logo_geo
გელა ზედელაშვილი: სამი ამბავი მაქვს, სამივე საღადაო!
- +

28 აგვისტო. 2017. 22:58



დიახ, სამი ამბავი მაქვს, რომელიც შეიძლება მხოლოდ საქართველოში მოხდეს და სამივე ე.წ. პოლიტიკას უკავშირდებოდეს. თავი რომ არ შეგაწყინოთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ:


პირველი - გუშინ ალეკო ელისაშვილს ფარული ვიდეო გამოუქვეყნეს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" „გოგოშკები" მის სასარგებლოდ მუშაობენ, ანუ ადგილობრივი არჩევნებისთვის ხელმოწერებს უგროვებენ. მოგეხსენებათ, თუ პირველ სექტემბრამდე ცესკოში 10 ათასი ხელმოწერა არ მიიტანა, მერობის კანდიდატობიდან მოხსნიან. ბევრს ჰგონია და როგორც ჩანს, ალეკოსაც, რომ ვინც ხელს მოუწერს, ის აუცილებლად მას მისცემს ხმას. არა, ეს არის მხოლოდ თანხმობა, რომ მან არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ, სოციალურ ქსელებში და შემდეგ სააგენტოებით გავრცელდა თუ არა აღნიშნული ვიდეო, ელისაშვილმა ეგრევე გამოაცხო მობილურით გადაღებული მორიგი მიმართვა: ხალხნო და ჯამაათნო, მე იმხელა რეიტინგი მაქვს, ხელისუფლებას ეშინია და ათასნაირ სიბინძურეს მივრცელებსო, რასაც ჩემზე სხვაგან დაწერენ, არ დაიჯეროთ, ყოველთვის ყველაფერი ტყუილი იქნებაო, სიმართლე მხოლოდ ჩემს „ფეისბუკგვერდზე" დაიდებაო... აი, აქაო, ჩემთანო, ეხლა საიდანაც ვლაპარაკობო. დიახ, ეგრე თქვა ალეკომ და იცით, ეს რას ნიშნავს? ეხლა ქებით ძირი რომ გავაგდებინო და ტაში დავუკრა, არ უნდა დაიჯეროთ, ტყუილი იქნება, რადგან სიმართლე მოდის მხოლოდ და მხოლოდ მისი ტუჩ-პირიდან.


მოკლედ, სისულელეები რომ იბოდიალა, ეს სხვა თემაა, ტიპი გვაწვება, გინდათ თუ არა, „ნაციონალები" არ მეხმარებიან, ხელისუფლება მიგონებსო. ბიჭოოო... დღეგამოშვებით რომ „რუსთავი 2"-ის ეთერში ზიხარ და კიტრივით მოგაქვს თავი, წელიწადში 12-ჯერ რომ „ვანოს შოუში" იცინი ცალყბად, ეგეც ხელისუფლებამ მოგიგონა? როგორ ფიქრობ, ამას პატივცემული საზოგადოება არ აღიქვამს „ნაციონალების" დახმარებად? სიუჟეტს სიუჟეტზე რომ გიცხობს „რუსთავი 2" და ახლაც „გაგაპრავა", არც ეს არის დახმარება? არის, ალეკო, არის და ამას ვერ უარყოფ, ამას ყველა ხედავს. რა გინდა, მაინც და მაინც ის უნდა გადაიღონ, როგორ გმოძღვრავს ნიკანორ მელია? არა, კი გადაგიღეს ფოტო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვიდეოს ვგულისხმობ!


ერთი სიტყვით, ძვირფასო საზოგადოებავ, როგორც ალეკო და „ალეკოისტები" ამტკიცებენ, თურმე ხელისუფლებას ძაან მაგარი ჟიმჟიმი აქვს და ამიტომაც იგონებენ ბევრ სიბინძურეს. მოდით, ვთქვათ სიმართლე: რომელი კანდიდატია დღეს წარმოდგენილი, როლისაც „ქართულ ოცნებას" უნდა ეშინოდეს? არც ერთი, არც ერთს არ აქვს საიმოსო ბეგრაუნდი და „ბაგაჟი", რომ კახა კალაძეს ბუზი აუფრინოს. ის კი არა, კალაძეს დამოუკიდებლად რომ ეყარა კენჭი და „ოცნება" საერთოდ გამოეთიშა, მაინც სუფთად მოიგებდა. მიზეზების ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, ძალიან შორს წაგვიყვანს. საცოდავია ადამიანი, როცა ამტკიცებს, სირაქლემა არ გახლავართო და ამ დროს უკანალი უჩანს!


მეორე - ქართველი მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება. ცისკარიძე ბათუმელებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საწყის ეტაპზე იმაში, რომ შეუგროვონ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო 2000 ხელმოწერა. თქვენი არ ვიცი და... მე ვიცინო თუ ვიტირო, ვეღარ გამიგია. აბა, ნახეთ, რას ამბობს ბატონი კანდიდატი:


"პოპულარული გამხადეს ბათუმელებმა, გარკვეულწილად ვალში ვარ, მინდა, ჩემს ქალაქს დავეხმარო და დავამსხვრიო სტერეოტიპები, რაც ბათუმის მერთან დაკავშირებით არსებობს".


ნეტა რა სტერეოტიპების დამსხვრევას აპირებს კახუჩელა? ალბათ, ბათუმის მერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი მოზრდილი ტატუ, ეცვას უცნაურად და ლაპარაკობდეს გადატყლარჭულად. არ ვიცი, არაააა... როდესაც ადამიანი რაღაცას ჩაიფიქრებ, ჯერ საკუთარ თავს ხომ უნდა შეხედო სარკეში? თან უყურეთ, ამ ყურუმსაღს, მეო, ბათუმელებმა გამხადეს პოპულარული და ეხლა ვალი უნდა დავუბრუნოვო (რა თავხედობაა?!), ქალაქს უნდა დავეხმაროვო, რა ვქნაო, განა მინდა, მაგრამ ბათუმელებს გულს ხომ არ დავწყვეტო? სლოგანი არ გაინტერესებთ? „კახა ბერი-კახა მერი"! ხალხო, კახუჩელა თავისი გზით წავა, მაგას მერობამდე არავინ მიასუნინებს, მაგრამ მე იმას ვჩივი, ამ ქვეყანას რა ეშველება ასეთი გიჟუა შვილების ხელში?!


მესამე - მაია ორჯონიკიძე (იზა ორჯონიკიძის შვილი) საქვეყნოდ აცხადებს: „ვერ მოგვერევიან მაინც, იმედიანად და ერთად უნდა ვიყოთ! მტრების ჯინაზე აი ასეთ გაღიმებულ ფოტოს ვდებ"!


„ფეისბუკში" დადო ფოტო, სადაც ყველის ვაჭარივით იკრიჭება და რომელსაც ვერ შემოგკადრებთ, ანუ ვერ გაჩვენებთ. აი, ასეო, მტრის ჯინაზეო. არადა, ვერ ხვდება, რომ თავისი ფოტოთი მტრებს უფრო ახარებს. ისაო, ვერ მოგვერევიანო. ნეტა ვინ ცდილობს, იზას შვილს მოერიოს და ბეჭებზე დადოს?


აი, ნახეთ, სამი ამბავი მოგიყევით, სამივე აშკარად მიანიშნებს იმაზე, თუ რა დღეშია საცოდავი საქართველო. ეს გახლავთ კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ ადამიანებს საკუთარ თავზე, რომლებიც არანაირი ავტორიტეტით არ სარგებლობენ საზოგადოებაში. დიახ, ძალიან ცუდია, როცა ადამიანს თავი ჰქონია კიტრი და ამ დროს ბადრიჯანიც კი არ არის.


ვაი, შენ, საქართველოვ, რა გეშველება?!

 

გელა ზედელაშვილი













 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი