logo_geo
„THE BEATLES“-ის სიმღერა, რომელიც ჯონ ლენონს სძულდა
- +

12 ოქტომბერი. 2019. 18:12

 

გამოცემა „Rolling Stone“-მა ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის დაბადების დღესთან დაკავშირებით 1970 წელს არტისტთან ჩაწერილი ინტერვიუ გაიხსენა. ჟურნალთან საუბარში შემსრულებელი ჯგუფ „The Beatles“-ის იმ სიმღერას ასახელებს, რომლის ავტორი თავადაა და რომელიც ყველაზე მეტად ეზიზღება.

 

„ყოველთვის მძულდა „Run for Your Life“.  სიმღერაში ელვის პრესლის კომპოზიციიდან „Baby Let's Play House“ ერთი წინადადება გამოვიყენე - „პატარა გოგო, მირჩევნია, მკვდარი გნახო, ვიდრე სხვა მამაკაცთან ერთად“. მასზე ავაგე მთელი ტექსტი. არცერთი სიტყვა ჩემთვის მნიშვნელოვანი არ ყოფილა“, - განაცხადა ლენონმა და დაამატა, რომ ტრეკი ჯორჯ ჰარისონს ძალიან მოსწონდა.

 

„Run for Your Life“ კოლექტივის რიგით მეექვსე ალბომში „Rubber Soul“ არის წარმოდგენილი, რომელიც 1965 წელს გამოიცა.

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი „The Quarrymen“ თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ „ბითლზში“ მოღვაწეობით გაიცნო. მას კოლექტივისთვის არაერთი კომპოზიცია აქვს დაწერილი. ყველაზე ხშირად არტისტი ნამუშევრებს პოლ მაკარტნისთან ერთად ქმნიდა. მათ 1962-დან 1970 წლამდე პერიოდში 180-მდე ერთობლივი სიმღერა გამოუშვეს. 1968 წელს, ბენდში ყოფნის პარალელურად, ჯონმა სოლო კარიერა დაიწყო. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: „Imagine“, „Working Class Hero“, „Happy Xmas“ („War Is Over“) და ა.შ. მუსიკოსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. 

 

 

 

წყარო: Popmusic.ge

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი