logo_geo
გელა ზედელაშვილი: შენ საქართვ(ელო)ს დედოფლობა დაგშვენდებოდა!
- +

23 აგვისტო. 2017. 21:46


არა, რაააა... არა-მეთქი, ეს ქალი საქართვ(ელო)ს დედოფლობისთვისაა დაბადებული. რა სიტყვა-პასუხი, როგორი დახვეწილობა, რანაირი სიმკაცრე, პასუხისმგებლობა, მიხვრა-მოხვრა, გრაციოზულობა, პლასტიკა... რომელი ერთი ჩამოვთვალო? სწორედ ამაზეა ნათქვამი, რაც კი ღმერთს ღირსება და სიკეთე ჰქონდა, ყველაფერი ზედ ჩამოაფერთხაო. ძველებს უთქვამთ, ქალი თუ კაცი გაჭირვებაში იცნობაო და ახლაც ასე მოხდა, თქვენ საკუთარი თვალით უნდა იხილოთ, როგორ ბრძანებებს იძლეოდა გაგანია ხანძრის პერიოდში დედოფალი ელო კილაძე, ანუ უბრალოდ ელოი. აი, პატრიოტიზმი... აი, ქვეყნისა და ერის სიყვარული:


„გამოეთრიეთ კაბინეტებიდან - სუსი, დაზვერვა, კონტრდაზვერვა, შსს და მოძებნეთ დივერსანტები"!


ვიიიშ!.. როდემდე უნდა გითმინოთ ქალმა? როდემდე უნდა უყუროს თქვენს უმსგავსო ყოფას? ნეტაი რას შეყუჟულხართ კაბინეტებში და არ დასდევთ დივერსანტებსა? ჰა, უპასუხეთ უფროსსა!!!


დადგენილება მეორე:


„ეს დივერსიული ჯგუფია და ამას წყალი არ გაუვა"!!!


დადგენილება მესამე:


"საარმიო რესურსის გამოყენებას გეხვეწებით 2 დღეა! და ეხლა ისე არ ქნათ, სტრატეგიული მიმართულებები მოაშიშვლოთ ზაფხულია და აგრესიის საფრთხეა"!


გაიგონეთ? დედოფალი საარმიო რესურსის გამოყენებას გეხვეწებათ 2 დღეა, რას ჰგავს ესა? ბოლო-ბოლო, დედოფალია თუ გლეხის ქალი დარიკო? ამოგალპობთ ციხეში, გონს მოდით! ჰო, კიდე ისა, ახლა ისე არ ქნათ, სტრატეგიული ობიექტები მოაშიშვლოთ, ზაფხულია და აგრესიის საფრთხეა. ყოველ გორაკსა და ბორცვზე მაინც დატოვეთ თითო-ოროლა კაცი, რუსებმა ამ დროს იციან ხოლმე ბოდიალი ავიაციით. თუ რამე შენიშნონ, დაუსტვინონ და გამგები გაიგებს.


დადგენილება მეოთხე:


„დაიწყეთ მოხალისეთა რესურსის ათვისება! წრიულ თავდაცვაზე რამე გსმენიათ? შემოავლეთ სანგარი ტერიტორიას და ეცადეთ ისე გაანაწილოთ რესურსი, რო ცეცხლმა გარღვევა ვერ შეძლოს"!!!


არა, მართლა, წრიულ თავდაცვაზე გსმენიათ რამე? პრინციპში, სად გაიგებდით ასეთ რთულ საკითხებს? ჰოდა, ახლა გიბრძანებთ დედოფალი ელოი, შემოავლეთ სანგარი ტერიტორიას და ეცადეთ, ისე გაანაწილოთ რესურსი, რო ცეცხლმა გარღვევა ვერ შეძლოს. გაიგონეთ, თქვენა? გოგაშვილი, საით იყურები, რატომ არ უსმენ ელოსა? იცოდე, დაგიჭერს და მერე ვეღარავინ გიშველის, ხომ იცი, როგორი პრინციპულია ეს ქალი? თუ ერთი აიშვა, შენ კი არა, ივანიშვილიც ვერ გადაურჩება!


დადგენილება მეხუთე:


„აშშ-ს ევროპული სარდლობა მზად არის და მალე შეეხმიანეთ, რომ ტექნიკა წამოიშველიოთ. ჯანელიძე გადააშენეთ და ეს მუქთა საბჭო დაშალეთ, თორემ ხალხი გარეთ გამოვალთ!!! უმოქმედობას არ გაპატიებთ!!! კონკრეტულმა პირებმა პასუხი უნდა აგონ"!!!


ბიჯოოოო, რა აბუეტები ხართ? ქალი გეუბნებათ, აშშ-ს და ევროპის სარდლობას დროზე შეეხმიანეთო და თქვენ კიდენა ფეხს ითრევთ... რათა, „ტრუპკა" რო აიღოთ და გადარეკოთ, მუცლები მოგეშლებათ? თუმცა მაგდენი ინგლისური სად იცით, ამერიკელ და ევროპელ სარდლობას რამე გააგებინოთ? ჯანელიძე, რატომ გაგირბის თვალები აქეთ-იქით, რუსული რო ისწავლე, ინგლისურმა რა დაგიშავა?! გაიგე, ელოი დედოფალი გაბრაზებულია შენზე, ჯერ გაგაგდებს სამსახურიდან, მერე დაგიჭერს, დაგიჭერს და იმდენჯერ დაგიჭერს, ვერ წარმოიდგენ. ჰო, რუსეთის დახმარება მოგინდა, ხო? მაშინ ჯერ კარგად წაიკითხე დედოფლის დადგენილება:


„გაბედეთ და თხოვეთ ოკუპანტ რუსეთს დახმარება - ქუდზე კაცი გამოვალთ! ცოცხებით გაგყრით თქვე უჯიშოებო. გეყოთ, რუსეთის ნომრიანი აგენტი ჯანელიძე რომ გიზით კანცელარიაში. მავნებლების ხელისუფლება ხართ"!!!


არა, ხომ გაიგონეთ? ეხლაც ხომ ვერ იტყვით, მოგვეყურადა მოგვეჩვენაო? კაცზე ქუდი გამოვალთო, ცოცხებით გაგყრითო. ვააახ, კაცოოო, ხომ იცით, რომ გამკეთებელია? ამან თუ ერთი დაიძახა, ვირი ვარ და ვყვირივარო, მერე ნახეთ თქვენა, მთელი ქვეყანა „ჰამოა" გარეთ!




ავლიპ ზურაბაშვილის კომენტარი საიქიოდან:


„როდესაც ჩემ მშობლებს სამკალში დავყავდი ალაზნის ველზე, კოლწევრებს შორის ძალიან ხშირი იყო ეგეთი დაავადება. არ გაგიკვირდეთ, მალე ეგ ქალი დედოფლობიდან ბალეტზე გადავა, საქვეყნოდ გამოაცხადებს, ბალეტის მოცეკვავე ვარ, სცენაზე უნდა გამიყვანოთო. გაუშვით, ბალეტი უფრო უწყინარია, ვიდრე სახელმწიფოს დიდი სარდლობა".



 

გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი