logo_geo
ჯულია რობერტსი: პრობლემები ჩვენც გვაქვს...
- +

2 ნოემბერი. 2017. 23:46


რამდენიმე დღის წინ, 28 ოქტომბერს, ამერიკელების ყველაზე საყვარელმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა 50 წლის იუბილე აღნიშნა.


მის დაბადების დღეს თითქმის ყველა ამერიკული ჟურნალი თუ გამოცემა გამოეხმაურა. მათ შორის არის Instyle-იც, რომელმაც დეკემბრის თვის მთავარ პერსონაჟად სწორედ რობერტსი აირჩია და მასთან ინტერვიუც ჩაწერა.


გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, რომლის სრული ვერსიაც დეკემბრის თვეში გამოქვეყნდება.


- როგორ აღნიშნეთ თქვენი 50 წლის იუბილე?


- ყოველთვის მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. 50 წლის აღნიშვნა არაფრით განსხვავდებოდა იმისგან, ვიდრე 49, 48 ან 47. კარგით რა, როდემდე უნდა ვკითხოთ ქალებს ეს? ოდესმე ასეთი კითხვა ბრედ პიტისთვის ან ჯორჯ კლუნისთვის დაუსვამს ვინმეს?

 

- თქვენი ტყუპები ჰეიზელი და ფინი 13 წლის ხდებიან, ჰენრი კი 10-ის. როგორია მათი აღზრდა? ისინი თინეიჯერობის ასაკში შედიან..


- ჩემს შვილებს სრულ თავისუფლებას ვაძლევ. ძალიან ამაყი ვარ, რომ მათ ადამიანების პატივისცემა და დაფასება იციან. სიამაყით ვივსები ხოლმე, როდესაც სკოლაში მისულს, მათ კრებაზე მასწავლებელი მეუბნება, რომ კარგი შვილები მყავს, ან როდესაც მათი მეგობრის დედა მხვდება და მეუბნება როგორი ზრდილობიანი და კარგად აღზრდილები არიან. რა თქმა უნდა, ხანდახან პრობლემები ჩვენც გვაქვს, მაგრამ ამ დროს ყოველთვის ჭრის ლაპარაკი. მათ იციან, რა შეიძლება და რა არა, იციან რომ არასდროს არავინ არ უნდა დაჩაგრონ და ერთადერთი რაც უნდა გასცენ სიყვარულია. ამას მასწავლიდა დედაჩემიც და ვცდილობ, რომ იგივე ვასწავლო მეც ჩემს მშობლებს. შენც [ჟურნალისტს მიმართავს] ინტერვიუს დაწყებამდე ოთახში მათთან ერთად იყავი და პირველი რაც მითხარი ის იყო, რომ ბედნიერი უნდა ვიყო ასეთი შვილებისთვის და ვარ კიდევაც, მიხარია რომ ეს სამი საოცრება მყავს. ერთხელ სახლში დაბრუნებულმა ჰეიზელმა [ჯულიას შვილი] მითხრა, რომ თმა უნდა გადაეპარსა და ერთ-ერთი ორგანიზაციისთვის მიეცა, რომელიც იმ ბავშვებისთვის, ვინც სხვადასხვა დაავადებების გამო თმა დაკარგა, პარიკებს ამზადებს. ხომ წარმოგიდგენიათ 13 წლის გოგოსთვის როგორი რთული იქნებოდა, გრძელი, ქერა თმის გადაპარსვა? მაგრამ მან ეს გააკეთა. ის ძალიან ძლიერი და მამაცი გოგოა.

 

- მალე პირველად გადაგიღებენ სერიალში. რას უნდა ველოდოთ Amazon-ის Homecoming-ისაგან?


- Homecoming ფსიქოლოგიური თრილერია, რომელიც პოდკასტების სერიაზე იქნება დაფუძნებული და მიზეზი, რის გამოც ამ შემოთავაზებას დავთანხმდი შინაარსია. არასდროს იცი რა მოხდება შემდეგ, როდესაც ვუსმენდი ჩანაწერს და შემდეგ სცენარს ვკითხულობდი, ჩემთვისაც იმდენად მოულოდნელი რაღაცები ხდებოდა, რომ გაოცებისგან დენს [ჯულიას ქმარი] ვეძახდი და ხმამაღლა ვუკითხავდი. გადაღებებს შემდეგ წელს დავიწყებთ. მგონია, რომ ტელევიზია ახლა სულ სხვა დონეზეა, აქ უამრავ კარგ შოუს შეხვდებით, მაგრამ ჩემთვის სერიალში მონაწილეობა ნამდვილი ექსპერიმენტია, რადგან მე მხოლოდ ის ვიცი როგორ უნდა ვუყურო სერიალს, ჯერ-ჯერობით მათი შექმნა არ მიცდია და ვნახოთ რა გამომივა.


- რ.ჯ პალაციოს რომანის, Wonder-ის შესახებაც გვიამბეთ, რომელიც 17 ნოემბერს გამოვა...


- ეს წიგნი ჩემს შვილებს თავად წავუკითხე. ერთად ვტიროდით და ვიცინოდით, ვმსჯელობდით, განვიხილავდით სხვადასხვა დეტალებს. ძალიან დიდი გავლება მოახდინა ჩემზე და როდესაც რამდენიმე თვის შემდეგ სცენარი მივიღე სწორედ ამ ფილმზე, ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმედი მაქვს ფილმი მაყურებელსაც მოეწონება, ჩვენ მთელი გული ჩავდეთ. ჯეიკობი, არაჩვეულებრივი ბიჭია და გამუდმებით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი მეოთხე შვილია. კარგი პარტნიორი და ნიჭიერი მსახიობია.


- როგორია თქვენი ერთი დღე, როდესაც მხოლოდ სახლში ხართ...


- ჩემი შვილები ფიქრობენ, რომ არაჩვეულებრივი მზარეული ვარ, შესაბამისად ხშირად მთელ დღეს სამზარეულოში, გემრიელი საჭმლის მომზადებაში ვატარებთ. გვიყვარს როდესაც სტუმრები გვყავს და დიდ, ოჯახურ ვახშამს ვმართავთ. რა თქმა უნდა არ უნდა გამომრჩეს ფეხბურთი, რომელიც ჩემი შვილების საყვარელი სპორტია და ხშირად მათ ვარჯიშებსა და თამაშებსაც ვესწრები. ხო კიდევ, ყოველ ღამე მიწევს ვეხვეწო ამ სამ არაჩვეულებრივ ბავშვს დაიძინონ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი