logo_geo
სოფია სებისკვერაძე თავის უცხოპლანეტელს ვერ ელევა...
- +

12 ივლისი. 2018. 02:58

 

 

რა ასოციაციას, ემოციას იწვევს ესა თუ ის სიტყვა და რა მოგონებას აღძრავს ის - მსახიობი სოფია სებისკვერაძე სიტყვათა ჩამონათვალზე სხვადასხვა ამბავსა და ეპიზოდს იხსენებს.

 

პირველი დიდი სცენა, როლი...

- 13 წლის ვიყავი, როცა ქუთაისის მესხიშვილის თეატრში პოლიკარპე კაკაბაძის "სამ ასულში" ერთ-ერთი დის როლს ვასრულებდი. რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი იყო, რამდენიმე გოგონა შეგვარჩია და დაგვამტკიცეს. სპექტაკლში პროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობდნენ. თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა სცენაზე დავდექი, რადგან ბავშვობიდან ხან ვმღეროდი, ხან ვცეკვავდი... გარდა ამისა, სამსახიობო პროფესიას პირველად ბავშვთა მუსიკალურ თეატრში სიარულისას შევეხე, ჩვენი ხელმძღვანელი მარინა ტყაბლაძე იყო.

აფიშა...

- აფიშასთან ის სპექტაკლები ასოცირდება, რასაც ვთამაშობ. თეთრი ქაღალდი წითელი ასოებით.

ეპიზოდი...

- სცენაზე დგომა ან გადაღებაზე ყოფნა ყოველთვის ძალიან ემოციურადაა დატვირთული. ბოლოდროინდელ ამბავს გავიხსენებ: ახმეტელის თეატრში გვაქვს სპექტაკლი - "დედა", რომელიც ომის თემატიკაზეა. ბოლო სცენა იყო დარჩენილი, როცა დენი გაითიშა, მსახიობები სცენაზე დავრჩით, ხოლო სცენის ბიჭებმა და ხალხმა ფარნები მოგვანათეს. თემატურად ეს ძალიან მოუხდა და იმ სიჩუმეში ვითამაშეთ. ეს ყველაფერი ემოციური და შთამბეჭდავი იყო, მაყურებელსაც ძალიან მოეწონა.

ადამიანი, რომლისგანაც ყველაზე მეტი რამ ვისწავლე...

- კონკრეტულად ვერავის დავასახელებ, რადგან ჩემს ცხოვრებაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. შეიძლება, პირადად არც კი ვიცნობდე, მაგრამ მისი ლექციები მომისმენია ტელევიზიით თუ ინტერნეტით. შეიძლება ეს იყოს მწერალი, პუბლიცისტი თუ სხვა. ამ შემთხვევაში, მშობელს არ ვგულისხმობ, რადგან ეს კიდევ უფრო სხვა რამეა, უფრო შენიანია.

ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად დამეხმარა ცხოვრებაში...

- დედა და ჩემი შვილი.

სასურველი როლი...

- ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის პერსონაჟებს ვითამაშებდი. ამ დროს საკუთარ თავშიც სხვა თვისებების აღმოჩენას იწყებ და ეს საინტერესოა. კონკრეტული კლასიკური პერსონაჟების თამაშზე ბავშვობისას უფრო ვოცნებობდი, ახლა მთავარია, საინტერესო და განსხვავებული იყოს, კარგი სახე გამოვიდეს.

ქალში მთავარია...

- ბედნიერების აღქმა იცოდეს, ეს უნარი ჰქონდეს, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში ბედნიერად იგრძნოს თავი.

სილამაზე - იარაღი თუ მტერი?

- გააჩნია, როგორ გამოიყენებს, ორივე შეიძლება იყოს. ალბათ, ორივეა. მე აქცენტებს გარეგნობაზე არ ვაკეთებ, შინაგანი მხარე გაცილებით მნიშვნელოვანია.

ქერა...

- ქერა ადამიანს დოგმატურად არ ვუყურებ, რადგან ბევრი ქერა შეღებილია. ყველა ადამიანი ინდივიდია, სხვადასხვანაირია, სულელი შავგვრემანიც შეიძლება იყოს და ქერაც.

მაკიაჟი...

- ეს არის ქალისთვის აუცილებელი რამ, ოღონდ ზომიერება აქაც საჭიროა. ამშვენებს, განწყობას უქმნის, თავდაჯერებულობას მატებს. ქალის კარგი განწყობა კი სხვებისთვისაც გადამდებია.

აქსესუარები, სამკაული...

- ვერ ვმეგობრობ... ჩემი აქსესუარი ტელეფონია, რომელიც სულ თან დამაქვს.

შოპინგი...

- არ მიყვარს. ზოგჯერ მაქვს განწყობა, წავიდე და რაც მომეწონება, ვიყიდო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შოპოჰოლიკი ვარ.

ფლირტი...

- ფლირტი დიდად ჩემეული არ არის. ამით დიდად ვერ ვერთობი, არაჩემეულია. თუმცა, მსუბუქი ფლირტი ალბათ, რაღაცნაირი "გადარეფრეშებაა".

მეგობრობა...

- აი, ეს კი ერთადერთი ყველაზე უნიკალური და ძვირფასი რამაა. თუ ადამიანთან არ მეგობრობ, მას ვერც შეიყვარებ. გოგო იქნება ეს თუ ბიჭი, შვილი თუ სხვა ვინმე, მეგობრობა უპირველესია და ყველაფერი ამით იწყება. მეგობრობა ჩემთვის დიდ პატივისცემასა და სიყვარულთან ასოცირდება.

ღალატი...

- ეს სისუსტეა. მოღალატე ადამიანი ალბათ, საკუთარი თავის მტერია, რადგან ვინც ხშირად აკეთებს ამას (აქ მხოლოდ სექსუალური კავშირი არ იგულისხმება), ის საკუთარ თავს ღალატობს. მგონია, ასეთი ადამიანი მარტო რომ დარჩეს, საკუთარ მესთან არაკომფორტულად იგრძნობს თავს.

ნდობა...

- თავდაჯერებელ, შემდგარ ადამიანებს ხომ უფრო ვენდობით, ვიდრე გაიძვერა და არშემდგარ ტიპებს? ასე რომ, ნდობა ჩემთვის ისევ მეგობრობასთან, სიძლიერესთან ასოცირდება. ძლიერი პიროვნებაა სანდო.

ინტრიგანი...

- ინტრიგან ადამიანებს გავურბივარ, რადგან ინტრიგებში ჩართვა, თამაში და გაიძვერობა სწორად არ მიმაჩნია. თუ ასე გინდა თამაში, სცენაზე დადექი, იქ ითამაშე და იქვე დაასრულე ყველაფერი. ინტრიგების ხლართვა მხოლოდ ეკრანზე ან სცენაზე მხიბლავს, ცხოვრებაში არა!

კონსერვატორი...

- ცოტა პედანტია, გასული საუკუნის ადამიანებს მაგონებს... მოწესრიგებულობასთან უფროა დაკავშირებული.

რეკვიზიტი...

- სხვათა შორის, ერთ-ერთი სპექტაკლის რეკვიზიტი სახლში "მყავს" - უცხოპლანეტელი. ის სპექტაკლი რამდენიმე წელია, აღარ იმართება და "წამოვიყვანე".

90-იანების ნივთი...

- მახსენდება, მაგალითად, რადიო, რომელსაც თან ნათურა ჰქონდა და დასადგამი ფარნის ფუნქციას ასრულდებდა; ასევე, ნავთქურები; სანთლის ან ლამპის შუქზე, რომელიც ხშირად იკვამლებოდა, მზესუმზირა და წიგნის კითხვა.

თავისუფლება...

- თავისუფლება რომ შეიგრძნო, შენი თავი უნდა გაიცნო და შენს თავს რომ იცნობ, უკვე იცი, რაც გინდა. თავისუფლება სურვილებთან გამკლავებაა, ცხოვრებით ტკბობა და ა.შ. ბევრი რამეა. თუ გინდა, ცხოვრება შეიგრძნო, რა თქმა უნდა, თავისუფალი უნდა იყო.

ღიმილი...

- ერთ-ერთი სიმღერა მახსენდება, სალვადორ დალის "ტუჩები"; უპირველესად კი - ლიკა ქავჟარაძე, მარიტა, თავისი უმშვენიერესი და წრფელი ღიმილით.

ტალღა...

- წლების წინ, ბავშვობისას, შტორმში მოვყევი... დასასვენებლად მივდიოდით და ფოთიდან სოჭში უნდა გადავსულიყავით. ძალიან უსიამოვნო ემოცია იყო და დღემდე მახსოვს. იმის მერე, ზღვის ყოველთვის მეშინია.

კოცონი...

- ტომებთან ასოცირდება, საღამოობით კოცონს რომ დაანთებენ და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავენ. აბორიგენებს მახსენებს, აფრიკის ტყეებს, ჯუნგლებს.

საქანელა...

- საქანელა ჩემთვის რომანტიკულია. მახსენებს შლაპას და ქალის მაქმანებიან საცვალს.

მოზაიკა...

- ბევრი შუქი და ბევრი ფერი. სხვადასხვა ფერთან ასოცირდება. ბავშვობისას, მოზაიკის ყურება ძალიან მიყვარდა.

ძველი სახლი...

- სხვათა შორის, ეს მოზაიკასთანაც ასოცირდება. ჩემი ბავშვობისას, ერთი სახლი იყო, რომლის გარე ფასადი სწორედ მოზაიკით - წვრილ-წვრილი ფერადი მინებით იყო მოპირკეთებული და ყველაფერი ძალიან ბზინავდა, ბრჭყვიალებდა. მომწონდა ამ სახლის ყურება და მამას ვთხოვდი, იმ ქუჩით გაგვევლო, რომ ის სახლი დამენახა.

ზაფხული...

- დასვენება, ზღვა, სიმწვანე.

შვილი...

- ჩემთვის ყველაფერია. ათვლის წერტილი. რაღაც წერტილიდან რომ იწყებ და ისევ ამ წერტილს უბრუნდები, რაღაც ასეთი.

ცხოვრებისეული სიმდიდრე...

- ჩემი შვილი და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემი ცხოვრება შეცვალა, რაღაცები მასწავლა.

ბედნიერება...

- ბევრი რამაა. მე გამოვყოფდი "მოკლე ბედნიერებებს" და "გრძელ ბედნიერებებს". ბედნიერებაა, თუ შენი თავის რეალიზაცია შეგიძლია. ბედნიერებების შეგრძნება უკვე ბედნიერებაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი