logo_geo
ოცნება, რომელიც ირაკლი ჩხიკვიშვილმა ვერ აისრულა...
- +

12 ივლისი. 2018. 20:30

 

 

რაკლი ჩხიკვიშვილი პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო. ვაკელი ზურაშას როლმა მას პოპულარობა მოუტანა. როგორ მოხვდა სერიალში, რა დროს მიდის რისკზე, რას ფიქრობს პოპულარობაზე, არის თუ არა შეყვარებული და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს, მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

 

- დაბადების თარიღი...

 

- ...1985 წლის 1-ლი ივლისი.

 

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

 

-...ექიმი. არ მახსოვს, ამ პროფესიის მიმართ ინტერესი როგორ გამიჩნდა. ქირურგობა მომწონდა და გატაცებული ვიყავი, მაგრამ ეს ბავშვობის აუხდენელ სურვილად დარჩა. პროფესიით სამართალმცოდნე და მარკეტოლოგი გახლავართ. დრამატურგიასთანაც "ახლოს ვარ". ძირითადად, ბიზნესით ვარ დაკავებული და მიღებულ განათლებას ამ საქმიანობაში ვიყენებ.

 

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

 

- ...შემთხვევით მოვხვდი. ჩიკას როლის შემსრულებელი ანი ჩირაძე ჩემი მეგობარია. მან მთხოვა, ეპიზოდურ როლზე თამაშს დავთანხმებოდი და ეს "ეპიზოდი" დიდხანს გაგრძელდა.

 

- პოპულარობა, რომელიც ზურაშას როლმა მომიტანა...

 

- ...ცოტათი მეხამუშება, მიუხედავად იმისა, რომ ჩაკეტილი ცხოვრება არასდროს მქონია. ზოგადად, მიყვარს წვეულებები და ყველგან დავდივარ, მაგრამ სერიალი იმდენად მასშტაბურია, ყურადღებას და სითბოს უკვე სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც ვგრძნობ, რაც სასიამოვნოა, თუმცა - უცხო.

 

- ჩემზე ამბობენ...

 

- ...სულ სხვადასხვანაირი ვარ, შესაბამისად, შეფასებებიც სხვადასხვანაირი მესმის.

 

- ბედნიერი ვარ, რომ...

 

- ...ვარსებობ, ჯანმრთელი ვარ და ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები კარგად არიან.

 

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

 

- ...ეს ერთგულებაა.

 

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

 

- ...სიზარმაცე და რიგ შემთხვევებში, ზედმეტი თავმოყვარეობა, მაგრამ არა - ამპარტავნება. თავმოყვარეობა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქაც ოქროს შუალედის დაჭერაა საჭირო.

 

- არ მჩვევია...

 

- ...ღალატი.

 

- ჩემთვის მიუღებელია...

 

- ...ღალატი.

 

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

 

- ...ყოველდღე მზიანი დილა გათენდეს. მზე ძალიან მიყვარს. რომ ვხედავ, უკვე კარგი განწყობა მეუფლება. წვიმა ხასიათს ვერ მიფუჭებს, თუმცა მზე მირჩევნია.

 

- მეშინია...

 

- ...ფრენის, უფულობის, ამ შემთხვევაში სიმდიდრეს არ ვგულისხმობ, უფრო სწორი იქნება, სოციალურად დაუცველობას თუ ვიტყვი. მეშინია, ვინმეზე არ ვიყო დამოკიდებული, თუნდაც, სიბერეში.

 

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

 

- ...გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ. აქედან გამომდინარე, ადამიანი გარეგნობით არც არასდროს შემიფასებია. გოგო შეიძლება ერთი შეხედვით მომეწონოს, მაგრამ ჩემთვის მთავარი ეს არ არის. მისი შინაგანი ბუნება გაცილებით საინტერესოა. კაციც საქციელით და მამაკაცურობით უნდა გაზომო. კარგი გარეგნობის ბევრი ადამიანია, მაგრამ ურთიერთობის სურვილს ვერ აღძრავს.

 

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

 

- ...ძალიან ბევრი რამ. სათანადოდ არ მოვინდომე და საკუთარი თავისთვის რაღაცების დაძალება ვერ ვისწავლე. სურვილი თუ არ მაქვს, არასდროს არაფერს ვაკეთებ.

 

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

 

- ...მაქებენ, მით უმეტეს, თუ ეს საჯაროდ ხდება.

 

- პატიება შემიძლია...

 

- ...როცა ადამიანის სინანული გულწრფელია.

 

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

 

- ...საკუთარი თავის მართვა.

 

- ვნანობ...

 

- ...სინანულზე ლაპარაკი არ გვინდა, გთხოვ.

 

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

 

- ...არის სიზარმაცე.

 

- ამ წუთში მინდა ვიყო...

 

- ...ის, ვინც ვარ. მეოცნებე ნაკლებად გახლავართ, ადრიანა ლიმასთან ერთად ყოფნა რომ ვინატრო. რეალისტი ვარ, მიწაზე მყარად ვდგავარ.

 

- ვიბნევი..

 

- ...არასდროს.

 

- სიყვარული ეს...

 

- ...ღმერთია, - როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა.

 

- პირველად რომ შემიყვარდა...

 

- ...ძალიან პატარა ვიყავი და გამოვაცხადე, რომ მიყვარდა. საბავშვო ბაღიდან დაწყებული, სულ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ მართალი და ჭეშმარიტი სიყვარული გვიან ასაკში ვიგრძენი.

 

- ახლა შეყვარებული...

 

- ...არ ვარ.

 

- სასურველი გოგო უნდა იყოს...

 

- ...კრიტერიუმები და ჩარჩოები არ მაქვს. არის თვისებები, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს, არა მხოლოდ გოგოს, არამედ ჩემ გვერდით მყოფ მეგობრებს. ის აუცილებლად ერთგული უნდა იყოს, საინტერესო და კარგად მოსაუბრე. გარეგნობა არის დამატებითი კომპონენტი, რომელმაც შეიძლება თავიდან მოგხიბლოს, მაგრამ მონათესავე სული თუ არ აღმოჩნდა, როგორი ლამაზიც უნდა იყოს, უინტერესო იქნება. ჭეშმარიტი სიყვარული სწორედ ეს მეგობრობა და სულის ნათესაობაა და არა ერთი დანახვით გადარევა და მერე აღმოჩენა, რომ მასთან საერთო არაფერი გაქვს. სულ მაგაზე ვიცინი, ბიჭებს გოგონები ცოლებად მხოლოდ სილამაზის გამო რომ მოჰყავთ. სილამაზე ხომ წარმავალია, 80 წლის რომ გახდებიან, მერე ვის ან რას უნდა ელაპარაკონ?

 

- ერთდროულად ორ გოგოსთან ფლირტი...

 

- ...მქონია, მაგრამ რომანი - არასდროს, ეს ამორალურად მიმაჩნია, პრინციპულად ვეწინააღმდეგები. როცა თავისუფალი ვარ, შეიძლება მხოლოდ ორს კი არა, ხუთ გოგოსაც გავეპრანჭო.

 

- თავისუფლება...

 

- ...ბევრ რამეს მოიცავს, დაუწერელი კანონივითაა. თავისუფლება არ არის განცდა "რასაც მინდა, იმას ვიზამ". თავისუფალი ადამიანი საკუთარ თავს გარკვეულ ჩარჩოში აქცევს, მაგრამ ეს შეზღუდვა მას ბედნიერს და წარმატებულს ხდის.

 

- ხშირად მსაყვედურობენ...

 

- ...არაპუნქტუალურობის გამო. დროის შეგრძნება საერთოდ არ მაქვს. აი, უყურადღებობას კი ნამდვილად ვერ დამაბრალებენ.

 

- ბედისწერის...

 

- ...მჯერა, თუმცა მტკიცედ მწამს, რომ თავად შეგვიძლია კორექტივები შევიტანოთ.

 

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

 

- ...დავარიგებდი, ჩემი იდე ფიქსი და ცხოვრების მიზანი ბევრი ფულის მოხვეჭა არასდროს ყოფილა. მთავარია, ჩემი სამყოფი მქონდეს.

 

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

 

- ...ვიძინებ. ფიცხი ხასიათი მაქვს და ვცდილობ, დაძაბულობის დროს გადაწყვეტილებები დასვენებული, ცივი გონებით მივიღო.

 

- წონასწორობიდან გამოსვლა...

 

- ...წლების წინ მჩვეოდა. ბოლო დროს რადიკალური ცვლილებები განვიცადე, წონასწორობას აღარ ვკარგავ. ადრე არ ვუფიქრდებოდი, რომ საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, მამაკაცისთვის შესაფერისი და საკადრისი საქციელი არ არის.

 

- როცა მარტო ვარ...

 

- ...ეს ძალიან იშვიათად ხდება.

 

- ადამიანი, ვისი აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია...

 

- ...მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას მოვუსმინო, ყველას ნათქვამი გავიაზრო, მაგრამ ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით ვიღებ, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მამა გარდაიცვალა. დედის რჩევებს ხშირად ვისმენ.

 

- ვრისკავ...

 

- ...ძალიან ხშირად, მაგრამ არასდროს - სულელურად. ვმოქმედებ, ვიცი, ვიაზრებ რას ვაკეთებ, ხშირად "ვა-ბანკზეც" მივდივარ.

 

- ვჯიუტდები...

 

- ...ძალიან იშვიათად. კამათიც არ მიყვარს, მით უმეტეს, საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას.

 

- ვიტყუები, როცა...

 

- ...ამას აუცილებლობა მოითხოვს. არის მომენტები, როცა უმჯობესია, ტყუილი თქვა, ვიდრე - სიმართლე. ხშირად პირდაპირი ვარ, მაგრამ არის მომენტები, როცა ჩემი პირდაპირობა არც საქმესა და არც ურთიერთობებში საჭირო არ არის. ლავირების უნარი მაქვს.

 

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

 

- ...ისე გავიზარდე, ბევრი დარიგება არც დამჭირვებია, კონკრეტული არაფერი მახსენდება.

 

- დაბოლოს, გეტყვით...

 

- ...ბოლო დროს საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვაა. ყველანი ვეცადოთ, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე, წონასწორობა, ვეძებოთ მეტი პოზიტივი ერთმანეთში და ცხოვრება უფრო მეტად გაგვიადვილდება. ყველანი ვიყოთ თბილები, ღიმილიანები და საკუთარი თავები გავაბედნიეროთ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი