logo_geo
უილი გარსონი: გიგზავნით სიყვარულს ქართველებს
- +

26 სექტემბერი. 2018. 14:52


ქართველ მაყურებელს უილი გარსონი, იგივე სტენფორდ ბლეჩი, ტელესერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“ ახსოვს. მისი სამსახიობო კარიერა სერიალამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო და დღემდე გრძელდება. მსახიობი ამჟამად კალიფორნიაში შვილთან ერთად ცხოვრობს.  54 წლის ამერიკელი მსახიობი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში სერიალის გადაღებებს, სამსახიობო გამოცდილებასა და ამჟამინდელ ცხოვრებას აღწერს.

„როცა შინ ვარ, დილა იმით იწყება, რომ შვილს სკოლისთვის ვამზადებ, შემდეგ მეილებს ვამოწმებ და სპორტულ დარბაზში მივდივარ. დილის პროცედურების შემდეგ სცენარზე მუშაობის დრო დგება, ახლა Warner Brothers-ის ახალ სატელევიზიო შოუზე ვმუშაობ. „სექსი დიდ ქალაქში“ ძალიან მაგარი სერიალი იყო, გადაღებებზე არაჩვეულებრივ დროს ვატარებდით. მთელი შემოქმედებითი ჯგუფისთვის უძვირფასესია ის დრო და ყოველი წუთი, რომელიც ერთად გავიარეთ. სარა-ჯესიკა ამბობდა, ჩვენ არასდროს გვექნება ცუდი დღე სამსახურშიო და არც გვქონია. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მეოთხე სეზონის პირველი სერიები იყო. მე პირადად მომწონს ის სცენები, სადაც სარა-ჯესიკა და მე ვთამაშობთ, მაგრამ მასობრივი სცენებიც სრული სიგიჟე იყო. ჩემი გმირი მუდმივად აძლევს რჩევებს ქერის, მირანდას, სამანტასა და შარლოტას. ამდენი წლის შემდეგაც იმავეს ვურჩევდი გოგონებს - სიყვარულს, ამაზე იყო აგებული მთლიანად სერიალი. ხალხს ჰგონია, რომ ეს სერიალი სტილის, მოდის ან იუმორის გამო მოსწონთ, არადა, ტყუილია. სიყვარული იყო მთავარი თემა და ამიტომაც მოსწონთ. ადამიანები გამუდმებით სიყვარულის ძიებაში ვართ, ყოველთვის ეძიეთ და შეინარჩუნეთ სიყვარული, ეს უმთავრესია. ვცდილობ, ყველა როლი ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს, იქნება დრამატული, კომედიური თუ კრიმინალური. ჩამოთვლილთაგან, ალბათ, ყველაში მითამაშია და იმედია, კიდევ დიდხანს ვითამაშებ. სერიალში გეძლევა იმის შანსი, რომ უფრო მეტი გაიგო შენს გმირზე, ჩაწვდე მისი ხასიათის თავისებურებებს. დასაწყისში შეიძლება იყო ექიმი, მაგრამ წინ ბევრი ეპიზოდია და გაქვს დრო, რომ ამოხსნა მისი საიდუმლო, გაიგო, რომ ჰყავს ცოლი ან სულაც ავადაა. ყველა ეპიზოდი ინფორმაციას გაძლევს, ეს ძიების პროცესია, ხახვის გაფცქვნას ჰგავს, როცა გარეთა ფენებს აცლი და გულში გინდა ჩააღწიო. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გიგზავნით სიყვარულს ქართველებს“, - განაცხადა უილი გარსონმა.


წყარო : wyaro
big_banner
არქივი