logo_geo
ნუკი კოშკელიშვილი: ვცდილობ, ამერიკაში ქართული ტრადიციული სუფრა შევინარჩუნო
- +

8 იანვარი. 2017. 17:55


 

„სულ ვცდილობ, გოზინაყი, ხაჭაპური გავაკეთო და ქართული, ტრადიციული სუფრა შევინარჩუნო", - ისაუბრა ჟურნალ „სარკეში" ყოფილმა ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა. ის ახალი წლის ულამაზეს დღესასწაულს ამერიკაში ქმართან ერთად შეხვდა და როგორც თავად ამბობს, ამ დღესასწაულს საქართველოში უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ამიტომ ოკეანის გადაღმაც ქართული ტრადიციული სუფრის შენარჩუნებას ცდილობს.


„მე და ბენი უკვე მეორედ შევხვდით ერთად ახალ წელს, შობას კი - მეოთხედ. დეკემბრის დასაწყისიდანვე ვუყურებდით საახალწლო, საშობაო ფილმებს.

 

25 დეკემბერს, ტრადიციულად, ბენის მშობლებთან შევხვდით. მათ კერძო სახლი აქვთ ნიუ იორკში, მანჰეტენის გარეთ. ვრთავთ ხოლმე სახლს, ნაძვის ხეს, პიჟამებით დავდივართ, ბუხართან ვსხდებით. შობის დილა როგორც კი გათენდება, ერთმანეთს საჩუქრებს ვურიგებთ. როგორც ფილმებში გინახავთ, ისეთი შობა არის აქ.

 

რაც შეეხება ახალ წელს, მას საქართველოში უფრო მეტი დატვირთვა აქვს. ამერიკაში, სამწუხაროდ, ახალ წელს დიდად არავინ არაფერს აკეთებს. მე კი სულ ვცდილობ, გოზინაყი, ხაჭაპური გავაკეთო და ქართული, ტრადიციული სუფრა შევინარჩუნო.

 

ახალი წლის მეორე დღეს ბენი მუშაობდა და შესაბამისად, დიდად არაფერი გამოგვივიდა. სტუმრები გვყავდნენ, კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ ქართული ახალი წელი ამას ვერ შეედრება" - აღნიშნა ყოფილმა ტელეწამყვანმა.


ახალ წელს, ნუკიმ და ბენიმ ერთმანეთს არარომანტიკული, თუმცა პრაქტიკული და გამოსაყენებელი საჩუქრები აჩუქეს. ძველ ახალ წელს რაც შეეხება, ნუკი მას საქართველოში შეხვდება და სამშობლოს, დაახლოებით, ერთი თვით ესტუმრება.


„საახალწლოდ ბენს ვუყიდე პიჟამა, ჯემპრი და წიგნი, რომელიც ძალიან უნდოდა. მან მიყიდა სუნამო, ბოტასი, კაბა და იოგას ცენტრის აბონემენტი. ამჯერად ერთმანეთს არარომანტიკული საჩუქრები გავუკეთეთ, მაგრამ ძალიან გამოსადეგი.

 

13 იანვარს, ღამით, საქართველოში მოვფრინავ და პირდაპირ თვითმფრინავის ტრაპიდანვე წავალ ძველით ახალი წლის შესახვედრად. მარტო ჩამოვდივარ, რადგან ბენის ძალიან ბევრი საქმე აქვს სამსახურში. საქართველოში, ალბათ, ერთი თვით დავრჩები. უკვე დღეებს ვითვლი", - აღნიშნა ინტერვიუში ნუკი კოშკელიშვილმა. 



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი