logo_geo
ზურაბ ხონელიძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის უფლებამოსილება გადაიბარა
- +

24 ივლისი. 2017. 19:07



სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, ჯონი აფაქიძემ ახლადარჩეულ რექტორს, ზურაბ ხონელიძეს უფლებამოსილება გადააბარა. ზურაბ ხონელიძის პირველი სამუშაო დღე და საპატიო სტუმრების მიღება დღეს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში შედგა.


ჯონი აფაქიძემ ზურაბ ხონელიძეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ უნივერსიტეტისთვის ბოძებული, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი საზეიმო ვითარებაში გადასცა.


შეგახსენებთ, რომ წმინდა გიორგის ორდენის ტარების უფლება, მხოლოდ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედ რექტორს აქვს.


ზურაბ ხონელიძემ დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო და უნივერსიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.


შეხვედრის დასასრულს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი მეუფე ანდრიამ დალოცა.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა ზურაბ ხონელიძეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად არჩევას ულოცავს. როგორც გვაზავამ დღეს, სოხუმის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.


„უპირველესყოვლისა, ვულოცავ უნივერსტიტეს კარგ არჩევანს. ასევე, ვულოცავ ზურაბ ხონელიძეს, აკადემიური წრეების წარმომადგენელს, პროფესორს, ადამიანს, რომელსაც გამოცდილება აქვს როგორც დიპლომატიაში, ისე - მეცნიერებაში; ადამიანს, რომელმაც იცის ხალხთან ურთიერთობა.

 

ალბათ, იქნება ახალი რეფორმები, ახალი ხედვა, მუშაობის გადახალისება და გადახედვა. ვფიქრობ, ბატონი ზურაბი უნივერსიტეტის კარგი არჩევანია. უნივერსიტეტისთვისაც და სტუდენტებისთვისაც ეს იქნება სწორად გადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა გია გვაზავამ.

 

„სოხუმის უნივერსიტეტი სულ სხვაგვარად ჟღერს, ის ყველა ჩვენგანისაა. მართლაც ჩვენია, რადგან სოხუმის და აფხაზეთის ანარეკლია დღევანდელ რეალობაში", - ამის შესახებ მეუფე ანდრიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც უნივერსიტეტსი ახლადარჩეული რექტორის, ზურაბ ხონელიძის პირველი სამუშაო დღე შედგა.

 

„ეს დამოკიდებულება ყოველთვის ხაზგასმული იყო ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის მხრიდან... პატრიარქი დიდი გულისყურით მიადევნებს თვალს ყველა მოვლენას, რომელიც არის დაკავშირებული უნივერსიტეტთან და ზოგადად აფხაზეთთან.

 

დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობა გაგრძელდება და გაღრმავდება. ცოდნაზე ორიენტირებულობა ყოველთვის მხარდაჭერილია ჩვენი პატრიარქის მიერ, რომელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მეცნიერებისადმი და ზოგადად სამეცნიერო მოღვაწეობისადმი. და ეს თქვენი ფორმულა - „ცოდნა - აღამშენებელი" თავისი შინაარსით სწორია, რამეთუ ცოდნამ მუდამ აღგვაშენოს. აღშენება არ არის მხოლოდ მატერიალური, არამედ ეს არის სულიერი, გონებრივი და ზნეობრივი აღშენებაც", - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.


„უკვე ერთი კვირაა, რაც სოხუმის უნივერსიტეტში ახალი სიცოცხლე გაჩნდა - ახალი რექტორია არჩეული, რომელთანაც დიდი იმედებია დაკავშირებული", - ასე შეაფასა ჟურნალისტმა ნუგზარ რუხაძემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე ზურაბ ხონელიძის არჩევა.

 

„სოხუმის უნივერსიტეტი სახელით არის გამორჩეული და განსაკუთრებული. უნივერსიტეტს სახელი აქვს დამუხტული პოლიტიკურად. ამიტომ, ამ უნივერსიტეტში, გარდა აკადემიური და მეცნიერული ცხოვრებისა, პოლიტიკურად აღსავსე ცხოვრებაც წარიმართება, თუმცა, სტუდენტებს აუდიტორიებში მაინცდამაინც პოლიტიკაზე არ უნდა ველაპარაკოთ. და რადგანაც, ის კონფლიქტები, რომელიც საქართველოს ძალიან აწუხებს, უკვე მივიდა ყუამდე, უკვე აღარაფერი დარჩა გასაკეთებელი. ჩვენ ისეთი გამწარებული ვართ, ერთადერთი რამ დარჩა მხოლოდ, რომ ამ კონფლიქტების გადაწყვეტის საქმეში ჩაერთოს მაღალი ინტელექტი, მაღალი ინტელექტის საბუდარი კი არის მეცნიერული კვლევა, ხოლო მეცნიერული კვლევის ადგილი არის ლაბორატორია. ზუსტად ასეთი „ლაბორატორია" უნდა გახდეს ახალი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელში ეს უნივერსიტეტი", - განაცხადა ნუგზარ რუხაძემ.


როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ ხონელიძემ განაცხადა, მისი მიზანია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქცეს რეგიონულ ჰაბად.


„ყველას კარგად მოგეხსენებათ, უნივერსიტეტის, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების როლი და მნიშვნელობა. მაგრამ, ამას გარდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს აბსოლუტურად სხვა, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა და პასუხისმგებლობა. თუ ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, რომ მოხდეს ინტეგრირება ერთიან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ სოხუმის უნივერსიტეტი გვერდს ვერ აუვლის აფხაზეთის თემატიკას. ყველა საშუალება და რესურსი (პროფესორ-მასწავლებლები, მათი განწყობა, სტუდენტების ინტელექტუალური პოტენციალი, უნარ-ჩვევები და ხელისუფლების განწყობა) არსებობს იმისთვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქცეს რეგიონულ ჰაბად.

 

დღეს, ჩემი, როგორც რექტორის, პირველი სამუშაო დღეა და მინდა, ეს იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ახალი ერის დასაწყისი. ახალი ერის დასაწყისი არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ იმ დადებითზე, რაც არსებობს უნივერსიტეტში. რევოლუციონერი არ ვარ, ჩვენ არა რევოლუციის, არამედ ევოლუციის გზით უნდა ვიაროთ. შევინარჩუნებთ ყველა დადებითს, მაგრამ, განვავითარებთ და მოვარგებთ დროს.

 

დღეს, როგორც უნივერსიტეტში, ისე ქვეყანაში არსებული მდგომარეობით, საკუთარი ძალებით იმ ამოცანების რეალიზაცია, რაც მიზნად დავისახეთ, ვერ განხორციელდება. ამიტომ, აუცილებელია, იმ მიმზიდველობიდან გამომდინარე, რაც უნივერსიტეტის სახელს აქვს, ეს მიმზიდველობა სახელის დონეზე არ დავტოვოთ და ვაქციოთ საჭიროებად. თუ გვინდა წესრიგის დამყარება, პირველ რიგში წესრიგი და დისციპლინა უნდა დავამყაროთ საკუთარ თავში და ჩვენს აზროვნებაში. დღევანდელი დღე არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის, ჩვენი მთლიანობის..." - აღნიშნა ზურაბ ხონელიძემ.


აქვე ზურაბ ხონელიძემ უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

 

„ყველა მიმართულებით გვექნება რეფორმა, იქნება ეს სამეცნიერო, კვლევითი თუ სხვა. ხედავთ, რა მდგომარეობაშია უნივერსიტეტი და როგორია მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ეს ყველაფერი გაუმჯობესდება. პერიოდი, რომელიც უნივერსიტეტს უდგას, არის ურთულესი. ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ავტორიზაცია-აკრედიტაცია ითხოვს, შევეცდებით, რომ მომზადებული შევხვდეთ და უნივერსიტეტმა ღირსეულად გადალახოს ეს პროცესი.

 

ეს არ არის რიგითი უმაღლესი სასწავლებელი, ეს არის დევნილობაში მყოფი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს არის იშვიათი პრეცენდენტი კაცობრიობის ისტორიაში, რომ უნივერსიტეტი იყოს დევნილობაში. უნივერსიტეტს სჭირდება თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება ერთობა და მთლიანობა. დღევანდელი დღეც ამის მაგალითია, ჩვენთან არიან სტრუქტურების ხელმძღვანელები, აღმასრულებელი ხელისუფლების, აფხაზეთის, საკანონმდებლო ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები. ველოდებით საპატრიარქოს წარმომადგენელს, რადგან სახელმწიფო დგას ტრიადაზე - ეს არის საზოგადოება (მეცნიერებასთან ერთად), ხელისუფლება და ეკლესია. დღეს მინდოდა ამ ერთობის წარმოდგენა და მგონია, რომ ამას შევძლებთ. ეს არის დიდი გზის დასაწყისი", - განაცხადა ხონელიძემ.


 

 

 

 

 

 


 

big_banner
არქივი