logo_geo
მერაბ ნინიძე: ჩემს ასაკში ტირილიც ხშირია...
- +

23 იანვარი. 2017. 21:39


 


გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობს მსახიობი მერაბ ნინიძე.

 

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?


- მართლა არ ვიცი, რა არის. ალბათ, წამები, როდესაც უნებლიეთ რაღაცას იაზრებ. როდესაც სიყვარულს აზრი მიეცემა და მომენტალურად  ხვდები, რატომ არის ეს ასე - ეს უკვე ბედნიერებაა. მერე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კარგავ და კითხვები გებადება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?

 

- მიყვარს ხალხის გართობა. მიხარია, როდესაც ჩემ გარშემო იცინიან. გუშინ ძველი მეგობრები შევიკრიბეთ. არავინ ლაპარაკობდა. მხოლოდ ვიცინოდით, ისე გვიხაროდა ერთად ყოფნა.


- ბოლოს როდის იტირეთ?

 

- ჩემს ასაკში ტირილიც ხშირია. სცენაზე არასდროს მიჭირდა ტირილი, მაგრამ ეკრანზე ცრემლები უფრო რთული იყო ჩემთვის. სულ ვცდილობდი, ტირილამდე მთქნარებით ან რაიმე ფიზიკური საშუალებებით მიმეღწია. ახლა უკვე ისე ადვილად მოდის ცრემლი, ეკრანზეც და პირად ცხოვრებაშიც, რომ ცრემლსადენ  საშუალებებზე ფიქრი საჭირო აღარ არის. ალბათ, უფრო ვიხსნებით ადამიანები, უფრო მგრძნობიარეები ვხდებით. ტირილი ახლა უფრო ადვილია ჩემთვის.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?

 

- ალბათ, ექსცენტრიკულობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?


- არამდგრადი ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?


- არ ვიცი...


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?


- იდეალისტები, ალბათ. შეიძლება ბევრს ვერაფერს აკეთებენ, მაგრამ მათი არსებობა მაინც მნიშვნელოვანია.


- თქვენი მხატვრული გმირები?

 

- „იდიოტი" -  ძალიან მძაფრი იყო ამ განზომილების პერსონაჟი ჩემთვის. ასევე, ჰოლდენ კოლფილდი მომდევს ახალგაზრდობიდან.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?

 

- 90-იან წლებში სამხრეთ ამერიკაში მომიწია დიდხანს ყოფნა და ეს იყო ყველაზე შთამბეჭდავი ჩემთვის.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?

 

- იუმორის გრძნობას. თვითირონიასაც, ალბათ. ჯანმრთელ დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ, სადაც ადამიანი დაძაბული არ არის. პირიქით, გახსნილია.


- ქალში?

 

- საიდუმლოს, ალბათ. რაღაც ისეთს და ისეთი ფორმით, რაც კაცს არ აქვს.


- საყვარელი მწერლები?


- გაბრიელ მარსია მარკესი.


- საყვარელი კომპოზიტორი?

 

- იოჰან სებასტიან ბახი.


- ფილმი?


- „აპოკალიპტო" - მელ გიბსონის ფილმი, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?

 

- მგონი, იმას, რომ საკუთარ თავთან კომპრომისებზე არ წავსულვარ, გავყევი იმას, რისიც მჯეროდა. არ გავხდი კონფორმისტი. ჩემი გზა ავირჩიე და ეს, მგონი, ყველაზე დიდი მიღწევაა ჩემთვის.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

 

- ჩემი შვილები. არ მინდა, რამე მოაკლდეთ. მათი არსებობა ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?

 

- არ ვიცი... ალბათ, არ მაქვს. მძიმე მომენტების გამოტოვებას აზრი არ აქვს, როგორც არის, ისე ვიღებ.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?

 

- პირველ რიგში - ენა. სიმბოლურად რაღაც სიზმრის მსგავსია. ემიგრანტი ვარ და ამ ყველაფერს სხვანაირად ვხედავ, სხვანაირი განცდა მაქვს. ენაც და ლანდშაფტი, რომელიც სულ თან დამაქვს, რომელსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. სამშობლო ჩემთვის, პირველ რიგში, არის ენა, სენტიმენტი, რომელიც ჩემს ბავშვობასთან და აქ გატარებულ დროსთან მაკავშირებს და რომელიც დღევანდელობასთან რაღაც კონტექსტში გსვამს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

 

- პრუსტი ამბობდა, საყვარელი ადამიანების დაკარგვისო და, მგონი, ეს სწორი შიშია.

 

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?

 

- ექსტაზში. ეიფორიულ მდგომარეობაში, ოღონდ ნარკოტიკულ საშუალებებს არ ვგულისხმობ. აი, მაგალითად, ცეკვაში, იმ მომენტში, როდესაც პიკს აღწევ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?

- გავუღიმოთ ერთმანეთს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი