logo_geo
„არემჯი გოლდი“ კომპანიის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს
- +

28 აგვისტო. 2017. 12:09



კომპანია „არემჯი გოლდი" სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კომპანია „არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო.


როგორც „არემჯი გოლდის" მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია RMG ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან თანამშრომლობს.


„არემჯი გოლდი" განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მონასტრის მომსახურე პირებმა კომპანიას ტექნიკური დახმარების თხოვნით მიმართეს და RMG-მ მათ მხოლოდ ტექნიკა ათხოვა.


„გვინდა გამოვეხმაუროთ ფიტარეთის მონასტერთან დაკავშირებით „საყდრისის კომიტეტის" მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებას და განვაცხადოთ, რომ, ამჯერადაც, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას! აღნიშნული ტერიტორია კომპანიის საქმიანობასთან არ არის კავშირში და ეს „საყდრისის კომიტეტში" კარგად უნდა იცოდნენ! მეტიც, კომპანიის საქმიანობა არ ეხება სამონასტრო კომპლექსს და არც გარშემო ტერიტორიას. კომპანია „არემჯი გოლდი" თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან. ჩვენი თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს. ამჯერად, მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის დეტალები კარგად იციან „საყდრისის კომიტეტშიც". ამის მიუხედავად, კომიტეტის მხრიდან კომპანია RMG-ს მიმართ, ჩვენი მოსაზრებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.

კომპანია RMG ბოლნისისა და დმანისის რაიონში უკვე წლებია, ახორციელებს არაერთ პროექტს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩვენ ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში, აღვადგენთ გზებს, ვარემონტებთ სკოლებსა და ბაღებს, ვეხმარებით კულტურულ თუ სპორტულ კოლექტივებს და სამომავლოდაც მზად ვართ, ვაკეთოთ რეალური სიკეთე და საჭირო საქმე.

ვფიქრობთ, კომპანია RMG-ის მიმართ „საყდრისის კომიტეტის" წევრები დაგეგმილად და მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას. ჩვენი მხრიდან, კომიტეტთან არაერთგზის გამოვთქვით საქმიანი და კონკრეტული ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი. ამის მიუხედავად, მათი მხრიდან მუდმივად არის ფაქტების დამახინჯებისა და ინფორმაციის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით გავრცელების მცდელობები. აღნიშნული ორგანიზაცია, მსგავსი განცხადებებით ახორციელებს არა მხოლოდ ჩვენი საქმიანი რეპუტაციის შემლახავ და ცილისმწამებლურ კამპანიას, არამედ ცდილობს, საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. კომპანია RMG-ის მუშაობა არის ღია და ჩვენი გუნდი მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ჩვენი ქმედებები, კომპანიის საქმიანი ინტერესების გარდა, განპირობებულია ქვეყნის, ადამიანებისა და გარემოს მიმართ არსებული პასუხისმგებლობით", -აცხადებენ კომპანიაში.



 

big_banner
არქივი