logo_geo
რა ვითარებაში გარდაიცვალა 8 თვის ჩვილი - მეზობლები ტრაგედიის დეტალებს ყვებიან
- +

9 მარტი. 2021. 17:59

 

 

გურჯაანში, დედ-მამის კონფლიქტის დროს დაღუპულ 8 თვის ჩვილთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

 

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ბავშვი უყურადღებობის გამო გაიგუდა, რადგან ცოლ-ქმარმა ჩხუბი განაგრძო.

 

„პირქვე ეგდო ბავშვი, ესენი ჩხუბობდნენ, მანამდეც სულ ცემა ჰქონდათ", - ამბობს მეზობელი.

 

ამასთან, კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, ბრალდებულმა ცოლს ჩამქრალი ღუმელი ესროლა, რომელიც 8 თვის ბავშვს მოხვდა, რის შედეგადაც, ბავშვი გარდაიცვალა.

 

მათი თქმით, სახლიდან ჩხუბის ხმა მუდმივად ისმოდა. მეზობლები ჰყვებიან, რომ დაკავებული სვამდა და ცოლ-შვილს ხშირად სცემდა.

 

„სულ ჩხუბი და კონფლიქტი ჰქონდათ. მე როცა აქ მოვდიოდი, ხალხი სულ გარეთ იყო, ვიკითხავდი, რა ხდება - მეზობლები მეტყოდნენ, რომ ჩხუბობენ, ცოლს სცემა, ბავშვებს სცემა, ბავშვები სხვების ეზოებში და ბოსტნებში გარბოდნენ დასამალად. „ფეჩი“ ესროლა ბავშვსო, მე ასე გავიგე. ცოლს სცემდა და ამბობდა, ბავშვი ჩემი არ არისო. როგორც ვიცი, პოლიცია არ რეაგირებდა სათანადოდ. აქამდე რომ ყურადღება მიექციათ, ბავშვი არ შემოაკვდებოდა, ბავშვები მასთან არ უნდა დაეტოვებინათ“, - ამბობს ერთ-ერთ მეზობელი.

 

კიდევ ერთი მეზობელი ჟურნალისტებს უყვება, რომ კაცი ხშირად სვამდა და სახლში ნივთებს ამტვრევდა, ცოლი კი უსაფრთხოების მიზნით, მისი სახლში მისვლისას, მიდიოდა და იმალებოდა.

 

„ჩამქრალი ღუმელი ესროლა, ცოლს ბავშვი ხელში ჰყავდა და, ალბათ, მოხვდა. სვამდა და გონება ებინდებოდა, როცა სვამდა. მინახავს მათ სახლში ყველაფერი დამტვრეული. ის გოგო სახლში ხშირად არ იყო. ეს რომ მოდიოდა ნასვამი, ეშინოდა და მიდიოდა, ემალებოდა ალბათ“, - ამბობს მეზობელი.

 

როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან ჰყვებიან, დაკავებული მამაკაციც და ქალიც მეორე ქორწინებაში იმყოფებიან და მათ შვილები პირველი ქორწინებიდანაც ჰყავთ. მამაკაცის შვილები პირველი ქორწინებიდან, სხვა ოჯახში, მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ხოლო ქალის შვილები პირველი ქორწინებიდან, სოციალური სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ, ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ წაიყვანეს. რაც შეეხება გარდაცვლილ ჩვილს, მეზობლის თქმით, ის წყვილის საერთო შვილია.

 

მეზობლების ინფორმაციით, 8 თვის ჩვილს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

 

„ალბათ, ნასვამ მდგომარეობაში იყო. ბავშვს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ოპერაციაც გაუკეთდა. კაცს პირველი ქორწინებიდანაც ჰყავს შვილები. ცოლის განცხადების საფუძველზე დააკავეს“, - აღნიშნავს ერთ-ერთი მეზობელი.

 

გარდა ამისა, კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, მამაკაცმა არა მხოლოდ ცოლს, არამედ ბავშვებსაც სცემა, რომელიც მის მეუღლეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

 

„ოჯახში ბავშვებს და მეუღლეს სცემა. დალურჯებულები იყვნენ მე რომ მოვედი. მეზობლები ლაპარაკობდნენ, რომ გოგოს პირველი მეუღლე მივიდა ბავშვების სანახავად და მას არ უშვებდა სახლში. იმ ბიჭს მაინც დაუბრუნოს თავისი შვილები, თვითონ ვერ ზრდის. ქალის განცხადების საფუძველზე დააკავეს. ბიჭი სვამდა. ორივესთვის მეორე ოჯახი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთმა მეზობელმა.

 

გურჯაანში, ოჯახურ კონფლიქტს 8 თვის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1985 წელს დაბადებული ზ.შ.

 

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

 

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი