logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს „გაუ“-ს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი ეწვია
- +

27 ივლისი. 2017. 18:48


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, „გაუ"-ს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი ეწვია.


სოხუმის უნივერსიტეტის ახალ რექტორთან, ზურაბ ხონელიძესთან შეხვედრისას მაიკლ ქაუგილმა სურვილი გამოთქვა, გაეცნოს უნივერსიტეტის ცხოვრებას და მის შემდგომ განვითარებაში სათანადო წვლილი შეიტანოს.


სამომავლოდ, ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაა დაგეგმილი.


როგორც „გაუ"-ს პრეზიდენტმა მაიკლ ქაუგილმა განაცხადა, ზურაბ ხონელიძის შესაძებლობებში დარწმუნებულია და მიიჩნევს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის რანგში ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.

 

„მოხარული ვარ, რომ ზურას რექტორის რანგში ვხედავ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით დიდი ხნის განმავლობაში. ამასთან, არაჩვეულებრივი მეგობრები ვართ. სწორედ ამიტომ, მისი წარსულიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ვიცი, რისი გაკეთება შეუძლია.

 

განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყო, რომ შეძლო, იყო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ გააზრებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია. ეს არ არის მხოლოდ ყოველდღიური მუშაობა. ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რომ მომავალში მზად იყვნენ ნებისმიერი შემთხვევისთვის.

 

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესის ნაწილი ვარ", - განაცხადა მაიკლ ქაუგილმა.

 

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ განაცხადა, რომ მაიკლ ქაუგილს კარგად ესმის აფხაზეთისა და ზოგადად, საქართველოს პრობლემა და მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში სოხუმის უნივერსიტეტს დიდი როლი ენიჭება.

 

„არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ, მხარში ამოუდგნენ სოხუმის უნივერსიტეტს, რამეთუ მათ ესმით, რომ უნივერსიტეტისადმი მხარდაჭერა ქართული საქმის კეთების თვალსაჩინო ნიმუშია. ერთ-ერთი მსგავსი შეხვედრა არის დღეს. მე ვიცი მაიკლ ქაუგის დამოკიდებულება საქართველოსადმი, ვიცი მისი დამოკიდებულება აფხაზეთისადმი. ის სიღრმისეულად იცნობს საქართველოსა და აფხაზეთის პრობლემას და ხედავს ჩვენი უნივერსიტეტის როლს ამ პრობლემების მოგვარების საქმეში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასთან ერთად.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, განათლების სამინისტროს იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც გააჩინა უნივერისტეტისთვის. იმისთვის, რომ გვაქვს საშუალება დავმკვიდრდეთ, როგორც აკადემიური დაწესებულება, მოვახდინოთ ინტეგრირება ქართულ და ევროპუილ საგანმანათლებლო სივრცეში და ვიქცეთ სამეცნიერო-კვლევით-ანალიტიკურ-საუნივერსიტეტო ცენტრად. ამის საშუალებას იძლევა სახელწოდება,  ამ სახელწოდების მნიშვნელობა, ის რაც ამ სახელის უკან დგას - მიმზიდველობა. როგორ ვაქციოთ ეს მიმზიდველობა საჭიროებად, ამის შესახებაც, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი შეხედულება და არა მხოლოდ რწმენა, არამედ ცოდნა, როგორ გავაკეთოთ", - განაცხადა ზურაბ ხონელიძემ.


 

 

 

big_banner
არქივი