logo_geo
„ინციდენტში მონაწილე პირებმა ტურისტებს არარეალური თანხა გადაახდევინეს“ - გუდაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
- +

18 თებერვალი. 2020. 18:24

 

 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე „ინტერპრესნიუსისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც სააგენტოსთან საუბარში ინფორმირებული წყარო ჰყვება, მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სამხედრო პირი მერაბ კობიაშვილი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა.

 

წყაროს ცნობითვე, მკვლელობამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე, ინციდენტში მონაწილე პირებისა და გარდაცვლილის მხრიდან ბელარუს ტურისტებთან ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც ტურისტები სასტიკად სცემეს.

 

„როგორც ვიცი, ინციდენტში მონაწილე პირებმა ბელარუს ტურისტებს ბარში არარეალური თანხა გადაახდევინეს, რასაც მოჰყვა დაპირისპირება. თავის მხრივ, კობიაშვილმა მომხდარის გამო უსაყვედურა გარდაცვლილსა და მის მეგობრებს, რაზეც ისინი განაწყენდნენ და კობიაშვილს დაემუქრნენ. ორი კვირის მერე კობიაშვილმა, სავარაუდოდ, იმავე ბარში უკვე ფრანგი ტურისტები მიიყვანა, მის გამოჩენას კი აღნიშნული პირების მხრიდან აგრესიული დამოკიდებულება მოჰყვა - ისინი კობიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - აცხადებს ინფორმირებული წყარო.

 

ასევე, როგორც წყარო ჰყვება, ბრალდებულმა ცეცხლნასროლი ჭრილობა თავისივე იარაღიდან მიიღო, რის შემდეგაც ინციდენტში მონაწილე პირებმა ის წააქციეს და ძირს დაგდებულს სცემეს.

 

ცნობისთვის, 17 თებერვალს, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ყოფილი სამხედრო, მერაბ კობიაშვილია დაკავებული, რომელსაც მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - „ჯეო ჰოსპიტალსში“ ჩატარდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი