logo_geo
„მოსვი“ ბორჯომის პარკში – ნატურალური ლიმონათების ქართული სტარტაპი
- +

14 ივლისი. 2017. 11:34



ბორჯომის ცენტრალურ პარკში, კინოთეატრის დეკორატიულ ქვებთან შეხვდებით ნატურალური ლიმონათების სტენდს სახელად - „მოსვი". სტარტაპს 27 წლის ამერიკათმცოდნე თაკო ციხელაშვილი უძღვება და ბიზნეს იდეიდან დაწყებული მზა პროდუქციით დამთავრებული, ყველაფერი მის კომპეტენციაშია. რა გახდა სტარტაპის დაწყების მოტივი, რა სპეციფიკური ცოდნითა და გამოცდილებით დაიწყო თაკომ საქმიანობა „მოსვის" გარშემო, სტენდის ლოკაციად ბორჯომი რატომ შეირჩა, რა სახის ლიმონათებს სთავაზობს „მოსვი" მომხმარებლებს და სამომავლოდ, რა მიმართულებით და ვისი მხარდაჭერით აპირებს სტარტაპის განვითარებას, მარკეტერს ესაუბრა თაკო ციხელაშვილი.


- რატომ გადაწყვიტეთ ნატურალური ლიმონათების სტარტაპი დაგეწყოთ?


- თვითონ ძალიან მიყვარს ეს სასმელი, უალკოჰოლო ლიმონათი, მოჰიტო. ჩემს მეგობრებსაც ძალიან უყვართ და ყველაზე მოთხოვნადია ეს გამაგრილებელი სასმელები ჩემ გარშემო. თუმცა ქუჩაში რომ მოგინდეს, ვერ დალევ, კაფეში უნდა შეხვიდე სპეციალურად და ისიც, ყველგან გემრიელს ვერ სვამ. სულ ვფიქრობდი, რომ ჩემი საქმიანობა დამეწყო, ახლა დრო მომეცა, სამსახურიც აღარ მქონდა და ამ ზაფხულს განვახორციელე იდეა.


- იდეიდან განხორციელებამდე განვითარების რა ეტაპები გაიარეთ?


- კულინარიის აკადემიაში გავიარე კურსები და შედეგად, სიროფებს თვითონ ვამზადებ სახლში, ყველანაირი პირობის დაცვით, 10 დღიანი შენახვის ვადით. ვიყენებ მინერალურ წყალს - ბორჯომს ან ლიკანს - და ძალიან ცოტა სპრაიტს ვურევ ინგრედიენტად იმიტომ, რომ არომატისთვის საჭიროა. ხილს ბორჯომში ვყიდულობ, სოფლიდან მამარაგებენ. იქიდან გამომდინარე, რომ აქ სულ ბავშვები ჩამოდიან, ვცდილობ, რომ პროდუქტი იყოს ნატურალური. ადგილზე მიმაქვს გარეცხილი და გაყინული ხილი, სტენდთან მაქვს მაცივრები და ლიმონათს ვაკეთებ მომხმარებლის თვალწინ.

 

 

- ლოკაციად ბორჯომი რატომ შეარჩიეთ, ვინმე თუ გყავთ დასაქმებული?


- მე თვითონ ბორჯომიდან ვარ წარმოშობით და ამ ზაფხულს მოვახერხე, რომ იჯარით ამეღო ბორჯომის პარკში ადგილი. იქიდან გამომდინარე, რომ აქ უფრო მეტი კონტაქტები მაქვს, ვიფიქრე, რომ დასაწყისისთვის, უფრო გამიმარტივდებოდა ხილის მოპოვება და ა.შ. ამ ეტაპზე მე ვაკეთებ ყველაფერს, თუმცა ერთი გოგონა მყავს, რომელსაც თან ვასწავლი ლიმონათის გაკეთებას და მეხმარება, ანუ სულ ორნი ვართ.


- რა სახის ლიმონათებს სთავაზობთ მომხმარებლებს და როგორია ღირებულება?


- 4 სახის ლიმონათს ვთავაზობთ: ლიმონის კლასიკური ლიმონათი, ჟოლო, მარწყვი, მოჰიტო და ვიტამინიზირებული ტონიკის წყალი პარკში მოვარჯიშე ადამიანებისთვის,  რომელიც შეიცავს: პიტნას, ლიმონს, ყინულსა და ნატურალურ წყალს. სტანდარტული ზომის ჭიქები გვაქვს, 350მ გ-იანი და ტონიკის წყალი ლარ-ნახევრიდან იწყება, ლიმონათების ფასები 3-დან 5 ლარამდე მერყეობს, 5 არის მაქსიმალური ფასი და ეს არის კენკრის ლიმონათის ღირებულება, რადგან ზოგადად, კენკრა უფრო ძვირია და ბევრი რამე სჭირდება.

 

 

- რა მიმართულებით გეგმავთ განვითარებას და რაზეა დამოკიდებული თქვენი სამომავლო გამოწვევების განხორციელება?


- პროგრამა „აწარმოე საქართველოშიც" დავწერე ეს ბიზნეს იდეა, მეორე ეტაპზე ვარ გადასული  და ახლა ბიზნეს გეგმას ელოდებიან, 14-ში არის დედლაინი და ვნახოთ, იქაც შეიძლება, გამიმართლოს. მგონია, რომ ეს ბიზნესი უფრო ზღვისთვის არის შესაფერისი. აწარმოე საქართველომაც თუ დამაფინანსა და ვიყიდე საჭირო ინვენტარი, უკვე მომავალ წელს ვიფიქრებ ბათუმზე, ან ლისზე, ოღონდ ყველაფერი კარგად მოსაფიქრებელი და დასაგეგმია.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი