logo_geo
შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის ვლადიმერ პოზნერი​ და ​​მისი თანმხლები 31 პირი დააჯარიმა
- +

1 აპრილი. 2021. 10:09

 



"იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 32 პირი დაჯარიმდა, რომლებიც სასტუმრო „ვინოტელში“ იმყოფებოდნენ", – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

 

როგორც შსს-ში აღნიშნავენ, საქართველოში ჩამოსული 41 პირიდან ცხრას წესები არ დაურღვევია.

 

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრა პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო „ვინოტელი“, – აცხადებენ შსს-ში.

 

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა აქცია გამართეს სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

 

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

 

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დილით დატოვეს. აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

 

 

big_banner
არქივი