logo_geo
სუს-ის ინფორმაციით, USAID-ის მოწვევით საქართველოში ჩამოსულ სერბეთის მოქალაქეებს სხვადასხვა წლებში კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებთან
- +

2 ოქტომბერი. 2023. 11:22

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, USAID-ის მოწვევით საქართველოში ჩამოსულ სერბეთის მოქალაქეებს სხვადასხვა წლებში კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე რევოლუციურ პროცესებთან.

 

კერძოდ, უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს, საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი.

 

აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან. სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

 

სუს-ის განმარტებით, ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკის და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. ისინი არიან ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველი რგოლი, აგრეთვე - სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი, არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ გარკვეული პირები საქართველოში სამოქალაქო არეულობას გეგმავენ, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და „ევრომაიდნის“ მოწყობა. კერძოდ, დესტრუქციული პროცესების დაწყების პერიოდად ოქტომბერ-დეკემბერი სახელდება, მთავარი შემსრულებლები კი გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან. გეგმის განხორციელება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არის დაგეგმილი.

 

მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი, სერბეთის მოქალაქეები გამოკითხეს.

 

 

big_banner
არქივი