logo_geo
„შეყვარებული ვარ“ – „ვატიკანას“ პირადი ცხოვრება...
- +

13 ივლისი. 2018. 03:28

 

 

„ჩემი ცოლს დაქალებში" ვატიკანას როლის შემსრულებელი ლევან ლაშხი პოპულარული სერიალში გამოჩენისთანავე გახდა. ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან უყურადღებობას არც მანამდე უჩიოდა. მისი დებიუტი ეროტიკულ ფილმში - „ელიტური დახმარება" შედგა. რა უბნელია "ვატიკანა", წერს თუ არა ლექსებს, ვისზეა შეყვარებული და რა აღიზიანებს ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

 

- დაბადების თარიღი

 

- ...1990 წლის 21 დეკემბერი.

 

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

 

- ...მსახიობი. სულ ამ პროფესიაზე ვფიქრობდი, მაგრამ ბავშვობაში შემაშინეს და მეტყველების მცირე პრობლემა შემექმნა. იძულებული გავხდი, სხვა არჩევანი გამეკეთებინა. ვნანობ, რომ ასე მოხდა, თეატრალურში რომ ჩამებარებინა, ეს პრობლემა დაიძლეოდა. ეკონომისტი ვარ და ძალიან მინდა, პროფესიონალი მსახიობი ვიყო.

- ჩემზე ამბობენ...

 

- ...რომ ძალიან მეგობრული, კომუნიკაბელური და თბილი ვარ. ჩემით ოჯახის წევრებიც ამაყობენ. ჩემს პერსონაჟზე, - ვატიკანაზე ამბობენ, რომ ლექსების წერა უნდა გააგრძელოს, საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს არ დანებდეს. მას ასე ცუდად არ უნდა მოჰქცეოდნენ.

 

- ბედნიერი ვარ, რომ...

 

- ...დავიბადე ოჯახში, რომელიც უზომოდ მიყვარს. კარგად აღმზარდეს. პაპა - ლევან ლაშხი ხელოვანი იყო, ანსამბლ "წინანდალში" წლების განმავლობაში მღეროდა. ბედნიერი ვარ, რომ კარგი მეგობრები მყავს, მე - ისინი და მათ მე ვეიმედები. მაბედნიერებენ სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებიც ჩემ მიმართ დადებითად არიან განწყობილი, მცნობენ და სითბოს გამოხატავენ. ბოლო დროს ზედმეტად პოპულარული გავხდი. ნარცისი არ ვარ, მაგრამ პოპულარული გარკვეული დოზით სერიალში გამოჩენამდეც ვიყავი.

 

- ეროტიკულ სერიალში "ელიტური დახმარება"...

 

- ...გასულ წელს გადამიღეს. ამ სერიალში ჩემი დებიუტი შედგა, მაგრამ "ჩემი ცოლის დაქალები" იმდენად მასშტაბურია, დღეს ყველგან მცნობენ. დამინახავენ თუ არა, ამბობენ - "აი, ვატიკანა". ვაკელი არ ვარ, საბურთალოზე ვცხოვრობ.

 

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

 

- ...ყველას მიმართ კეთილი ვარ, ყველა ადამიანში დადებითს ვეძებ.

 

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

 

- ...ზოგჯერ უყურადღებო ვარ, ცოტათი "ფეხებზე მკიდიაც".

 

- ჩემთვის მიუღებელია...

 

- ...ბანალურობა, ეს ისაა, რაც ძალიან მაღიზიანებს.

 

- არ მჩვევია...

 

- ...კონფლიქტის დაწყება, ადამიანებთან დაძაბული ურთიერთობები.

 

- ჩემი პირველი წარმატება...

 

- ...ალბათ ეს სერიალი და ვატიკანას როლია. "ელიტურ დახმარებაში" თამაში საინტერესო იყო, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე იმ ყველაფრისგან, რასაც ვაკეთებდი. მაგრამ ისეთივე მასშტაბური არ იყო, როგორც "ჩემი ცოლის დაქალები".

 

- ეროტიკულ ფილმში უხერხულ კადრებში...

 

- ...გადაღების პრობლემა არ მაქვს. როცა რეჟისორს თანამშრომლობაზე თანხმდები, მსგავს სცენებში გადაღებაზე უარი აღარ უნდა თქვა. "ჩემი ცოლის დაქალებში" კასტინგის გზით მოვხვდი. ჯერ სოციალურ ქსელში მეძებდნენ, მერე დამიბარეს, მივედი, გადავიღეთ, რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო.

 

- ჩემი პერსონაჟი ვატიკანა...

 

- ...თანდათან უფრო საინტერესო ხდება. მისი ხასიათის შექმნაში ილო ბეროშვილის პერსონაჟი ძალიან დამეხმარა.

 

- საკუთარ გარეგნობაში შევცვლიდი...

 

- ...დღეს აღარაფერს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ თმის ცვენა რომ დამეწყო, ძალიან განვიცდიდი. მაშინ რომ გეკითხა, აუცილებლად თმას დავსახელებდი.

 

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

 

- ...უფრო და უფრო წინ წავიწიო იმ საქმეში, რომელსაც ვაკეთებ.

 

- მეშინია...

 

- ...ძაღლებისა და სიმაღლის. ფრენის არ მეშინია, უბრალოდ, ფანჯარასთან ვერ ვჯდები, ვერ გადავიხედავ.

 

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

 

- ...გერმანული ენა.

 

- მეზარება...

 

- ...დილით ადრე ადგომა, მართლა ყველაზე მეტად მეზარება.

 

- ყოველთვის მრცხვენია, როცა...

 

- ...წარსულში "მიქარული" ამბავი მახსენდება.

 

- ჩემი ყველაზე დიდი სუსუტე...

 

- ...აუ! რამდენი სისუსტე... ადამიანი რომ მაგრძნობინებს, დამყოლია, აი, მაგ დროს ყველაფრის დავიწყება შემიძლია, ასეთი პიროვნებები ძალიან მიზიდავს. სიჯიუტე მაღიზიანებს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

 

- ...ცოტათი მსიამოვნებს, ცოტათი მრცხვენია, ცოტათი მეამაყება.

 

- პატიება შემიძლია, თუ...

 

- ..."თუ" არ უნდა, მარტივად შემიძლია.

 

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

 

- ...შეიძლება ითქვას, რომ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული. ყველაფერი, რაც დღეს ვიცი, სწორედ ამ შეცდომებზე მაქვს ნასწავლი.

 

- ვიბნევი...

 

- ...არ ვიბნევი, ასეთი სიტუაცია ბოლოს როდის იყო, არც მახსენდება.

 

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

 

- ...დასასვენებლად, სადმე კარგ ადგილზე. დიდი ხანია, აღარ დამისვენია. დიდი სიამოვნებით წავიდოდი ევროპაში, ერთ კარგ ტურნეს მოვაწყობდი.

 

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

 

- ...იშვიათად ხდება, მაგრამ ეს ზოგჯერ უბრალო ამბის გამო, ზოგჯერ დიდი ხნის მოთმინების შემდეგ მომხდარა. ამ დროს ძალიან ცუდი ვხდები.

 

- სიყვარული...

 

- ...ერთდროულად კარგიც არის და მტკივნეულიც. წარსულში არაერთხელ მყვარებია. არ ვეთანხმები აზრს, რომ სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის. ის "პრიხოდი" არაერთხელ მქონია, რომელსაც ადამიანები პირველი სიყვარულის დროს განიცდიან. იყო პერიოდები, როცა ამ გრძნობისგან დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მაგრამ მერე დიდი ტკივილით სრულდებოდა.

 

- ახლა შეყვარებული...

 

- ...ვარ. ეს გოგონა არის ქეთი დათუაშვილი, მას ფართო საზოგადოება ჯერ არ იცნობს, მაგრამ მალე გაიცნობს. ძალიან კარგად მღერის და უკვე მზად არის, დიდი აუდიტორიის წინაშე წარდგეს; შესაძლოა რომელიმე პროექტშიც ჩაერთოს, ეს ფორმა ჯერ არ დაგვიგეგმავს.

 

- ჩვენს ურთიერთობაში სიურპრიზები, სიგიჟეები...

 

- ...სულ არის. ძალიან ვცდილობთ, ჩვენი ურთიერთობა არ გახდეს ბანალური და მოსაწყენი.

 

- ყველაზე დიდი სიგიჟე...

 

- ...რაც ჩამიდენია, მაგას ნუ მომაყოლებ, ძალიან პირადულში გადავალ.

 

- შეყვარებულს ლექსები...

- ...დამიწერია თუ არა? ლექსებს თინეიჯერობის წლებში ვწერდი, მაგრამ დიდი ხანია, საერთოდ აღარაფერი დამიწერია. ის ლექსებიც აღარ მახსოვს. ბუნებით რომანტიკოსი ვარ, მაგრამ გადარეული რომანტიკოსი - არა.

 

- ვრისკავ...

 

- ...იშვიათად, მაგრამ თან ვფრთხილობ.

 

- ხშირად მსაყვედურობენ...

 

- ...რომ ვარ უყურადღებო. ზოგჯერ ბევრი საქმის გამოც ხდება, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს ხასიათის ბრალია.

 

- თავისუფლება არის...

 

- ...ყველაფერი, მაგრამ არა ყველაფრის უფლება.

 

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

 

- ...ოჯახს, ახლობლებს დავეხმარებოდი, საკუთარ თავსაც მივხედავდი და სრულიად უცნობ ადამიანებზეც ვიზრუნებდი, რადგან ძალიან მინდა, ყველა ბედნიერი იყოს, ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას რა აჯობებს.

 

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

 

- ...ამ დროს საჭიროა, საკუთარ თავთან მცირე ხნით მაინც განვმარტოვდე და გონებიდან წავშალო ყველაფერი, რაც დაძაბულობას მიქმნის. ეს უნარი დროთა განმავლობაში გამოვიმუშავე.

 

- როცა მარტო ვარ...

 

- ...ვუსმენ მუსიკას. ჟანრი არ მაქვს ამოჩემებული, ყველაფერს ვუსმენ: ჯაზს, როკს, რეპს, კლასიკას...

 

- ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ...

 

- ...ასეთი პიროვნება არაერთია: ოჯახის წევრები, მეგობრები, საყვარელი ადამიანის აზრსაც ვითვალისწინებ, ოღონდ ყველაფერში არა.

 

- ვჯიუტდები...

 

- ...იშვიათად. ეს თვისება ჩემს ხასიათში გამოკვეთილი არ არის.

- ვიტყუები, როცა...

 

- ...წარსულში ბევრს ვიტყუებოდი. ახლა ვცდილობ, ხშირად არ მოვიტყუო. ზოგჯერ ისეთ გამოუვალ სიტუაციაში ვხვდები, ტყუილის თქმა მჭირდება და რა ვქნა?

 

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

 

- ...პაპამ მითხრა, კარგი ადამიანი იყავი და ყოველთვის სიკეთე აკეთეო. ვცდილობ, მისი დანაბარები ნაწილობრივ მაინც შევასრულო.

 

- დაბოლოს, გეტყვით...

 

- ...უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ეს ინტერვიუ წაიკითხა, ვინც უყურებს სერიალს და მგულშემატკივრობს. მადლობა სითბოსა და სიყვარულისთვის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი