logo_geo
ჯანსუღ კახიძის შესრულებული მისია - თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
- +

16 ივლისი. 2017. 02:48



ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი 1989 წელს დაარსდა. მისი შექმნის იდეა 1976 წელს გაჩნდა და გამოჩენილ ქართველ დირიჟორსა და საზოგადო მოღვაწე ჯანსუღ კახიძეს ეკუთვნის. იმ პერიოდში თბილისში ფაქტობრივად არ არსებობდა დარბაზი, რომელიც დააკმაყოფილებდა სიმფონიური მუსიკის შესასრულებლად საჭირო ყველა მოთხოვნას. ამის გამო აუცილებელი გახდა სიმფონიური მუსიკის შესაფერისი სრულფასოვანი საკონცერტო სივრცის აშენება, რაც საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. წინააღმდეგობების შედარებით უმტკივნეულოდ გადალახვის მიზნით მოიძებნა ერთგვარი გამოსავალი - ადგილმდებარეობა გაცვალეს აღმაშენებლის, მაშინდელი პლეხანოვის გამზირზე მდებარე კინოთეატრ „ამირანმა" და კოსტავას, მაშინ ლენინის ქუჩაზე მდებარე ფილარმონიის მცირე საკონცერტო დარბაზმა. შემდეგ კი დაიწყო ყოფილი კინოთეატრის რეკონსტრუქცია. უამრავი პრობლემების გადაჭრის, მაესტრო კახიძის დაუღალავი ძალისხმევისა და ხელისუფლებაში მყოფი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანების დიდი მხარდაჭერის შედეგად ძველი შენობის ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფოიეს მიაშენეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკონცერტო დარბაზი, რომლის არქიტექტურული პროექტის ავტორები არიან ლერი მეძმარიაშვილი და მურთაზ ჩაჩანიძე.

 

ცენტრის გახსნის წინ ჯანსუღ კახიძე ამბობდა: „ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს - აღმაშენებლის გამზირზე დგას თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი, ულამაზესი სიმფონიური მუსიკის დარბაზი".


სწორედ ეს დარბაზი იქცა სიმფონიური მუსიკის ახალ კერად, რომლის საფუძველზეც ჯანსუღ კახიძემ შექმნა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი - საქართველოს წამყვანი საკონცერტო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მდიდარი მუსიკალური ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება. დარბაზში გამოდიან საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოწინავე მუსიკალური კოლექტივები და გამოჩენილი სოლისტები.


1993 წლის 20 აგვისტოს, ჯანსუღ კახიძემ დააარსა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, რომელიც თავისი მაღალმხატვრული შემოქმედებითი დონის, ორკესტრის მუსიკოსების უზადო პროფესიონალიზმის, ვრცელი რეპერტუარისა და შესრულების თვითმყოფადი მანერის გამო, არაერთი ცნობილი მუსიკოსისა და ექსპერტის შეფასებით, საქართველოს წამყვანი მუსიკალური კოლექტივის სახელი მოიხვეჭა.


1993 წლის სექტემბერში, ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად დაფუძნდა ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი", რომლის პროგრამაც აერთიანებს არა მარტო სიმფონიური და კამერული ჟანრის, არამედ ფოლკლორისა და ჯაზის კონცერტებს. ფესტივალში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ მსოფლიო მუსიკალური კულტურის ვარსკვლავები და გამოჩენილი ქართველი მუსიკოსები.



2000 წელს ჯანსუღ კახიძის ინიციატივით შეიქმნა საქართველოში პირველი ბიჭუნათა კაპელა, რომელიც აქტიურად ჩაერთო ცენტრის შემოქმედებით ცხოვრებაში და არაერთი საინტერესო კონცერტი გამართა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.


2002 წელს, დიდი მაესტროს გარდაცვალების შემდეგ, თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და მის მიმდებარე ბაღს, რომელიც წარსულში „გოფილექტის" (სახელმწიფო ფილარმონიული ლექტორიუმი) სახელწოდებით იყო ცნობილი, მისი შემქმნელის - ჯანსუღ კახიძის სახელი მიენიჭა.


ამავე წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს სათავეში ჩაუდგა მისი ვაჟი, ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე.


2004-2010 წლებში ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში განხორციელდა ძირეული რეკონსტრუქცია. ცნობილი ქართველი მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერითა და მის მიერ დაარსებული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" დახმარებით, შესაძლებელი გახდა ცენტრის შენობის სრული რეაბილიტაცია. თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა არაერთი სამუშაო.


2002 წელს, თბილისში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა შენობა, შენობის რეკონსტრუქციისას განხორციელდა გამაგრებითი შამუშაოები. მოხდა შენობის იზოლირება გარშემო არსებული გრუნტის წყლებისგან, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებს, ხელახლა მოპირკეთდა შენობის ფასადი, რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიული მნიშვნელობის მქონე, 1914 წელს იტალიელი მხატვრის მიერ მოხატული უნიკალური ფოიეს და მრავალი სხვა.


იმავე პერიოდში ახალი და ძვირადღირებული ინსტრუმენტები შეიძინეს თბილისის სიმფონიური ორკესტრისთვის, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორკესტრის საერთო ჟღერადობის გაუმჯობესებას.


ცენტრის რეკონსტრუქციის პროცესში დიდი წვლილი შეიტანეს ცნობილმა გერმანულმა, ავსტრიულმა და ჰოლანდიურმა კომპანიებმა. მათ მიერ გაწეული რეკომენდაციებისა და ქართულ სამშენებლო კომპანიებთან ერთად ჩატარებული სამუშაოების შედეგად მკვეთრად გაუმჯობესდა დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზების აკუსტიკა, რისთვისაც მთლიანად შეიცვალა სცენისა და იატაკის საფარი, კედლები დაიფარა სპეციალური აკუსტიკური საღებავით, მოძრავი გახდა დიდი დარბაზის მთავარი არქიტექტორული ელემენტი ე.წ. აკუსტიკური ფარი, რომლის პოზიციების ცვლის შედეგად ხდება აკუსტიკის რეგულირება. სრულად განახლდა საკაბელო კომუნიკაციებისა და განათების სისტემები.


გერმანელი ოსტატის, ევალდ კინლეს მიერ, სპეციალურად დიდი დარბაზისთვის შეიქმნა საკონცერტო ორღანი, რომლის სცენის უკანა კედელზე განთავსებამ მნიშვნელოვნად შეცვალა დარბაზის იერსახე და მას განსაკუთრებული თვითმყოფადობა შესძინა.


სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტთა საერთო აზრით, ჩატარებული რეკონსტრუქციის შედეგად ცენტრის საკონცერტო დარბაზები უდავოდ შეესაბამება თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს.

 




 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი