logo_geo
4 დეკემბერი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა
- +

4 დეკემბერი. 2016. 22:34



1817 წლის 4 დეკემბერს ქართველი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი დაიბადა. ბარათაშვილი დაიბადა ცნობილ არისტოკრატულ ოჯახში. მისი მამა - მელიტონ ბარათაშვილი ერთ დროს ქართული თავადაზნაურობის მარშალი იყო. დედა - ეფემია - ერეკლე მეორეს შვილთაშვილი, გრიგოლ ორბელიანის და. იმ დროში ეფემია ცნობილი იყო სანიმუშო ქართული აღზრდითა და სათნოებით, ეს თვისებები მან შვილსაც გადასცა. პირველი აღზრდა-განათლება ნიკოლოზმა სწორედ დედისაგან მიიღო, რომელმაც ბავშვობიდანვე შეაყვარა ფსალმუნნი და სახარება. ამის წყალობით, მომავალმა პოეტმა შესანიშნავად შეითვისა ძველი ქართული ენა, რაც შემდგომში მის ლექსებშიც აისახა.


1827 წელს ნიკოლოზი, იგივე ტატო, როგორც მას მეტსახელად ეძახდნენ, თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში შევიდა. აქ მას ცნობილი ქართველი მოღვაწე, შემდგომში 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი, დიდი პატრიოტი, ფილოსოფოსი - სოლომონ დოდაშვილი ასწავლიდა. მასწავლებელმა დიდი გავლენა იქონია მოსწავლის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. გიმნაზიაში ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ენამახვილობითა და მხიარულებით, შესანიშნავად ცეკვავდა. ტანად საშუალო სიმაღლის, ჩაფსკვნილი იყო, შავი თვალები და ყავისფერი თმა ჰქონდა. ლიტერატურამ ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლისას გაიტაცა, აქტიურად მონაწოლეობდა ლიტერატურულ გაზეთ „ტფილისის გიმნაზიის ყვავილის" გამოცემაში.


ნიკოლოზ ბარათაშვილზე ძალიან იმოქმედა 1832 წლის შეთქმულებამ. მასში ქართული საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მონაწილებდნენ. შეთქმულება რუსეთის კლანჭებისაგან საქართველოს განთავისუფლებას ისახავდა მიზნად, ამდენად მისმა წარუმატებლობამ ბევრი უიმედობით აღავსო.


გიმნაზიაში სწავლა ნიკოლოზ ბარათაშვილმა 1835 წელს დაასრულა. მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად რუსეთს გამგზავრება აუხდენელ ოცნებად დარჩა. იმ დროისათვის მელიტონ ბარათაშვილის ოჯახი უკვე გაღარიბებული იყო და შვილის სწავლას ვერ უზრუნველყოფდა. მაშინ ნიკოლოზმა სამხედრო სამსახურში შესვლა მოიწადინა, მაგრამ არც იქ მიიღეს, რადგან ბავშვობაში გადატანილი ტრამვის გამო ოდნავ კოჭლობდა. იმედგაცრუებული პოეტი იძულებული გახდა რიგითი მოხელის სამსახურს დასჯერებოდა. 1835 წლიდან იგი უბრალო ჩინოვნიკად გამწესდა სამართლისა და განჩინების ექსპედიციაში. 1844 წელს უკეთესი სამუშაოს საძიებლად ნახეჩევანში გაემგზავრა, შემდეგ კი განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ დაიღუპა მალარიით. იგი თბილისში 1893 წელს გადმოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. 1934 წლიდან კი პოეტის ნეშტი მთაწმინდაზე განისვენებს.


ლექსებს პოეტი სამსახურიდან მოცალების ჟამს წერდა, მაგრამ ეს მხოლოდ ძალიან ახლებლებმა იცოდნენ. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები მის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. ისინი მხოლოდ ხელნაწერთა სახით ვრცელედებოდა. პოეტი ქართველმა სამოციანელებმა „აღმოაჩინეს" და თავიანთ წინამორბედადაც დასახეს. დიდ პოეტად ბარათაშვილი პირველად ილია ჭავჭავაძემ აღიარა, თუმცა 1852-1853 წლებში გიორგი ერისთავსაც ჰქონდა გამოქვეყნებული მისი რამოდენიმე ლექსი ჟურნალ „ცისკარში". ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების სრული კრებული კი 1876 წელს გამოიცა.


განსაცდელებით აღსავსე ცხოვრებით გამოწვეული პირადი გრძნობა-განცდების გარდა, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების საგანს სამშობლოს ბედი წარმოადგენს. ბედკრული ქვეყნის სახე სხვადასხვა ლექსებში ალეგორიულადაა მოცემული. მაგალითად, ლექსი „ბულბული ვარდზედ" 1832 წლის შეთქმულებას ეძღვნება. საქართველოს სახეა წარმოდგენილი ლექსში „სუმბული და მწირიც". მაგრამ ყველაზე უკეთ პოეტის დამოკიდებულება ჩანს პოემაში „ბედი ქართლისა", რომელიც 1839 წელს დაწერა 22 წლისამ.


ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი მწერალი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი არასოდეს კარგავდა იმედის ნაპერწკალს და ყოველთვის უკეთეს მომავალს ელოდა. ეს თვისება მას გამოარჩევდა სხვა რომანტიკოსებისაგან, რომელთაც მომავლის რწმენა სრულიად დაკარგული ჰქონდათ.


1842 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილმა დაწერა უსათაურო ლექსი - „მირბის, მიმაფრენს", რომელსაც შემდეგ „მერანი" ეწოდა. მასში თვალსაჩინოდაა დახატული, თუ როგორ უნდა იბრძოლოს ადამიანმა მწარე რეალობასთან, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოს. კრიტიკოსებმა „მერანი" შეაფასეს, როგორც ქართული პოეტური გენიის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამოვლინება.


ფოტოზე  ასახულია ნიკოლოზ ბარათაშვილის ნეშტის გადასვენება მთაწმინდაზე (1938 წელი).


 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი