logo_geo
კახა კალაძე: წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
- +

29 იანვარი. 2024. 09:37

 

 

„დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.

 

მისივე განმარტებით, ამჟამად, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის მესამე ფენა იგება.

 

„ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო წერეთელზე, განსაკუთრებით მიწის ქვემოთ. როგორც იცით, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილი და განახლებულია. საზოგადოებამ საკუთარი თვალით იხილა, როგორი ინფრასტრუქტურა იყო მიწის ქვემოთ, როგორი მილებით მიეწოდებოდა წყალი აქ მცხოვრებ ადამიანებს. ეს ყველაფერი განახლებული და მოწესრიგებულია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ადგილზე სამუშაოებს ასევე გაეცნო მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, რომლის თქმით, გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა  იანვრის ბოლოდან ორმხრივად იქნება შესაძლებელი.

 

„როგორც შევპირდით მოსახლეობას, იანვრის ბოლოსთვის, საგზაო ნაწილი დასრულებული იქნება და შეუზღუდავად, ორმხრივად იქნება შესაძლებელი ავტომობილების გადაადგილება. ასევე, პარალელურად მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა, გაჩერებების კუნძულების მოპირკეთება. ამის შემდეგ გაგრძელდება ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები და მიწისქვეშა ურნების მოწყობა. ტროტუარების მოწყობის სამუშაოები  მარტში დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 

როგორც თბილისის მერმა განმარტა, ტროტუარებზე უკვე მოწყობილია მიწისქვეშა კაბელ-არხები, სადაც ელექტროსადენები განთავსდება. მისივე თქმით, მოგვიანებით გზის სავალი ნაწილი დაიხაზება.

 

თბილისის მერმა გამზირზე შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

 

 

big_banner
არქივი