logo_geo
თამთა შედანია: „ჩაწყობით“ მუშაობა არასოდეს დამიწყია - არ დავუშვებ, ვინმემ ჩემზე ილაპარაკოს, ეს იმის მოყვანილიაო
- +

27 იანვარი. 2019. 23:33

 

 

მოდელმა თამთა შედანიამ საკუთარ შემოსავალს გემო მცირე ასაკშივე გაუგო: 14 წლის გოგონა სოლიდურ ჰონორარებს იღებდა, რითიც უცხოეთშიც კომფორტულად ცხოვრობდა და საქართველოში ოჯახსაც არჩენდა... მოდელს ცხოვრებაში სირთულეებიც შეჰქმნია. მოდელობა ერთადერთი საქმე არ ყოფილა, რითიც თამთა შედანია თავს ირჩენდა...

 

- სამოდელო კარიერა 14 წლისამ დავიწყე - კონტრაქტით საფრანგეთში გავემგზავრე. შემდეგ საფრანგეთის სააგენტომ მსოფლიოს წამყვან სააგენტოებში გამიშვა - 3-4-თვიანი კონტრაქტებით ნახევარი მსოფლიო მოვიარე. არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ქვეყანაში საკუთარი ხარჯები ვერ დამეფარა. ალბათ, იმ პერიოდში, სამოდელო ბაზარზე მომგებიანი გარეგნობა მქონდა. ჩემი კარიერა წარმატებით განვითარდა. საქართველოში 1 კვირით ჩამოვდიოდი, შემდეგ ისევ საზღვარგარეთ მივემგზავრებოდი. ჰონკონგში არსებულ სააგენტოს ძალიან მოვწონდი და გადავწყვიტე, ყოველ 3 თვეში ერთხელ სამუშაო ლოკაცია აღარ შემეცვალა. მუშაობის პარალელურად, ჰონკონგში ბრიტანულ აკადემიაში ვსწავლობდი. 20 წლის ვიყავი, როცა საქართველოში დავბრუნდი. მაშინ ია კიწმარიშვილმა "მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა შემომთავაზა და დავთანხმდი - საქართველოში ჩემი კარიერა აქედან დაიწყო.

 

2012 წელს "მის სამყაროზე" გავემგზავრე... საქართველოში ყოფნისას, როცა საერთაშორისო კონკურსებისთვის ვემზადებოდი, 1 წელი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ვმუშაობდი (უცხოეთში პიარის შემსწავლელი კურსები გავიარე). შემდეგ ამ სამსახურიდან წამოვედი, რადგან "მის სამყაროზე" გამგზავრება მომიხდა. კონკურსზე დიდ წარმატებას ვერ მივაღწიე - მხოლოდ "ტოპ მოდელის" ტიტული "ავიღე". ჩემი აზრით, სხვა ქვეყნის წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ, ათეულში მოხვედრის შანსი მექნებოდა. 2013 წელს "მის საქართველოს" კონკურსი არ ჩატარებულა, ამიტომ "მისობა" 2 წლის განმავლობაში მომიხდა და "მის მსოფლიოზე" გავემგზავრე. იქიდან დაბრუნების შემდეგ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. წელიწად-ნახევარი ტაიმ-აუტი ავიღე - ბავშვზე ვზრუნავდი. მია წლის და 3 თვის იყო, როცა უკვე შემეძლო დედისთვის ან ოჯახის სხვა წევრისთვის დამეტოვებინა. სწორედ იმ პერიოდში, ია კიწმარიშვილთან კონტრაქტის ვადა დასრულდა და დამოუკიდებელი მოდელი გავხდი. უცხოეთის სააგენტოებთან ძველი კონტაქტები აღვადგინე და 3-4 თვით გამგზავრება დავიწყე. ისე მოხდა, რომ ოჯახი დამენგრა - მარტოხელა დედა ვიყავი. შვილისა და საკუთარი თავის უზრუნველყოფა თავად მიწევდა. ყოველ სამ თვეში ერთხელ მივემგზავრებოდი შანხაიში, ჰონკონგში, ამერიკაში, დავდიოდი იტალიაში "ფეშენ ვიკზე"... როცა მივხვდი, ბავშვი უკვე აანალიზებდა, რომ დედა მის გვერდით არ იყო და ვენატრებოდი, სამოდელო კარიერა ვეღარ გავაგრძელე - შვილს დიდი ხნით ვეღარ ვტოვებდი. საქართველოში დავრჩი და მუშაობა ერთ-ერთ კლინიკაში დავიწყე (მიმღებში და პიარის მიმართულებით. ორმაგ სამსახურს დავთანხმდი, რომ მეტი შემოსავალი მქონოდა).

 

აქ მოდის სფერო ისეთი განვითარებული არ არის, რომ მხოლოდ მოდელობით დავკავდე. თვეში 2-3 გადაღება მაქვს, მაგრამ მხოლოდ ამ საქმეს ვერ დავეყრდნობი... კლინიკიდან წამოსვლის შემდეგ, 3-თვიანი პროექტით ვიყავი დაკავებული. არ შემიძლია მუშაობა იქ, სადაც დილიდან საღამომდე ჩაკეტილ სივრცეში, კომპიუტერთან უნდა ვიჯდე. ამიტომ სულ ისეთი სამსახურის მოძებნას ვცდილობ, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. უცხოეთში Beauty Make Up-ის კურსებიც გავიარე, რადგან ხატვა მეხერხება. ვიზაჟისტის პროფესიას არ ვიყენებდი - მხოლოდ თავად თუ გავიკეთებდი მაკიაჟს ან ახლობლებს დავეხმარებოდი. რაკი ისეთი სიტუაცია შემექმნა, რომ უცხოეთში ვეღარ მივდიოდი, გადავწყვიტე, ხალხისთვის საკუთარი თავი ფრთხილად გამეცნო, როგორც ვიზაჟისტს. ამ სფეროში მუშაობის "სტარტაპი" ერთ-ერთ სალონში ავიღე. შემდეგ ესპანურმა ბრენდმა საქართველოში პირადი ვიზაჟისტობა შემომთავაზა და ახლა ამ საქმით ვარ დაკავებული, თან ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო. გეგმებს ვაყალიბებ, რომ მომავალში შემოსავლის ახალი წყარო მქონდეს. როდესაც 14 წლისას საკუთარი შემოსავალი გაქვს (აქ 100-200 ლარზე არაა საუბარი - საზღვარგარეთ კომფორტულად ვცხოვრობდი და საქართველოში ოჯახს ვარჩენდი), ამას ეჩვევი და მოტივაციას გიჩენს. თან, მარტოხელა დედა ვარ და სულ აქტიური მუშაობა მიწევს.

 

- მატერიალური დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ, ოდესმე კრიზისული პერიოდი გქონია?

 

- კი. იმ პერიოდს გავიხსენებ, როდესაც მია გავაჩინე. გარკვეული დრო მჭირდებოდა, რომ ისევ ფორმაში ჩავმდგარიყავი და მომავლის გეგმები დამესახა. რა თქმა უნდა, ისეთ ფორმაში ვიყავი, რომ საქართველოში გადაღებებში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ აქ თითო გადაღებაზე 100-200 ლარზეა საუბარი, ეს კი ბავშვის აღსაზრდელად, ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის. ამიტომ ის პერიოდი ცუდად მახსენდება. გარკვეული მიზეზების გამო, ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახიდან არანაირი ფინანსური დახმარება არ მიმიღია, ამიტომ ორმაგად დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა. ახლობლები, ნათესავები მხარში ამომიდგნენ, რომ ის პერიოდი გადამეგორებინა. ღვთის წყალობით, ახლა ყველაფერი კარგად არის და ბედნიერი ვარ. ადამიანის ცხოვრებაში ისეთი სირთულე არ არსებობს, რომელსაც ბედნიერი წუთები არ მოჰყვება, ამიტომ ასეთ პრობლემებს დიდ ტრაგედიად არ აღვიქვამ. არ ვფიქრობ, რომ ფული ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია. სწორედ ეს მეხმარება, რომ სულ მოტივირებული, კარგ ხასიათზე ვიყო.

 

- მუშაობის დასაწყებად "სივის" გაგზავნა დაგჭირვებია?

 

- როგორ არა! ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს: სხვა ადამიანი ჩემ შესახებ რას ფიქრობს, სიტყვების მიღმა რა განზრახვა აქვს, კარგად ვხვდები. ამიტომ როდესაც გასაუბრებაზე მივდიოდი, სულ ვგრძნობდი: იქ მუშაობა რომ დამეწყო, სამსახურში დისკომფორტი შემექმნებოდა (კონკრეტულ მიზეზებს არ დავასახელებ). ამიტომ ზოგჯერ "სივის" გაგზავნას და ინტერვიუს უიმედოდ ჩაუვლია. "სივის" აღარსად ვგზავნი. ვცდილობ, თავად მოვიფიქრო, რა გავაკეთო. როცა სხვის დაქვემდებარებაში მუშაობ, რაღაცების გათვალისწინება მაინც გიწევს, ამიტომ დამოუკიდებლად მუშაობა მირჩევნია.

 

- სამინისტროში, კლინიკაში მუშაობა "სივის" გაგზავნის გარეშე დაიწყე?

 

- არა, გავგზავნე. მაგალითად, კლინიკაში მუშაობას რაც შეეხება, კისრის შუა კისტა მქონდა და ოპერაცია გავიკეთე. შემდეგ კონსულტაციაზე მისულმა ექიმს ვუთხარი, - სამსახურს ვეძებ-მეთქი. ექიმმა, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა, კლინიკის უფროსთან კონსულტაცია გამიწია. თავდაპირველად, საცდელი ვადით ამიყვანეს, შემდეგ კი სამსახურში ოფიციალურად დამამტკიცეს, ანუ "ჩაწყობით" მუშაობა არასოდეს დამიწყია. არ დავუშვებ, რომ ვინმემ ჩემზე ილაპარაკოს, ეს იმის მოყვანილიაო... კლინიკაში მუშაობა ჩემთვის ძალიან სტრესული აღმოჩნდა. წარმოიდგინე, მოდელი ხარ, მერე კი უცებ, დღეში უამრავ ავადმყოფს უყურებ. ეს ჩემს ხასიათზე ზეგავლენას ახდენდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი მოვითმინე, რადგან უნდა მემუშავა. როცა მივხვდი, აღარ შემეძლო, სამსახურიდან წამოვედი. ფულის გამო ყველგან ვერ ვიმუშავებ.

 

- გარეგნობის გამო საქმეში ხელი შეგშლია?

 

- კი, გარეგნობის გამო ბარიერებს გადავწყდომივარ. მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალურად გამოვიყურები, თავს ვუვლი, თმას ვივარცხნი, შური რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს? ასეთი რამ ჩემზე მაღალი სტატუსის მქონე თანამშრომლებისგან მიგრძნია. მამაკაცებს რაც შეეხებათ, მათ სხვა მიზანი ჰქონიათ - ზღვარს ვერასდროს აკონტროლებდნენ, რაღაც ნიუანსი მაინც "გაექცეოდათ" ხოლმე. რა თქმა უნდა, ზედმეტს ვერ ბედავდნენ, მაგრამ ეშლებოდათ. ამას ადამიანი გრძნობ - არ არსებობს, გამოგეპაროს... მოკლედ, ეს კიდევ ერთი მიზეზი და იმის მოტივაციაა, რომ საკუთარი საქმე წამოვიწყო, სადაც ბევრი თანამშრომელი არ მეყოლება.

 

- შეიძლება ითქვას, რომ სამსახურში სექსუალური შევიწროების შემთხვევები გქონია?

 

- არა. ჩემს შემთხვევაში ისეთ ნიუანსებზე მაქვს საუბარი, რასაც ყველა ქალი ამჩნევს: მაგალითად, როცა საქმესთან დაკავშირებული შეკითხვის გარდა, "რაღაცნაირ" კომპლიმენტსაც გეუბნებიან, ამის "იქით" საქმე არ წასულა. ისეთი ხასიათი მაქვს, ალბათ ჩემი ეშინიათ.

 

- რას ურჩევ ადამიანებს, ვისაც საქმეში წარმატების მიღწევა სურთ?

 

- ნებისმიერ საკითხში, რასაც გადაწყვეტენ, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყვნენ. თუკი რაიმეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ, არაფერი გამოგივა. ისეთი საქმე არ არსებობს, რომელსაც სირთულეები არ მოჰყვება. თავდაჯერება ბარიერების გადალახვის საშუალებას გაძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ საქმეში ხარისხი "დაიჭირო". ყველას ვურჩევ, ხელი არასოდეს ჩაიქნიონ. ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეუძლია, საქმე ნულიდან დაიწყოს და ოცნება აიხდინოს - ამას საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს.

 

- დაბოლოს, ახლახან "მის საქართველოს" კონკურსი ტელეეთერში გავიდა. კონკურსს, კონკურსანტებს, გამარჯვებულს როგორ აფასებ?

 

- 2013 წლის შემდეგ, როდესაც ჩემმა მეგობარმა - ანა ზუბაშვილმა გაიმარჯვა, "მის საქართველოს" თვალყურს აღარ ვადევნებ. ირინა ონაშვილის მონაწილეობიდან 2014 წლამდე, ეს კონკურსი უფრო აქტუალური იყო. "მის საქართველოს" კასტინგს რომ აცხადებდნენ, ხალხი ამაზე უკვე ლაპარაკობდა. კონკურსზე, სადაც ქვეყნის ყველაზე ლამაზი ქალი უნდა აირჩიონ, მართლა კარგი გარეგნობის გოგონები არ მიდიან, რის გამოც გული მწყდება. ეს ისეთი კონკურსი არ არის, რომელმაც შეიძლება, მომავალში რამეში ხელი შეგიშალოს, პირიქით - ყველა კარგი გარეგნობის გოგოს "მის საქართველოში" მონაწილეობისკენ მოვუწოდებ. ახლანდელ პროექტს რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ინდივიდუალურად, ყველა ქალი ლამაზია, მაგრამ რაც ამ პროექტს სჭირდება, იმ კრიტერიუმებს, ჩემი აზრით, წელს კონკურსი ნაკლებად აკმაყოფილებდა. ნინი გოგიჩაიშვილს ვიცნობ და გამარჯვებას ვულოცავ, ეს ტიტული საამაყოდ ეტარებინოს და ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ფინალზე ესახელებინოს!..

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი