logo_geo
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმეზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ექსპერტები მიეცნენ
- +

20 ივნისი. 2017. 12:18




თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმეზე, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ლი ნაწილით,   სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს შპს ,,არდა"-ს ექსპერტები: ზაზა ენდელაძე და ბადრი მიქაძე.  ექსპერტიზის აღნიშნული  ყალბი  დასკვნა გახდა საფუძველი ხსენებული კომპანიები თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე  დააკავეს: თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე მამული მამულაშვილი, თიანეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი მალხაზ მათურელი,  ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ბადრი ჯიმშიტაშვილი და  ნაქალაქარის ადმინისტრაციულ ერთეულში - ლია დორეული, შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში"-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს ,,რაზა"-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი.


გამოძიებამ დაადგინა, რომ  მამული მამულაშვილმა, მალხაზ მათურელმა, ბადრი ჯიმშიტაშვილმა და ლია დორეულმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება და მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში"-მ და შპს ,,რაზა"-მ სრულად არ შეასრულეს  თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები, ხელი მოაწერეს საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებს (ე.წ. ფორმა#2), რითაც დაადასტურეს, თითქოსდა სამუშაოები სრულყოფილად იყო შესრულებული. ამასთან, თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მუშაობის პერიოდში, მამული მამულაშვილმა  ხელი მოაწერა საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რის საფუძველზეც მოხდა კონტრაქტორი კომპანიებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების სრულად ჩარიცხვა.


ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადარიცხულ თანხებს შორის სხვაობამ  ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ  გაცემული დასკვნის თანახმად 123 240 ლარი შეადგინა.


თავის მხრივ, შპს ,,ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში"-ს დირექტორი მალხაზ ლომსაძე და შპს ,,რაზა"-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ჩიტიშვილი  სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს წინასწარი შეთანხმებით, თაღლითურად დაეუფლნენ.


გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობაში დახმარების და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე  მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", მე-3 ნაწილის ,,ა" და  ,,ბ" ქვეპუნქტებით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  6- დან  9 წლამდე ვადით).


გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.




 

big_banner
არქივი