logo_geo
ნდობის ჯგუფის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს
- +

6 აპრილი. 2023. 22:12

ჩვენი მხრიდან, - კანონმდებლებისგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმაღლეს შეფასებას იმსახურებს, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, სადაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2022 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ წარადგინა ანგარიში; ნდობის ჯგუფს გრიგოლ ლილუაშვილმა უსაფრთხოების გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია და ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

„უსაფრთხოების სამსახური, ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და არის უწყება, რომელიც გასულ წელს ყველაზე მეტჯერ წარსდგა ნდობის ჯგუფის წინაშე. ნდობის ჯგუფსა და უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობა უპრეცენდენტოდ მაღალ ნიშნულზეა. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, როგორც ფარულ, ასევე ღია შემადგენლობის წარმომადგენლებს, რომელებიც 24 საათიან რეჟიმში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მუშაობენ. სამსახურის უფროსს, სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას კანონმდებლების მხრიდან აქვთ და ყოველთვის ექნებათ სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის ფორმატში, საკანონმდებლო ორგანოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეაფასა და აღნიშნა, რომ უწყება პარლამენტთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს.

„ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე აქტუალურ საკითხებზე, უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიც არის ოკუპაცია, ტერორიზმი და სწორი მიგრაციული პოლიტიკა“, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშს ნდობის ჯგუფის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე და ანრი ოხანაშვილი დაესწრნენ.

big_banner
არქივი