logo_geo
ფიტარეთში მოღვაწე სასულიერო პირი: „არემჯი გოლდმა“ მხოლოდ ტექნიკა გვათხოვა
- +

28 აგვისტო. 2017. 12:10



ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე მამა ექვთიმე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე კომპანია „არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი.


მამა ექვთიმე „პირველთან" საუბარში აცხადებს, რომ კომპანია „არემჯი გოლდი" ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს კეთილმოწყობაში დაეხმარა.


როგორც სასულიერო პირი განმარტავს, მან კომპანიას თავად სთხოვა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ეკალბარდებისგან გაწმენდის მიზნით ტრაქტორით დახმარება და თანხმობა მიიღო. სასულიერო პირის თქმით, „არემჯი გოლდს" კონკრეტული ტერიტორიის კერძო ინტერესები არ აქვს.


„გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მონასტრის ტერიტორიაზე „არემჯი გოლდის" წარმომადგენლებს ვთხოვე, კეთილმოწყობის მიზნით, კერძოდ, ეკალბარდების მოსაშორებლად დამხმარებოდნენ. კომპანიამ ტრაქტორი გამოგვიგზავნა, რაც ჩემი თხოვნა გახლდათ. კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, კომპანიას არანაირი ინტერესი არ აქვს", - აცხადებს მამა ექვთიმე.


საკითხზე კომენტარი გააკეთა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.


სასულიერო პირის მსგავსად, ისიც აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან კერძო ინტერესები არ იკვეთება.


„სამუშაოები ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ თხოვნის საფუძველზე შესრულდა, რათა გზის სავალი ნაწილი გაწმენდილიყო. ჩვენი წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე, არანაირი კერძო ინტერესი აქ არ იკვეთება", - განაცხადა ბარამიძემ „პირველთან" საუბარში.


შეგახსენებთ, რომ ბრალდებებს სპეციალური განცხადებით უპასუხა „არემჯი გოლდმაც".


როგორც „არემჯი გოლდის" მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია RMG ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან თანამშრომლობს.


„არემჯი გოლდი" განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მონასტრის მომსახურე პირებმა კომპანიას ტექნიკური დახმარების თხოვნით მიმართეს და RMG-მ მათ მხოლოდ ტექნიკა ათხოვა.



 

big_banner
არქივი