logo_geo
ნია წივწივაძე: შეყვარებულმა სიურპრიზი მომიწყო...
- +

13 ივლისი. 2018. 02:45

 

 

„მის საქართველოს“ - ნია წივწივაძეს მოგზაურობა ძალიან უყვარს. იტალიაში სტუმრობა ჯერ კიდევ ზაფხულის დადგომამდე მოასწრო და არდადეგების გაგრძელებას ბარსელონაში გეგმავს. ამჟამად, თბილისში იმყოფება...

 

- საზაფხულო არდადეგები მაისში დავიწყე - ჩემს ოჯახთან ერთად, რამდენიმე დღით იტალიაში ვიყავი. წინ კიდევ ბევრი საზაფხულო გეგმა მაქვს. ჯერჯერობით, თბილისში ვარ.

 

- საერთოდ, საზაფხულო არდადეგების გატარებას სად ამჯობინებთ?

 

- ჩემი ზაფხული ისე არ ჩაივლის, თუ ბათუმში ერთხელ მაინც არ წავედი - ეს ქალაქი ჩემთვის ყოველთვის პირველ ადგილზე დგას, რადგან ზღვაზე, ცურვაზე ვგიჟდები!.. ასევე, მეგობრებთან ერთად, ყაზბეგში დროის გატარებაც მიყვარს. ბოლო დროს, საქართველოში დასასვენებელი ადგილების სიას კახეთიც დავამატე - იქაურობა ძალიან მომწონს.

 

- დასასვენებლად გამგზავრებისთვის მოსამზადებლად რამდენი დრო გჭირდებათ?

 

- გააჩნია, სად მივდივარ. თუ ზღვაზე მივემგზავრები (მაგალითად, ბათუმში), ცოტა დრო დამჭირდება - ალბათ, ჩემთვის მხოლოდ ერთი "კუპალნიკი" და რამდენიმე სარაფანია საჭირო, რადგან გამოპრანჭვა, მაღალქუსიანი ფეხაცმელებით სიარული მგონი, პლაჟისთვის შეუფერებელია; თუ საზღვარგარეთ მივემგზავრები, მაშინ საკმაოდ ხანგრძლივი მომზადება მჭირდება.

- ყურადღებას აქცევთ, როგორი საცურაო კოსტიუმებია მოდური?

 

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად, იმას ვაკვირდები, მე რა მიხდება. ბოლო დროს ე.წ. მყვირალა ფერები ამოვიჩემე, რადგან ნამზეურს უფრო მეტად უხდება. მაგალითად, ახლა ყვითელ "კუპალნიკს" ვეძებ, მაგრამ მე რომ მინდა ისეთი, ჯერ ვერ ვიპოვე.

 

- გარუჯვა თქვენთვის მოსაწყენია?

 

- გარუჯვაზე ვგიჟდები! შემიძლია, დილიდან საღამომდე პლაჟზე ვიყო, ოღონდ მხოლოდ გარუჯვის გამო არა: საერთოდ, ცურვა ძალიან მიყვარს. ვცურავ, პლაჟზე ამოვდივარ, ვირუჯები... მთელ დღეს ისე გავატარებ, რომ წამითაც არ მომბეზრდება და სახლში წასვლა არ მომინდება.

 

- კარგად ცურავთ?

 

- კი, ბავშვობიდან ვცურავ. დაახლოებით 10 წლისა ცურვაზე დავდიოდი. მეუბნებოდნენ, - ამ საქმეს გავყოლოდი. უბრალოდ, სპორტის ეს სახეობა ცოტათი ჩემგან "შორს" იყო - პროფესიონალი მოცურავე ვერ გავხდებოდი, ამაზე არ მიფიქრია, თორემ დიახ, კარგად ვცურავ.

 

- ცურვისას ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოჩენილხართ? იქნებ, ვინმე წყალში დახრჩობისგან გიხსნიათ კიდეც?

- მე - არა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, გონიოში, ჩემმა მეგობარმა ვიღაც ქალბატონი დახრჩობას გადაარჩინა - ეს ყველაზე ექსტრემალური სიტუაცია იყო, რასაც შევსწრებივარ. ალბათ, ის ემოციები არასოდეს დამავიწყდება.

 

- გარეგნობის გამო, ალბათ, პლაჟზე ყურადღებას იქცევთ...

 

- წლების წინ, როცა ასეთი პოპულარული არ ვიყავი, დამსვენებლებს ყოველთვის უცხოელი ვეგონე. მოდიოდნენ და რუსულად მესაუბრებოდნენ. ალბათ, რადგან ქერა ვარ, ასე ამიტომ ფიქრობდნენ.

 

- ზაფხულში წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობის გულწრფელობის გჯერათ?

 

- სხვათა შორის, საზაფხულო რომანი არასოდეს მქონია, რადგან რამდენიმედღიანი გართობისთვის ურთიერთობის წამოწყება არ მომწონს, მაგრამ არ ვიცი - შეიძლება, ვინმესთვის საზაფხულო რომანი სერიოზული გამოდგა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მიცდია.

 

- საზაფხულო გარდერობს ყოველთვის აახლებთ?

 

- კი, განსაკუთრებით - საცურაო კოსტიუმებს. შემიძლია, უზომო რაოდენობის ვიყიდო - სხვა რამე არ შევიძინო, მაგრამ "კუპალნიკი" ვიყიდო, რადგან ზაფხულში ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესია, ასევე - ფერადი სარაფნები, შორტები და სანდლები.

 

- ზაფხულის სეზონისთვის სხეულს განსაკუთრებულად ამზადებთ ხოლმე?

 

- კი, ყოველთვის. განსაკუთრებით კანზე ვზრუნავ: ნამზეურის მიღებამდე, პილინგს ვიკეთებ, რომ შემდეგ უკეთ გავირუჯო, კარგი ფერი მივიღო. ყოველ წელს ასე ვიქცევი. საერთოდ, ძალიან თეთრი კანი მაქვს. შეიძლება, მზის გულზე ისე დავიწვა, რომ მერე მზეზე საერთოდ ვეღარ გავიდე. ამიტომ პილინგს ვიკეთებ და ნელ-ნელა ვირუჯები, ნამზეურის ფერს ვინარჩუნებ.

 

- ზაფხულში თმას როგორ უვლით?

 

- მზე თმას აფუჭებს. კარგი ის არის, რომ მზის გულზე თმა ხუნდება, უკეთესი ფერის ხდება. როდესაც ზღვისპირეთიდან ვბრუნდები, თმას მერე ვუვლი. იქ მოვლას აზრი არ აქვს - მზეზე რომ გავალ, მაინც გაფუჭდება. თბილისში დაბრუნებული, სალონში ნიღაბს ვიკეთებ, რის შედეგადაც თმა მბზინვარე და უკეთესი ხარისხის ხდება.

 

- მაკიაჟს იკეთებთ?

 

- ზაფხულში ჩემი მაკიაჟი მხოლოდ ტუშის წასმით შემოიფარგლება. შეიძლება, "ბლესკიც" წავისვა, სხვა არაფერი. ტონალურ კრემს არ ვიყენებ, როცა გარუჯული ვარ. რეკომენდებულიც არ არის, რომ ზაფხულის სიცხეში "მძიმე" მაკიაჟი გესვას - სახის კანს არ უხდება.

 

- რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი, განსაკუთრებული შთაბეჭდილებები რომელთან გაკავშირებთ?

 

- მიმაჩნია, რომ იტალია ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებულია. თავისი გამორჩეული თვისებებით, საოცარი ქვეყანაა!.. ზაფხულობით თურქეთში დავდიოდი, მაგრამ ეს ქვეყანა ჩემთან "ახლოს" არაა. უფრო მეტად, ქუჩებში ხეტიალი, ღირსშესანიშნაობების ნახვა მომწონს. ამიტომ ჩემს გემოვნებას იტალია და, რა თქმა უნდა, ესპანეთი უფრო შეესაბამება. ესპანეთიდან ბარსელონას გამოვარჩევ, რომელიც ჩემთვის საოცნებო ქალაქია. თბილისის შემდეგ, ალბათ, ბარსელონაში დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

 

- ეს ქალაქი რით გიზიდავთ?

 

- პირველ რიგში, იმით, რომ ულამაზესი ქალაქია და შემიძლია, მთელი დღე ვისეირნო, არ მომბეზრდება... ვერ ვიტყვი, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი-მეთქი, მაგრამ გახლდით გერმანიაში, ჩეხეთშიც... ესპანეთი და იტალია უფრო მეტად მომწონს - ალბათ, ზღვა რომ მიყვარს, მათ კიდევ უფრო მეტად ამიტომაც ვანიჭებ უპირატესობას.

 

- უცხოეთში მოგზაურობისას გაუგებრობაში აღმოჩენილხართ? იქნებ, დაკარგულხართ?

 

- სხვათა შორის, არასდროს ვიკარგები, რადგან ნებისმიერ ქალაქში გამგზავრებამდე, ყოველთვის "გუგლში" ვეძებ, რა როგორ ვნახო, წასვლა სად ჯობია, რომელ ბარში ვჭამო, სად ვიშოპინგო, უკეთესი პლაჟი სადაა და ა.შ. ყველაფერს ვამოწმებ. ადგილზე ჩასულმა ქალაქის რუკა უკვე ზეპირად ვიცი. მეგობრები მეუბნებიან, - გიდი ხარო.

 

- უცხოეთში ადგილობრივებს იოლად უმეგობრდებით?

 

- კი, ქართველებსაც დავმეგობრებივარ და უცხოელებსაც, მაგრამ სადაც ნამყოფი ვარ, იქ ბევრმა ინგლისური არ იცის, მე კი ესპანურ და იტალიურ ენებს კარგად არ ვფლობ, მაგრამ რაღაცნაირად, ერთმანეთს სათქმელს ვაგებინებთ. სადაც ვყოფილვარ, ყველგან გულთბილად შემხვედრიან.

 

- მშობლების გარეშე, უცხოეთში პირველად როდის გაემგზავრეთ?

 

- 18-19 წლის ვიყავი, როცა 2 თვით შანხაიში გავემგზავრე (სამოდელო შემოთავაზების გამო). შანხაი ევროპის ქალაქებისგან რადიკალურად განსხვავდება - აბსოლუტურად სხვა სიტუაციაში აღმოვჩნდი. ეს ჩემთვის უცხოეთში პირველი ვიზიტი იყო. ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ დიდი გამოცდილება შევიძინე. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ახლა არსად ვიკარგები, რადგან შანხაი ისეთი დიდი ქალაქია, იქ თუ გაიკვლიე გზა შემდეგ არასდროს არსად დაიკარგები.

 

- პირველად უფროსების გარეშე დასასვენებლად როდის წახვედით?

 

- ზუსტად არ მახსოვს, რამდენი წლის ვიყავი. მეგობრებთან ერთად, ბათუმში გამიშვეს. ყველაზე მაგარი განცდა დამეუფლა, რადგან ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული! თან, მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად ისვენებ. ისეთი მეგობრები მყავს, რომ მათთან ერთად თავს არაკომფორტულად არასდროს იგრძნობ... ამიტომ მშობლები, პირველ რიგში, მე მენდნენ, შემდეგ - ჩემს მეგობრებს და დასასვენებლად გამიშვეს.

 

- ახლა როგორი საზაფხულო გეგმები გაქვთ?

 

- შეყვარებულმა სიურპრიზი გამიკეთა და ბიონსეს კონცერტის 2 ბილეთი მაჩუქა. ჩემს მეგობრებთან ერთად, დაახლოებით 2 კვირაში ბარსელონაში მივემგზავრები. შემდეგ, რა თქმა უნდა, ბათუმის ჯაზ-ფესტივალს დავესწრები...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი