logo_geo
გელა ზედელაშვილი: ამ კაცებზე ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს!
- +

17 აგვისტო. 2017. 03:41


 

ბოლო რამდენიმე დღეა, ე.წ. ქართული საზოგადოება პოეტ რეზო ამაშუკელის ლანძღვითაა დაკავებული. ბევრი კადრულობს იმას, რაც იკადრეს ჯანსუღ ჩარკვიანის მიმართ ინსულტამდე. ამ კაცს აბრალებენ, თითქოს ბატონი ჯანსუღი ავად მისი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ გახდა, თითქოს ჯანსუღს არ აპატია, რომ რუსები და რუსეთი აუგად მოიხსენია. სამწუხაროა, ჩვენი „პატივცემული" საზოგადოება აკეთებს იგივეს, რაც გააკეთა ჩარკვიანის შემთხვევაში!


***


მე ახლა ვიტყვი მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა: ბატონები, ჯანსუღ ჩარკვიანი და რეზო ამაშუკელი უკვე წლებია, ვერ არიან ერთმანეთში კარგად. არ ვიცი, რა მოხდა მათ შორის, ერთი ორჯერ ვკითხე კიდეც ორივეს, მაგრამ არ მიპასუხეს, ხელი აიქნიეს, არ ღირს მაგაზე ლაპარაკიო. კი, იყო რაღაც უსიამოვნო მომენტები და ვიმეორებ, ამ თემაზე ღიად არასოდეს ლაპარაკობდნენ!


***


დღეს ზოგიერთი გამოდის და აცხადებს: შე ხრონწო, ჯანსუღი დიდ კაცად დარჩება, დიდ პოეტად, შენ კი ხალხს უნიჭო ლექსებით დაამახსოვრდები, ლენინს რომ უძღვნიდი და თანაც ადამიანებს უშვებდი უშიშროებაშიო. ეს უკვე მეტისმეტია, ასეთმა მლანძღველებმა საკუთარ ოჯახებში უნდა მოიკითხონ ჩამშვებები, ლენინის მაქებრები და რაც მთავარია, „კუდისა" თუ „სოდის" ყოფილი თანამშრომლები. ვინც რეზო ამაშუკელს პოეზიას უწუნებს, მას არ წაუკითხავს არც ერთი სტროფი მისი ლექსებიდან. ამ ადამიანს შეიძლება ყველაფერი დააბრალო, მაგრამ უნიჭობას ვერ დასწამებ. მე იგივე შემიძლია გავიმეორო ჯანსუღ ჩარკვიანზეც - კი, ბატონო, დაწერეთ გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში" რაც გნებავთ, დაწერეთ, რომ მას უამრავი ლექსი აქვს დაწერილი ლენინზე, მაგრამ უნიჭობას და არაკაცობას ვერ დასწამებთ!


***


სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ერთიც უნდა აღვნიშნო: აქტიურ ჟურნალისტიკაში ლამის ბავშვობიდან ვარ, მაგრამ სერიოზულ, ანუ დიდ ჟურნალისტიკაში 1986 წლიდან ჩავები, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე. 31 წელიწადი გასულა. ეს დრო კი საკმარისია, რომ ადამიანმა კარგად ისწავლო კაცებისა და არაკაცების ამოცნობა-გარჩევა. ვის არ შევხვედრივარ, ვისთან არ მისაუბრია, ვინ არ გამიცვნია, ვისთან არ მიკამათია... მაგრამ ამ ორი კაცის თავისუფალი ბუნებით ყოველთვის ვიყავი აღფრთოვანებული. მაშინ, როცა „თანამედროვე" რესპონდენტები ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ უკან მომდევდნენ სიტყვებით: „აუუუუ... ბიჭო, ეს რომ წამომცდა, ამოიღე, ემანდ მავანს არ ეწყინოს", „ეეეჰ, ერთი წამაკითხე რა, არაფერი გაიპაროს, ჩავასწორებ, კარგად გავაშალაშინებ", „არ გეწყინოს რააა, ჩემ ინტერვიუს დავწერ და ხელი მოაწერე", მათთან ასეთი პრობლემა არასოდეს მქონია. დღეს ხშირად აგინებენ ქართულ ჟურნალისტიკას, მაგრამ ბევრმა არ იცით, რა ხდება სამზარეულოში, რა კატეგორიის ხალხთან გვიხდება ურთიერთობა და რა ნერვების წყვეტაა ეს ყველაფერი. თუმცა გეთანხმებით, რომ ამ სფეროშიც ვერაა მთლად დალაგებული სიტუაცია.


***


ჰოდა, იმას ვამბობდი (სიტყვა გამექცა), ეს ორი ადამიანი, ეს ორი კაცი არასოდეს გამომყოლია უკან, არიქა, რაღაცა წამოგვცდა, რაღაცა ვერ მოვზომეთ, ემანდ არავის ეწყინოს, ამოიღე, ან ჩაასწორეო. ისინი ყოველთვის კაცურად იცავდნენ თავიანთ სიტყვას! კარგად გამიგეთ, მე არ ვლაპარაკობ პოზიციებზე, მოსაზრებებზე და ასე შემდეგ, შეიძლება ზოგ რამეში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ეს სხვა საკითხია, ისინი შინაგანად არიან თავისუფლები და ამიტომაც მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა.


რაც შეეხება ლენინს, სტალინს, ტროცკის თუ მიხა ცხაკაიას... ვის არ დაუწერია ლენინზე ან სტალინზე ლექსი, რომ იმ პერიოდში თავი გადაერჩინა და თავისი საკეთებელი ეკეთებინა? რომელი ერთი ჩამოვთვალო, დღეს რომ კლასიკოსებად გვყვანან შერაცხულები და მართლაც არიან კლასიკოსები?! არ ჩამოვთვლი ასეთებს, რადგან ბუნებაში არ არსებობენ!


***


მოკლედ, ამას წინებზე გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში" ბატონმა დავით მხეიძემ დაიწყო და აღარ გაჩერდა, ისაო: ჯანსუღ ჩარკვიანმა 2 წლის წინ თქვა, ლენინზე ლექსი არასოდეს დამიწერია, სტალინი კიდევ ერთი-ორჯერ მყავს ნახსენებიო. ამას გაუბრაზებია, კაცო, მხეიძე, 2 წლის წინათ ნათქვამს და გადმოულაგა ჯანსუღს ლენინზე დაწერილი ლექსები (რამდენიმე ამონარიდი სტატიიდან):


„ჩემი სიმართლე კი იმ უტიფარი ტყუილის მხილება იყო, რომელიც ცნობილმა პოეტმა, ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა 2 წლის წინათ პირდაპირ ეთერში იკადრა: - ლენინზე ლექსები არასოდეს დამიწერია, აი, სტალინი კი ერთი-ორგან მყავს ნახსენებიო. ცოტა ხნით დავანებოთ ლენინს თავი... ბატონ ჯანსუღს, კაცს, რომელიც 1930 წელს არის დაბადებული, პირველი ლექსი 1947 წელს გამოუქვეყნებია; 1953-ში (სტალინის გარდაცვალების წელს) დაუმთავრებია თბილისის უნივერსიტეტი, ანუ სტალინის ზეობის ჟამს დაკაცდა (აღარაფერს ვამბობ 1956 წლის 9 მარტზე, როცა, ალბათ, ბატონი ჯანსუღიც ერთ-ერთი მონაწილე იქნებოდა იმ ტრაგიკული მოვლენებისა, ისევე, როგორც მამაჩემი, ნუგზარ მხეიძე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბაბუა, ანუ მამაჩემის მამა 37-ში დახვრიტეს. აი, როგორი მაგია ჰქონდა სტალინის ფენომენს), ვინმე საღად მოაზროვნე დაიჯერებს, რომ ბატონ ჯანსუღს სტალინზე ერთი ლექსიც არ დაუწერია და მხოლოდ ერთი-ორჯერ ჰყავს ნახსენები?..


ახლა მავანი, ალბათ, დამამუნათებს, 2 წლის განმავლობაში რით ვერ მოინელე ბატონი ჯანსუღის ტყუილი, შენი სიმართლით მოხუცს სიბერე რომ გაუმწარეო?!


წინა წერილში ვთქვი, რომ მონელებულიც მქონდა და მიტევებულიც - 2 წლის წინათ დასაბეჭდად გამზადებული წერილის გამოქვეყნებისგან მისი ერთი მეგობრის თხოვნით შევიკავე თავი და წინა ოთხშაბათს, 26 ივლისს, გამოქვეყნებული წერილიც "ჩვენ სიყვარულით დიდ თვალებში ვუყურებთ ლენინს" არ დაიწერებოდა, რომ არა ინგა გრიგოლიას ეთერში ბატონი ჯანსუღის ბაგეთაგან ართქმული არც ერთი მხარდამჭერი ფრაზა იმ დღეებში ჩატარებულ გრანდიოზულ "ქართულ მარშზე".


მხოლოდ მისთვის ჩვეული ეფემერული საუბარი ერთობასა და სიყვარულზე, რომელიც, თურმე, ეგ გადაგვარჩენს თუ გადაგვარჩენს, აღტყინების ნაცვლად რიტორიკულ კითხვებს აჩენს:


ვინ შევიყვარო: გიგა ბოკერია თუ თამარ ჩერგოლეიშვილი? გივი თარგამაძე თუ გიგი უგულავა? კაპიტანი გიგაური თუ ეფრეიტორი ეკა ლომჯარია? და ა.შ.


ბოლოს კი ფუნაგორიული კვინტესენცია:


 "ადრე გვებრძოდნენ მუსულმანები, ახლა გვებრძვიან რუსულმანები"...


ბატონი ჯანსუღის ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი, ფუნაგორია სინამდვილეში საქართველოს გადამრჩენელი რუსეთის შეურაცხყოფაა, რადგან ეს, პირდაპირ თუ ირიბად, ასე იკითხება:


თურმე ვორონცოვზე უკეთესები (თუ ასე თქმა შეიძლება) იყვნენ: თემურ ლენგი, შაჰ-აბასი, ოსმალეთის სულთნები და ქართველთა სისხლისმსმელი და ცრემლის მნთხეველი სხვა მრავალი ურჯულო, რომელთაგან ზოგს ჩვენი ხელისუფლება ისტორიულ მეგობარს უწოდებს, ხოლო რუსეთს - ისტორიულ მტერს.


26 ივლისიდან, წერილის გამოქვეყნების შემდეგ, რომ იტყვიან, ჩემი ტელეფონი ადუღდა - საიდან და ვინ აღარ მირეკავდა და მირეკავს, მათ შორის, პოეტის ნაცნობ-მეგობრები, და ყველა ერთად მადლობას მიხდიან ხსენებული წერილის გამო".


აი, მეგობრებო, რა შუაშია აქ რეზო ამაშუკელი? ბატონი დავით მხეიძე კი თავადვე აღიარებს, თუ რა მოხდა სტატიის გამოქვეყნების შემდეგ:


"ჩემთვის ცნობილი შეიქნა, რომ გასულ კვირას ქალბატონ თაკო ჩარკვიანს ბატონი ჯანსუღის სწორედ იმ მეგობრისთვის დაურეკავს, რომლის ხათრითაც 2 წლის წინათ ის წერილი არ დავბეჭდე. დაურეკავს და ჩემთვის გადმოსაცემად დაუბარებია: "მამაჩემს თუ რამე დაემართა, დათო მხეიძეს არ ვაცოცხლებო"!


ბატონ ჯანსუღს გულწრფელად ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს, მაგრამ ბიბლიური მათუსალა ხომ არ არის, რომ 969 წელიწადს იცოცხლოს?


მის წლოვანებამდე, ნეტავ, ყველამ მოიყაროს. ჰოდა, მის ასაკში თუ ინსულტი(?) ან სურდო შეეყრება, ჩემი ან ვინმეს ბრალია?!


ის კი არა, 60 წლის კაცმა 12 აპრილს გულის შუნტირების ურთულესი ოპერაცია გავიკეთე და ძლივს დავუძვერი მიქელ-გაბრიელს და ახლა ეს ვის დავაბრალო"?


მორჩა, მეტს აღარ შეგაწუხებთ მხეიძის სტატიის ამონარიდებით. მხოლოდ რამდენიმე სიტყვას გაგიმეორებთ:  „ბიბლიური მათუსალა ხომ არ არის, რომ 969 წელიწადს იცოცხლოს"?


გეცნოთ? ეს სიტყვებიც რეზო ამაშუკელს მიაწერეს, თითქოს მან თქვა ჯანსუღ ჩარკვიანზე. არადა, სულ სხვას ეკუთვნის. ისაო, ბრძანებს ბატონი დავითი, მერე რა, 969 წელი თუ ვერ იცოცხლებს, აგერ, 60 წლის გაცმა გულის ოპერაცია გავიკეთე და ძლივს დავუძვერი მიქელ-გაბრიელსო. ჰმ... რა გინდა, თქვა და გააკეთო? ეტყობა, მხეიძემ არ იცის, რომ ყველას ღმერთმა უბოძა სიცოცხლე და არავისი საქმე არაა, რამდენ ხანს დაჰყოფს სააქაოში. სამწუხაროდ, სტატია ვრცელია და შიგ იმდენი ნაგავი ყრია, მის გაცნობას ვერც თქვენ გაკადრებთ და არც მე მაქვს სურვილი, ხელახლა გადავიკითხო. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ ჯანსუღმა მოითხოვა წყალი და როცა შვილმა, თაკო ჩარკვიანმა მიუტანა, უკვე იატაკზე იყო დავარდნილი. მე არავის არაფერს ვაბრალებ, ეს მისი ოჯახის წევრების პრეროგატივაა, მაგრამ როცა ერთი ადამიანის ნათქვამს აწერენ მეორეს და ცდილობენ, მასაც დამართონ ინსულტი, ეს უკვე აუტანელია!!!


გელა ზედელაშვილი










 

big_banner
არქივი