logo_geo
ირაკლი გედენიძე: შვილების სიცოცხლით მემუქრებოდნენ!
- +

28 აპრილი. 2017. 15:33



თბილისის საქალაქო სასამართლოში „ფოტოგრაფების საქმეზე" დღეს დაზარალებული ირაკლი გედენიძე იკითხება. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი სწორედ იმ დროინდელ მოვლენებს იხსენებს. გედენიძის განცხადებით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი შვილების სიცოცხლით და ოჯახის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებოდა და აიძულებდა ეღიარებინა გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდება.


კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი მთხოვდა დამეწერა, რომ 2008 წლის ომში გადაღებულ ფოტოებს და ჯარის გადაადგილების გეგმებს გია ქურციკიძეს ვაძლევდი. დევნოზაშვილმა მითხრა, დაიჩოქეო. დავიჩოქე, მაგრამ მუხლი მტკიოდა და წავიქეცი. დევნოზაშვილი და სხვები იცინოდნენ", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.


მისი თქმით, როდესაც ცოლის გათავისუფლების სანაცვლოდ აღიარებითი ჩვენების მიცემა გადაწყვიტა, ოთახში შეიყვანეს შსს-ს ოპერატორი ლევან შერმადინი, ადვოკატი ცოტნე ცაავა და გამომძიებელი. შემდეგ წაიყვანეს სასამართლოში, სადაც პირველად ნახა გია აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე- ფოტოგრაფები, რომლებიც მისი დაკავების დღეს დააკავეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ  ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, „პრაიმტაიმის" ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე. 


პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის და ირაკლი გედენიძის დაკავება გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო მოხდა.




 

big_banner
არქივი