტში. იქ იყო გაწერილი გადახდის თარიღები. მალევე უნდა დაწყებულიყო გადახდა, მაგრამ არ დაიწყო ეს გადახდები. „რუსთავი 2“-ის მოვლენების მერე დავურეკე, რათა ფული გადაეხადათ. მომცეს დიმიტრი საძაგლიშვილის ნომერი და ავუხსენი, რაც მაწუხებდა. მითხრა, მანქანა შემეძლო წამეყვანა და გამეყიდა. მომცა ნუცუბიძის ქუჩაზე მისამართი, გადმომცეს მანქანა, წამოვიყვანე და გავაჩერე ჩემ სახლთან, გადავუღე ფოტოები და დავდე მანქანების გაყიდვის საიტზე, დამიკავშირდა პროკურატურა მერე და მანქანა პროკურატურაში გავაჩერე“, – განაცხადა მოწმე გიორგი კუხიანიძემ.

 

გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

 

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

„2019 წლის თებერვალში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „პორშეს ცენტრში“ მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი „Porche Macan S“, რომლის შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის – ზ.გ-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ. ასევე, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. ბარტერზე დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს „პროესკო მედიას“ მეშვეობით.

 

შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა „Porche Macan S“-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს „პროესკო მედია“ დაფიქსირდა. იმავე დღეს, „პორშეს ცენტრსა“ და შპს „პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით – 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.

 

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს – შპს „პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა „რუსთავი 2“-ში, ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.

 

ზემოაღნიშნული ქმედებებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი – „Porche Macan S“, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი