logo_geo
გელა ზედელაშვილი: მიშა, მიდი, ჭამე, დალიე სტაფილოს წვენი, დაეგდე, დაისვენე!
- +

17 აგვისტო. 2017. 03:43



უკრაინა, ამერიკა, ტანზანია, პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი, ბულგარეთი... ქვეყნების სია არასრულია, ბევრი იყო და ბევრიც იქნება მომავალში. ეს გახლავთ იმ სახელმწიფოების ჩამონათვალი, სადაც ჩვენი ნამაღლარი პრეზიდენტი მიდი-მოდის და ოფლიანობს. დადის და იმუქრება, ოლიგარქები უნდა დავამხო დედამიწის ზურგზეო. ცარიელი თავი ფეხებს მოსვენებას არ აძლევს, დადის და დადის, მიდის და მოდის, თავის დასაბანადაც აღარ სცალია, ჩაბომჟდა, ჩაფარჩაკდა. ყველა წერტილში ჰყავს თაყვანისმცემლები, თავისნაირი ბომჟები, რომლებიც უფრო მეტად აგიჟებენ - შენა ხარ დედამიწის გადამრჩენელი, შენს გვერდით გვიგულეო. იმასაც სჯერა, რომ სამყაროს რაინდად მოევლინა და დროს არ კარგავს - დადის, დადის და დადის, ოღონდ, ვეღარც საქართველოში შემოდის და ვეღარც უკრაინაში შედის. პასპორტიც დაკარგა ყველა ქვეყნისა, ჰაერში გამოეკიდა, მსოფლიო მოქალაქეობას იბრალებს, მაგრამ სინამდვილეში აღარც მიწისაა, აღარც ცისა!


მისი ბომჟი მიმდევრები კაკანებენ, მიშას ხსენებაზე ყველა კანკალებს, ყველას ეშინიაო. არც არავინ კანკალებს, არც არავის ეშინია, უბრალოდ ისე წავიდა საქმე, ყველა თავიდან იშორებს. ასეთი მაწანწალა ყოფილი პრეზიდენტი არავის უნახავს, ასეთი უთავმოყვარეო და „ნაგლი". ასეთივე უთავმოყვარეოები ჰყავს მიმდევრებად საქართველოში, ვისაც ოდნავი თავმოყვარეობა გააჩნდა, ყველა გაეცალა, ყველამ რაღაცა მოიგონა, ზოგმა „გირჩობა" დაიბრალა, ზოგმა - „ევროპელობა", ზოგმა „ახალი საქართველოობა", ზოგმა საერთოდ ხელი ჩაიქნია და ლექციების კითხვა დაიწყო. არც ერთგან არ ვარგანან, ან კი რა ლექციები მაგათ უნდა წაიკითხონ, მაგრამ მიზეზი მოძებნეს. ეს ისევ დაბოდიალობს, დეგენერატების არმიას აჯერებს, მალე დავბრუნდები ჯერ უკრაინაში, შემდეგ კი საქართველოში და ოლიგარქებს უნდა ვუჩვენო სეირიო, მილიარდერებს უნდა ვასროლინო კუდით ქვაო. არადა, აქაც არ ჰქონია ბედი, ამერიკაშიც მილიარდერია პრეზიდენტი და უკრაინაშიც, არც სხვა ქვეყნებში აკლებენ. საქართველოშიც მილიარდერმა მოუღო ბოლო, მილიარდერმა მიაფარჩაკა და გააბომჟა. ოღონდ, ეს ის მილიარდერია, რომლის ფულზეც დავლურს უვლიდა, რაღაცებს აკეთებინებდა და თვითონ იწერდა. სარგებლობდა იმით, რომ ივანიშვილს არ უყვარს გაკეთებულ საქმეებზე ლაპარაკი. მისი მთავრობის წევრებს ხელფასებსაც უხდიდა, არ მოიპაროთ, მე მოგცემთო. მაშინ ეს კაცი არ იყო რუსი ოლიგარქი, ფულს იწველებოდა და მშვენივრადაც ირგებდნენ. როცა ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ, ამან, ამ მილიარდერმა მოუხაზა, თქვენ შიგ ხომ არა გაქვთო? აი, ეს უკვე აღარ მოეწონათ და ბიძინა უცებ გადაიქცა პუტინის მონად!


არავითარი სინდისი, არავითარი ნამუსი... ყოველდღე იგონებენ უამრავ სიბინძურეს, რათა სხვა ტალახში ამოსვარონ და თვითონ დაბრუნდნენ. ამ დროს კი ვერ ხვდებიან, რომ ყოველდღიურად იძირებიან ნეხვით სავსე ჭაობში. შეხედეთ, რას გვანან, როგორ დაებრიცათ ბოღმისგან სახეები, როგორ გამათხოვრდნენ და გათახსირდნენ. ეს არაფერია, უბრალოდ დრო თვითონ წაშლის ყოველივეს, მაგრამ ნერვები ხომ გინდა? მოთმინებასაც ხომ აქვს საზღვარი?


აგერ, ახლა შემოაგდეს კიდევ რაღაც მოდელირებული ჩანაწერი, ვითომ შინაგან საქმეთა მინისტრი ელაპარაკება უკრაინელ კოლეგას (ავაკოვს) და სააკაშვილს აგინებს. თუ ეს ჩანაწერი 100 პროცენტიდან 1 პროცენტით მაინც ნაღდია, არც ეგაა პრობლემა, რა თქვა გიორგი მღებრიშვილმა ტყუილი? დავუშვათ, დაიჭირეს სააკაშვილი და გაამწესეს გლდანის საპყრობილეში, რა მოხდება? არც არაფერი, თავის დროზე ვანო მერაბიშვილზეც ეგონათ, მთელი მსოფლიო დადგებოდა ფეხზე, მაგრამ ახსოვს ვინმეს? თუნდაც დადგეს მთელი მსოფლიო ფეხზე (სინამდვილეში მეგი გოცირიძე და მაია ორჯონიკიძე თუ დადგებიან ყალყზე), მერე რა? შემოივლიან, ნახავენ, დააკვირდებიან, როგორ ცხოვრობს ციხეში, როგორი პირობები აქვს, ნახავენ, რომ მის დროინდელთან შედარებით სამოთხეშია და მორჩა, დანარჩენი სასამართლოს საქმე იქნება. თუმცა მიხა არ არის ციხეში ჩამჯდომი, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ საქმე სხვანაირად წაიყვანოს. არადა, ვერ წაიყვანს ცხოვრებას სხვანაირად, ვეღარ დაატრიალებს ჩარხს უკუღმა, რომც შემოვიდეს და პოლიტიკაში ჩაებას, მაინც ჩვენზეა დამოკიდებული, რა მომავალი ექნება. მოვალ, ძალაუფლებას დავიბრუნებ! - ეს ზღაპარია, მეთოდები დაძველდა, ყავლი გაუვიდა, სხვა დროა, მოსახლეობა, ასე თუ ისე, გაიზარდა, განვითარდა, სააკაშვილის გამოხტომები უკვე სასაცილოა!


მოკლედ, დადის, დადის, დადის, დადის, დადის და დადის, ან კი რატომ არ იღლება? სადღაც წავიკითხე, მის ფრიადოსან მოწაფეს, დავით საყვარელიძეს უთქვამს, უკრაინაში რომ ჰყავს ჩაკვეხებული, მიშას არც ფული აქვს, არც სახლი და არც მანქანაო. ისემც რა გითხარი, დავით, რეებს არაკუნებ? შეიძლება სახლი არ აქვს უკრაინაში, მაგრამ აქვს ბრუკლინში. ფული არ აქვსო? აბა, რა ჩემი ფეხებით დაეთრევა, ერთი ფეხი რომ ალთას აქვს და მეორე კიდევ ბალთას?!


მიდი, რა, კაცო, ჭამე, დალიე სტაფილოს წვენი, დაეგდე, დაისვენე, მოშორდი ცოტა ხნით მაინც ქვეყნიერებას, რაზე უტალახებ ყველას კარს, რაზე იბომჟებ თავს, ბოლო-ბოლო, პრეზიდენტი იყავი და შეირგე, ხომ იცი, რომ ვეღარ გაიჩითები ვერც პრეზიდენტად და ვერც პრემიერად?!   აუუუუ... წადი, კოჭი გააგორე, ორ დღეში ყველას დაავიწყდები!


გელა ზედელაშვილი










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი