logo_geo
ნინო ცაციაშვილი: პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე
- +

31 ოქტომბერი. 2020. 15:24

 

„პოლიციამ გამოძიება არჩევნებთან დაკავშირებულ სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა.

 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. პოლიციის მობილური ჯგუფები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე. მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომლებიც შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად დავიწყეთ გამოძიება.

 

პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დაიწყო:

 

- ქალაქ თბილისში, დიდი დიღმის მე-3 მ/რაიონში, N40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის - ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

- ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ლეიბორისტების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა - ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 1621-ე მუხლის მესამე ნაწილით.

 

ასევე გამოძიება დაიწყო, ქალაქ თბილისის ისნის N39, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

 

ამ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

 

რამდენიმე მედიასაშუალებამ ყურადღება გაამახვილა ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების და ტექნიკის მობილიზებაზე. ამის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

 

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია ქვეყანაში უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვაზე. ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში მომართონ პოლიციას, რათა ყველამ ერთად ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.

 

ჩვენ არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე პერიოდულად, პროაქტიულად მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ნინო ცაციაშვილმა.

big_banner
არქივი