logo_geo
„ლეილა მუსტაფაევას მუთაქები, დამპალი ატამი და ვინმე ქათამაძე...“
- +

17 ივლისი. 2017. 23:24



ბესო ქათამაძე პატრულმა 10 ლარით რომ დააჯარიმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წინ, გაიგეთ? ესე იგი, დაუჯარიმებიათ, მაგრამ ქულები არ ჩამოუჭრიათ. ქათამაძე იძახის: ეს ძაან პატარა კაცობაა, მაინც ვერაფერი დამაკელით, ისევ 100-ქულიანი ვარო.


ბესო ქათამაძე ვინ არი? არ ვიცი, ისეთი არავინ, უბრალოდ ამან „ფეისბუკში" დაწერა, ასე და ასე იყოო და „თავისუფალმა ზონამ" გაანიუსა, დაგვექცა ქვეყანა თავზე, ქათამაძე რანაირად უნდა დაეჯარიმებინა პატრულსო? ნუ, ეხლა, რაკი კობა ხაბაზმა აიტაცა, მხოლოდ იმის დადგენა ხერხდება, რომ ბატონი ქათამაძე „ნაციონალია".


ან ქათამაძე ვინაა, რომ პატრულმა არ უნდა დააჯარიმოს, ან კიდე ეგ რა „გასანიუსებელი" ამბავი ნახეთ? ესე იგი, „ნაციონალი" 1 ლარითაც რომ დააჯარიმონ, ხაბაზის კანტორა ყალყზე დგას, რათა, როგორ და რანაირადო? დასაჯარიმებლები კი არა, საერთოდ გასაყრელ-გასაქრობლები ხართ ჩვენი დედამიწიდან!!!


***


ვინმე ახალგაზრდა ფერმერს ატამი გადაუყრია, არ იყიდებაო. შე ჩემის გადანგრეულო, ან ახლობელი არ გყავს, ან გაჭირვებულს არავის იცნობ, რომ ყრი, რას ყრი, წადი, მიდი, მოდი, არაყი გამოხადე... ან ღორი იყიდე, ან ჯორი გაზარდე, დაუყარე, აჭამე, გაყიდე, ძროხა იყიდე, ბალახი დაუყარე, მოწველე, მაწონი ჩაადედე, ყველაფერი მე უნდა გასწავლო?!


რამდენიმე დღის წინ ერთმა გურჯნელმა გლეხმა ატამს ხელი მოუჭირა, ზუსტად იგრე, ნაცარქექია რომ უჭერდა ყველსა, ნახეთ, ხალხო, წვენი გასდისო. ვააა, რავი, აქამდე ვიცოდი, რომ ატამს წვენი გასდიოდა, ნეტა ატამი რძეს როდი იწველებოდა? ჰოდა, აი, გიორგი კვირიკაშვილო, რა ნამუსითა გძინამ, როცა ჩვენი ატამი არ იყიდება, ვედრა 3 ლარად როგო უნდა მივცეო? შენც ამ კუთხი შვილი ხარ, მოგვხედე, ჩაიბარე, ან წვენი გააკეთე, ან კიდენა ჩურჩხელაო. თუ არა და... ისაო, გახსენ საზღვრები რუსეთისკენ, შამოვლენ, წაიღებენ, ფასი დეედებაო! რათა, ძია კაცო, რათა? რუსი ოკუპანტია, მე მაგისი დედა ვატირე... რა, თუ შენ ატამ წაიღებს, მაშინ აღარ არი ოკუპანტი? ჰო, ხელისუფლება ვალდებულია, ხელი შეგიწყოს, თავში ქვა იხალოს, როგორმე გაგაყიდინოს, მაგრამ ბიუჯეტიდან ფული გამომიყავი, გინდა თუ არა, შენ ჩაიბარე, მე მახეირეო, ეგრე არ გამოვა. ეგ კი არა, ეხლა ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ სიმართლეს: ამ ყურძენზეც რომ ადებს მთავრობა თავის ფასებსა, ეგეც არასწორია, რაკი საბაზრო ეკონომიკაა, უნდა მიუშვა ფასები თავის ნებაზე, შეიძლება უფრო მაგრად გაიყიდოს. ერთიც არი, მე რო ვარ გადამხდელი და ბიუჯეტში შემაქ ფული, იქიდან შენი კერძო ვენახი რაზე უნდა ფინანსდებოდეს? მაშინ ჩემი ქლიავიც დააფინანსონ, ან შიბაქი, ან კალოშები, ან გოზინაყი! რა მნიშვნელობა აქ, ძმაო, შენი მარჩენალი ყურძენია, ჩემი კიდე შიბაქი. ეხლა მეტყვი, ვენახი ეროვნული სიამაყეაო... იყო, მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ეხლა იგეთი დროება მოვიდა, ცრემლებისა საერთოდ აღარა სჯერა. აგე, წელსა ნიორსა ჰქონდა მაგარი ფასი, ხალხმა 4-5 ლარში მოასწრო გაყიდვა, ჩამააყენეს კახეთში ტრაილერები და გაზიდეს, ვენახი ჯერ ერავის აინტერესებს, მაგაზე ტირილ-ღუილს სექტემბერ-ოქტომბერში ვნახავთ და გავიგონებთ!


***


ლეილა მუსტაფაევა, აფგან მუხთარლის ბაჯი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადადგომას ითხოვსო. ავოიეეე... რათა, ქალო, რათა? რა შენი იმის საქმეა, ჩვენ ქვეყანაში ვინ გადადგება და ვინ გადმოდგება? შენ თუ მოგზავნილი აგენტი არა ხარ, რატო აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ან მთავარი პროკურორის მოხსნას არ ითხოვ? აი, ეხლა კი ნამდვილად ბებიაშენის მუთაქებს თელავ, შე პროვოკატორო - მოულხარ, არც კი ვიცოდით, შეგვიფარებიხარ, აზერბაიჯანის მოქალაქე ყოფილხარ, თბილისი იატაკქვეშა ორგანიზაციად გაგიხდია ასევე პროვოკატორ ქმართან ერთად, დაგვიპურებიხარ და ეხლა ურევ აქაურობას ფსევდო-ქართველების ენით? საინტერესოა, რამდენი ჩაუდეთ ამ ვითომ არასამთავრობოების წარმომადგენლებს და ვითომ ჟურნალისტებს, გველკუებივით რომ დაძვრებიან ტელევიზიიდან ტელევიზიაში და ამტკიცებენ, საქართველოში უცხოელ ჟურნალისტებს იტაცებენო?

 

ისე, ქართველებს ეგეთი უკუღმართი ბედი გვაქვს, ვისაც ვაცმევთ და ვიფარებთ, სწორედ ისინი ჩაგვცემენ ხოლმე ხანჯალს ზურგში, ხან მიწებს გვთხოვენ, ხან ავტონომიებს, ხან დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ხან კიდევ საერთაშორისო დონეზე გვილახავენ იმიჯს. ვაიიიი, ჩვენს საწყალ გულს რა ვუთხარი, თორე შენ კი ხარ გასაგდები წიხლისკვრით აზერბაიჯანის მიმართულებით!!!

 

თორნიკე ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი