logo_geo
ზურაბ ხონელიძე: გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც დღეიდან დამაწვა მხრებზე
- +

21 ივლისი. 2017. 19:09




სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი ზურაბ ხონელიძე გახდა. აღნიშნულ თანამდებობაზე იგი ჯონი აფაქიძეს შეცვლის.


რვა წევრისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ ზურაბ ხონელიძე ოთხი წლის ვადით, ერთხმად აირჩია. ზურაბ ხონელიძემ განაცხადა, გაცნობიერებული აქვს ის პასუხისმგებლობა, რაც რექტორად არჩევით დაეკისრა.

 

„აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც დღეიდან დამაწვა მხრებზე. დაგეგმილი გვაქვს რეფორმები რაც მდგომარეობს შემდეგში - განვსაზღვრავთ უნივერსიტეტის მისიას, ანუ მის რეალურ ფუნქციას. მისიიდან გამომდინარე განვსაზღვრავთ სოხუმის უნივერსიტეტის მიზანს, რომელსაც მოვარგებთ ამ მიზნის რეალიზაციის საშუალებას. რაც არ უნდა ვისაუბროთ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეზე და კვლევით საქმიანობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის დევნილობაში მყოფი უნივერსიტეტი.

 

ზოგადად, ძალიან მსიამოვნებს ხელისუფლების, კონკრეტულად კი განათლების სამინისტროს პოზიცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისადმი. ვთვლი, რომ უნივერსიტეტი უნდა იქცეს არა მხოლოდ სამეცნიერო-ანალიტიკურ-კვლევით ცენტრად, არამედ ის შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ჰაბი, რეგიონული ცენტრი, რომელიც მიმართული იქნება ეთნიკური, ეთნოკონფლიქტების შესწავლისკენ. აქ უნდა მოიხარშოს ყველა ის წინადადება და რეკომენდაცია, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოსა თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას მივაწვდით ჩვენს პოზიციას. ამის პოტენციალი დღეს უნივერსიტეტში არის", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.


როგორც ხონელიძემ აღნიშნა, კარგად ესმის ის პრობლემები, რომლებიც სოხუმის უნივერსიტეტში არსებობს.

 

„არასდროს წარმოვადგენდი პოლიტიკურ პარტიას და არ ვყოფილვარ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესების გამომხატველი. მე ვარ ერთ-ერთი, რიგითი თქვენთაგანი, რომელიც სიღრმისეულად იცნობს უნივერსიტეტის პრობლემებს. ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დაკავშირებული იყო და არის აფხაზეთთან და რომელსაც აფხაზეთის თემის გარდა მისი შემდგომი საქმინობა ვერ წარმოუდგენია. ვიცი აფხაზეთის როლი ერთიან ქართულ სახელმწიფოში და მინდა, რომ ქვეყნის გაერთიანებისთვის დაწყებულ პროცესში სოხუმის უნივერსიტეტმა თავისი წვლილი შეიტანოს", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.


სოხუმის უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ჯონი აფაქიძემ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.


„არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად. ყველა წევრმა გამოხატა თავისი აზრი და მომავლისთვის ჩვენ ოპტიმისტურად განწყობილები ვართ, რომ უნივერსიტეტს მეტი წარმატება ექნება", - განაცხადა ჯონი აფაქიძემ.


როგორც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იური პაპასქუამ „რეპორტიორთან" საუბარში აღნიშნა, არჩევნების პროცესში არანაირი პროცედურული დარღვევა არ ყოფილა.

 

„ეს მარათონი ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. პროცედურულად არანაირი დარღვევა არ ყოფილა. ერთხმად დაფიქსირდა ის, რომ არჩევნებში სამი კანდიდატიდან ყველა ამომრჩეველმა ხმა ზურაბ ხონელიძეს მისცა", - განაცხადა იური პაპასქუამ. 


 

 

 

 

big_banner
არქივი