logo_geo
„როცა სროლის ხმა გავიგე, დავწექი, დავინახე, დათა ახალაიას მანქანა მივიდა ავტოსადგურის შენობასთან“
- +

30 ნოემბერი. 2016. 03:00



გია დგებუაძე, რომელიც განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებაშია ბრალდებული, 29 ნოემბერს სასამართლოზე „ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმეზე დაიკითხა.


დგებუაძე, იგივე „მასტერა", თავის ჩვენებაში აცხადებს, რომ სროლების დროს შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. ის იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებისგანაც, როგორც თავად ამბობს, შემთხვევის დროს დავალებებს იღებდა.


დგებუაძე მოყვა, თუ რა მითითებები მიიღო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ დათა ახალაიასგან. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, მას ახალაიამ უთხრა, რომ რუსთავის ერთ-ერთი საპყრობილიდან მზადდებოდა გაქცევა, უნდა ეკონტროლებინათ მურად გორგაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, რომლებიც, შესაძლოა, ყოფილიყვნენ შეიარაღებულები. გია დგებუაძის განცხადებით, იმისთვის, რომ ეს პირები თვალთახედვიდან არ დაეკარგათ, მან შესაბამისი დავალებები მისცა სამმართველოს თანამშრომლებს.


რაც შეეხება 2006 წლის 12 იანვრის ღამეს, გია დგებუაძე ყვება, რომ ის ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა 21:00 საათისთვის და უნდა მოეხდინა ვიზუალური კონტროლი იმ პირებისა, რომლებსაც კუდ-ის თანამშრომელი ჩამოსვამდა ავტომანქანიდან. ბრალდებულის თქმით, ახალაიას ნათქვამი ჰქონდა, რომ ავტოსადგურის ტერიტორიაზე იდგა სპეცრაზმი.


„სუმბაძემ ჩამოსვა ეს სამი პიროვნება ავტომანქანიდან და დაემშვიდობა, მე ამ დროს ვახორციელებ მათ ვიზუალურ კონტროლს, ვდგავარ ტრასაზე, თითქოს ტაქსის ველოდები. ერთ-ერთმა დაიწყო ტელეფონზე საუბარი და ამ საუბარში დაიძრნენ სამივენი ავტოსადგურის ტერიტორიის მიმართულებით, მეც გავყევი მათ. ისინი ავტოსადგურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. იქვე გავჩერდი რამდენიმე წუთით და გასროლის ხმა გავიგე. როცა გავიგე ეს ხმა, დავწექი და ხეს შევაფარე თავი, ისე აღვიქვი, თითქოს სროლის ხმები სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა. ეს გრძელდებოდა დაახლოებით 20-30 წამი. დავინახე დათა ახალაიას მანქანა შევიდა ავტოსადგურის შენობასთან", - განაცხადა ბრალდებულმა.


მისივე ჩვენების მიხედვით, როდესაც ის ტერიტორიაზე შევიდა, ადგილზე მყოფებმა უთხრეს, რომ იყო სამი გარდაცვლილი, ხოლო შალვა თათუხაშვილი დათა ახალაიას უხსნიდა, თუ როგორ მოხდა მათი გარდაცვალება და ცეცხლის გახსნის დროს რა პოზიციებზე იყვნენ.


როგორც დგებუაძე ყვება, მან დათა ახალაიას შეატყო, რომ იყო აფორიაქებული და განერვიულებული. მისივე თქმით, ახალაია ასეთ შედეგს არ ელოდა.  დგებუაძესთან ერთად, დათა ახალაია სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობის საქმეშია ბრალდებული.


 

 

 

big_banner
არქივი