logo_geo
ნინი ბადურაშვილი: კინოში ყველა საინტერესო შემოთავაზებისთვის მზად ვარ
- +

26 სექტემბერი. 2018. 17:39

 

 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოპულარული თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ქართველ მსახიობთან და მომღერალთან, ნინი ბადურაშვილთან ერთად ქართულ-თურქულ ფილმში ითამაშებდა, რომელსაც რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გადაიღებდა. ფილმის გადაღებები ახლახან დაიწყო და გაირკვა, რომ მურატ ილდირიმის ნაცვლად ნინის გმირის შეყვარებულის როლს ცნობილი თურქი მსახიობი, ემრექ კიზილირმაკი შეასრულებს. ნინი ბადურაშვილმა ფილმის შესახებ უფრო დაწვრილებით „სარკესთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ეს არის ქართულ-თურქული კორპროდუქცია, რომლის რეჟისორი მამაჩემი, ერეკლე ბადურაშვილია. ფილმში ძალიან საინტერესო ისტორიაა გაშლილი. ეს არის ამბავი ლაზ ბიჭზე, რომელიც, რა თქმა უნდა, სასიყვარულო ხაზითაც ვითარდება. ფილმს ჰქვია „ხიდი“. ეს იქნება მელოდრამა დადებითი ემოციებით, არავითარი ცრემლები და ტრაგედია. გადაღებები თბილისში, ბათუმსა და სტამბოლში მიმდინარეობს. თავიდან ფილმში მურატს უნდა ეთამაშა, მაგრამ საკმარისი ფინანსები ვერ გამოიძებნა, რომ მსახიობის მოთხოვნები შესრულებულიყო. თურქული სერიალის ვარსკვლავებს ძალიან მაღალი ჰონორარები აქვთ, თუმცა მის ნაცვლად არაჩვეულებრივი მსახიობი, ემრექ კიზილირმაკია, ჩვენ შეყვარებულებს ვთამაშობთ. მამას ფილმებში მუშაობა ძალიან კომფორტულია, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე ვუგებთ ერთმანეთს. ფილმში ბევრი ცნობილი ქართველი მსახიობი თამაშობს: ზურა ყიფშიძე, ქეთევან კიკნაძე, კახა მიქიაშვილი, პატარა როლს ლალი ბადურაშვილიც ასრულებს. ახლა თურქ მსახიობებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და, როგორც ვიცი, ქართველი მაყურებლისთვის ბევრი ცნობილი თურქი მსახიობი გამოჩნდება. ეს პროექტი მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ფილმია, რომელშიც მთავარ როლს ვთამაშობ. ყველა მეუბნება, რომ შემოთავაზებები თურქული მხრიდან აუცილებლად იქნება, თუმცა თურქული ენა არ ვიცი და, ალბათ, გამიჭირდება თურქულ ფილმებსა და სერიალებში თამაში. კინოში ყველა საინტერესო შემოთავაზებისთვის მზად ვარ“, - განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი