logo_geo
თათია დოლიძე: გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი
- +

8 იანვარი. 2017. 12:04


 

„სასტაჟიორო კონტრაქტით ვიყავი ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვმუშაობდი. იქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე", - 24 წლის დიპლომატი, მოდელი და გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი თათია დოლიძე ჟურნალ „სარკესთან" მის პროფესიულ გზას იხსენებს. პატარა ასაკის მიუხედავად, მის მიერ განვლილი პროფესიული გზა, უკვე საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერია.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბაკალავრიატი დავამთავრე. სწავლის პერიოდში გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ ვიმყოფებოდი. ვილნიუსის უნივერსიტეტში ვსწავლობდი საერთაშორისო ურთიერთობისა და პოლიტიკის მიმართულებით. შემდეგ სტაჟირებაზეც ვიყავი იტალიაში, ეკოლოგიურ პროექტზე ვმუშაობდი იტალიის სკოლებში.

 

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მოვიგე ფონდ „ღია საზოგადოების" და მაასტრიხტის უნივერსიტეტის ერთობლივი სტიპენდია და მაასტრიხტში, ჰოლანდიაში გავემგზავრე სასწავლებლად ევროპათმცოდნეობის მიმართულებით, რომელიც წარჩინებით დავასრულე. ამის გამო, არაერთხელ გადავუხადე მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ ბაკალავრის დონეზე ისეთი საბაზისო ცოდნა მქონდა, შევძელი, წარმატებით დამესრულებინა მაგისტრატურა.

 

სასტაჟიორო კონტრაქტით ვიყავი ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვმუშაობდი. იქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, სამუშაო კონტრაქტი შემომთავაზეს. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ამის გამო გაფორმებულ კონტრაქტზე უარის თქმა მომიწია.

 

ეს ჩემთვის უკეთესი აღმოჩნდა, ბევრად სასურველი სამსახური ვნახე ისევ ბრიუსელში. კვლევით ცენტრში დავიწყე მკვლევრად მუშაობა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. იქ მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება, ასაკით ყველაზე პატარა თანამშრომელი ვიყავი. ბევრ კონფერენციაში მომიწია მონაწილეობა. მოკლედ, ბრიუსელი ძალიან მიყვარს, რადგან იქ თვითრეალიზაციის საშუალება მქონდა და თან შრომაც მიფასდებოდა.

 

ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევროპული სწავლების ინსტიტუტში დოქტორანტურის სტუდენტი ვარ. გრანტი მოვიპოვე და შარშან 10 თვე ჩეხეთში წავედი, რომ ჩემს კვლევაზე იქ მემუშავა, პარალელურად მაგისტრანტებს ვუკითხავდი ლექციებს. ამ საქმიანობას აქაც განვაგრძობ, მეორე სემესტრიდან ორ უნივერსიტეტში ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის ლექციებს წავიკითხავ", - ისაუბრა ინტერვიუში თათიამ.

 

„საქართველოში ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, მით უმეტეს, 99 პროცენტი ძალიან დადებითი შეფასებები იყო", - იხსენებს გაერო-ში გამოსვლას რესპონდენტი, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა. თათიას თქმით, ქართული საზოგადოება ძალიან კრიტიკულია, ამიტომ ის საქართველოში ტელევიზიით საუბრისას გაცილებით უფრო ნერვიულობს, ვიდრე თუნდაც მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

 

„გაერო-ს ახალგაზრდობის წარმომადგენლის კონკურსი როდესაც გამოცხადდა და მონაწილეობა მივიღე, ვიფიქრე, რომ ეს ისეთი პოზიცია იყო, რომლითაც მართლა შემეძლო რაღაცის გაკეთება.

 

ჩემთვის გაერო-ში ყველაზე მთავარი იყო, საქმე მაქსიმალურად კარგად გამეკეთებინა. თუნდაც ის, რომ საქართველოს სახელი იქ ხშირად გაისმოდა, მოწვევები მომივიდა, სხვადასხვა მისიის წარმომადგენლებისგან კარგი შეფასებები მივიღე, ეს იყო ის მიზანი, რისკენაც მივდიოდი.

 

საქართველოში ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი, მით უმეტეს, 99 პროცენტი ძალიან დადებითი შეფასებები იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი სატკივარი და პრობლემა ძალიან სწორად და ზუსტად დავაყენე.

 

საერთოდ, ქართველი საზოგადოება ძალიან კრიტიკულია. საქართველოში როდესაც მიწევს გამოსვლა ან ტელევიზიით საუბარი, უფრო ვნერვიულობ, ვიდრე თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე", - აღნიშნა თათია დოლიძემ. 




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი