logo_geo
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლომ ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო
- +

10 ოქტომბერი. 2023. 16:54

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და მათ ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლების, მოგების და რამდენიმე ათეული მილიონი ევროს ღირებულების აქტივების მართვის შესახებ შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.

 

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.

 

შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, ბრალდებულებმა დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავალი დააკონვერტირეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, ერთ-ერთი ბრალდებულის პირად, ასევე მათ საკუთრებასა და მფლობელობაში არსებულ სხვა კომპანიების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს.

 

აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 1 898 880 ლარის, 39 550 ევროს და 9 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს, სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მსჯავრდებულ იურიდიულ პირს უვადოდ ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება და დაეკისრა ჯარიმა -200 000 ლარის ოდენობით.

 

განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ  - 311 652 ლარის ღირებულების ოთხი უძრავი ქონება, ორი ავტომანქანა, და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული თანხა ჩამოერთვათ.

 

 

big_banner
არქივი