logo_geo
რეგულაციები აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების დარღვევის შესახებ
- +

17 აგვისტო. 2017. 19:04


2017 წლის 15 აგვისტოდან ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ვრცელდება:


  • დღის ან ღამის საათებში საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე;


  • ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე.


აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის ფაქტებზე, მოქალაქეთა მხრიდან მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისად, რეაგირებას ახდენს შსს-ს უფლებამოსილი პირი.


ცვლილებების თანახმად:


    აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების პირველად გადამეტება იწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას, ხოლო ამავე სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენა იწვევს ფიზიკური პირის - 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

    ღამის საათებში პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენება იწვევს ფიზიკური პირის - 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას. ამ ტიპის სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში ამავე ქმედების მეორედ და ამის შემდეგ, ყოველი მომდევნო ჩადენა იწვევს ფიზიკური პირის - 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

    აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისათვის.

    აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტით.

    აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები დადგენილია სათავსის ნორმალური ფუნქციონირების პირობებისთვის, ანუ, როცა სათავსში დახურულია კარები და ფანჯრები (გამონაკლისია ჩაშენებული სავენტილაციო არხები) და ჩართულია ვენტილაციის, კონდიცირების, ასევე, განათების მოწყობილობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს აკუსტიკური ხმაურის ნორმების გადაჭარბების ფაქტი, საპატრულო ეკიპაჟს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შევიდეს შესაბამისი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და განაშენიანების ტერიტორიებზე.


ცვლილებების ამოქმედებიდან, შსს-მ რეაგირება მოახდინა აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევის 35 ფაქტზე.


ტექნიკური რეგლამენტი საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ იხილეთ:


https://matsne.gov.ge/ka/



 

big_banner
არქივი