logo_geo
„დედის გარდაცვალების შემდეგ, ისეთ სამუშაოებს ვასრულებდი გახსენებაც არ მინდა“ – „იქს ფაქტორის“ მორიგი აღმოჩენა
- +

1 მაისი. 2018. 22:20

 

 

25 წლის თამუნა გიორგაძე მთელმა საქართველომ გაიცნო. ახალგაზრდა გოგონას სევდიანმა ისტორიამ მთელი საქართველო და ჟიურის წევრებიც აატირა, მისმა სიმღერამ ყველა აღაფრთოვანა.

 

საკუთარ ისტორიაზე თამუნა „რეიტინგს“ ესაუბრა.

 

- ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. ბავშვობიდან ვმღერი. დედა და მუსიკოსი მაია ბალანჩივაძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მუსიკალური ოჯახი მყავდა, ამიტომ დედაჩემმა მაიას სტუდიაში მიმიყვანა და პირველად დიდ სცენაზე 2 წლის ასაკში მოვხვდი. სხვადასხვა კონკურსებში ვიღებდი მონაწილეობას, წარმატებებსაც ვაღწევდი, მუსიკალური შვიდწლედიც დავამტავრე, მაგრამ 13 წლის როცა გავხდი, დედა გაჭირვების გამო,  სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა და სიმღერამ ცოტა მეორე პლანზე გადაინაცვლა. 25 წლის ასაკში კი მივხვდი ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, ამიტომ „იქს ფაქტორში“ მივიღე მონაწილეობა და გამიმართლა.

 

- როგორ გადაიტანე დედის გარეშე დარჩენა?

 

- ყველაფერს დედასთან ერთად ვაკეთებდი, ამიტომ როცა ის ემიგრაციაში წავიდა ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. სულ გვირეკავდა, ველაპარაკებოდით, მაგრამ... სიტყვებით ვერ აღვწერ იმ განცდებს, რასაც მაშინ ვგრძნობდი, როცა დედა საბერძნეთში ცხოვრობდა. განსაკუთრებით სჭირდება გოგოს გარდატეხის ასაკში დედა გვერდით, მაგრამ ეკონომიური მდგომარეობის გამო ასე იყო საჭირო. დედა საბერძნეთიდან ყველაფერში ხელს მიწყობდა, ჩემთვის ყველაზე დიდი მეგობარი იყო.

 

- რამდენი წელი არ გყავდა ნანახი დედა?

 

- 20 წლის ვიყავი როცა საბერძნეთიდან დაბრუნდა. თავს გრძნობდა შეუძლოდ, ამიტომ საქართველოში დაბრუნდა, თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა, ყველაფერი ვცადეთ, ყველა ექიმთან ვიყავით, მაგრამ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა და ვერ გადავარჩინეთ. 7 წელი არ მყავდა დედა ნანახი, 20 წლის ვიყავი როცა დაბრუნდა და მხოლოდ ორ თვენახევარი იცოცხლა. ვცდილობდით ის დაკარგული 7 წელი, რომელიც ცალ-ცალკე გავატარეთ აგვენაზღაურებინა, იმის მიუხედავად რომ არ შეეძლო, სულ ვმღეროდით და ვცდილობდით მოწყენილები არ ვყოფილიყავით. მე ვცდილობდი მას არ ენახა, ჩემი დარდი და ამიტომ სულ მხიარულად ვიყავი. ხასიათით დედას ვგავარ.

 

- ბებია გზრდიდათ?

 

- მამა გვზრდიდა მე და ჩემს ძმას. ბებოც გვყავდა, მაგრამ მამა უფრო აქტიურად იყო ჩართული. დედის დაკარგვა ბუნებრივია მძიმედ გადავიტანე. უნივერსიტეტს ვამთავრებდი, როცა დაიღუპა. ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა, აღარც დედა მყავდა. ამიტომ მე და მამა დავუდექით ერთმანეთს გვერდით, ყველაფერს ვაკეთებდით ოჯახისთვის. ისეთ სამუშაოებს ვასრულებდი, რისი გახსენებაც არ მინდა. სწორედ იმ პერიოდში გახსნეს საბავშვო ბაღი ჩემმა მეგობრებმა, სადაც ბავშვებს სახალისო ფორმით ვასწავლიდი ინგლისურს. გამოვიქცეოდი ჩემი სამსახურიდან ერთი საათით, მოვდიოდი, ბავშვებს ინგლისურში ვამეცადინებდი და მერე ისევ იქ ვბრუნდებოდი. ამ ბავშვებმა მომცეს იმის ძალა, რომ რაღაცნაირად გადამეტანა დედის დაკარგვა. დღემდე ვმუშაობ იმ ბაღში.

 

- ბაღის გარდა რას საქმიანობთ?

 

- მე და ჩემმა მეგობრებმა „ლეიდი ტაქსი“ ჩამოვაყალიბეთ. ახლაც ფორმირების პროცესშია ჩვენი სტარტ-აპი. ჩემი ბავშვობის ბრალია ალბათ, არ მინდა თუნდაც ერთი ქალი, ოჯახის რჩენის გამო, ქვეყნიდან რომ წავიდეს. ამიტომ მინდა საქართველოში შეიქმნას სამუშაო ადგილები მათთვის, თუნდაც ისეთი საქმე ჰქოდნეთ, როგორიც არის ტაქსის მძღოლობა.

 

- რაც შეეხება პროექტს, იფიქრებდი თუ ასეთ წარმატებას მიაღწევდი?

 

- თავიდან პრეკასტინგზე ვიყავი, სადაც ცოტა მორიდებულად მივედი, თუმცა ისე დადებითად შემხვდნენ, სტიმული მომეცა. როცა ფილარმონიის სცენაზე ვიმღერე, ისე განვიცადე, არც მაქხოვს ვინ რა მითხრა. ახლა სიუჟეტს რამდენჯერმე ვუყურე და ვცდილობ ყველა შენიშვნა გავითვალისწინო, რომელიც ჟიურიმ მომცა. დათო ევგენიძის შეფასებებმა, ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა.

 

- მამა როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

 

- მამა ყოველთვის მეუბნებოდა, შენ ის საქმე უნდა აკეთო, რომელიც შენი არისო. ჩემი საქმე მუსიკაა, ამიტომ გაეხარდა როცა პროექტში მივიღე მონაწილეობა და თბილისშიც იყო ჩამოსული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი