logo_geo
"აქ აღარ მუშაობ!" - როგორ ათავისუფლებენ თანამშრომლებს სამსახურებიდან სხვადასხვა ქვეყანაში
- +

29 აგვისტო. 2017. 23:41


შრომითი დავები ყველა ქვეყანაში აქტუალურია. თანამშრომლის დაქირავების და გათავისუფლების პირობებს ყველა სახელმწიფოს კანონმდებლობა თავისებურად ადგენს. შრომითი ურთიერთობა, კანონების გარდა, კომპანიების შიდა განაწესით, ინდივიდუალური ხელშეკრულებებითა და კულტურული ნიუანსებით რეგულირდება.


ამერიკის შეერთებული შტატები


სამშენებლო მაგნატი და დეველოპერი დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს შეერთებული შტატების პრეზიდენტია, ცნობილია თავისი ფრაზით You Are Fired! ("თქვენ გათავისუფლებული ხართ!"). აშშ იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, სადაც დამქირავებელს ამ წინადადების თქმა თავისუფლად შეუძლია. ბევრ სხვა ქვეყანაში ტრამპს თავისი სიტყვების უკან წაღება, თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ან, სულ ცოტა, სერიოზული ჯარიმების გადახდა მოუწევდა.


აშშ-ში, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა დარეგულირებული ფაქტობრივად არ არის. თანამშრომელი შეიძლება გამოიძახონ ხელმძღვანელის კაბინეტში და უთხრან რომ თავისუფალია, შეუძლია აიღოს თავისი ნივთები და სადაც უნდა, იქ წავიდეს. 


ამ ქვეყნის შრომითი სამართლის ფილოსოფია იმ პრინციპს ეფუძნება, რომ ადამიანებს სამსახურებში "სურვილით" ქირაობენ. ის გამოიხატება ტერმინით at will ანუ "საკუთარი ნებით". ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს გაათავისუფლებენ გაფრთხილების, მიზეზის ან შეტყობინების გარეშე. გამონაკლისია დისკრიმინაციასთან ან შურისძიებასთან დაკავშირებული შემთხვევები, ან ვითარება, როდესაც დაქირავებულს კონტრაქტი იცავს.


მაგრამ, თავისუფალი ნების პრინციპი ორივე მხარისთვის მოქმედებს. ერთ მშვენიერ დღეს, თანამშრომელი შეიძლება მივიდეს სამსახურში და გამოაცხადოს, რომ მიდის და მას ვერაფერს დააკლებენ.


აშშ-ში თითქოს მიღებულია, რომ სამსახურიდან წასვლის ან გათავისუფლების შესახებ მხარეს ორი კვირით ადრე აფრთხილებენ, მაგრამ ეს არცერთ კანონში არ წერია. ასევე, შეერთებული შტატების არცერთი ფედერალური კანონი არ ითვალისწინებს დასვენების დღეების ანაზღაურებას. ყველაფერი დასაქმებულთან გაფორმებული ინდივიდუალური კონტრაქტით რეგულირდება. გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც პროფკავშირები კოლექტიური მოლაპარაკებების შედეგად საკუთარი წევრებისთვის კონტრაქტის პირობების გადახედვას მიაღწევს.   


ინდივიდუალური შეთანხმების საგანია ასევე, წინასწარი შეტყობინების ვადა და სამსახურიდან წასვლის შემდეგ მალევე კონკურენტთან მუშაობის დაწყების შესაძლებლობა.


იტალია


თუ თქვენ გინდათ, რომ არცერთ სიტუაციაში სამსახურის დაკარგვაზე არ ინერვიულოთ, ამისთვის სამუშაოდ იდეალური ადგილი იტალიაა. 


ამ ქვეყანაში დაქირავებულის უფლებები ყველაზე მეტადაა დაცული. პერსონალის შერჩევასა და შრომის სამართალში გლობალური გამოცდილების მქონე სპეციალისტები ამბობენ, რომ იტალიაში თანამშრომლის დაქირავების წესი მრავალნაირია და დეტალურადაა გაწერილი, იმავდროულად რეგულაციების უმრავლესობა დაქირავებული თანამშრომლების ინტერესებს იცავს. 


მაგალითად, თუ ქალის ქორწინებიდან ერთ წელზე მეტი გასული არ არის, მისი სამსახურიდან გათავისუფლება შეუძლებელია. გამონაკლისია კანონსაწინააღმდეგო ქმედება, მაგალითად ქურდობა ან მისი მხრიდან ძალადობა. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი მისი სამსახურიდან დათხოვნა, შეიძლება ძალიან გართულდეს. ამ სირთულის გამო, იტალიაში თანამშრომლის დაქირავება ძალიან შრომატევადი საქმეა და დამქირავებლებს დიდ დროს ართმევს.


დიდი ბრიტანეთი


გაერთიანებული სამეფოს კანონები, დაქირავებულ თანამშრომლებს გარანტირებული შეტყობინების ვადით აზღვევს, რაც მათ შედარებით უმსუბუქებს მდგომარეობას.


ბრიტანეთში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, მუშაობის პირველი ორი წლის განმავლობაში, კანონით უფლება აქვს გათავისუფლების შესახებ შეტყობინება ერთი კვირით ადრე მიიღოს. ამ ვადის შემდეგ ყველა გამომუშავებულ წელიწადზე მას ერთი კვირა ემატება. ეს წესი ერთნაირად ვრცელდება კომპანიის პრეზიდენტზეც და რიგით თანამშრომელზეც.


მაგალითად, თუ ერთსა და იმავე კომპანიაში ვინმემ ზედიზედ ათი წელი იმუშავა, დამქირავებელმა მას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 9 კვირით ადრე უნდა შეატყობინოს. დამსაქმებელს უფლება აქვს ასევე დაქირავებული უმალ დაითხოვოს და შეტყობინების პერიოდის კომპენსაცია ერთბაშად გადაუხადოს, თანაც მოსთხოვოს, რომ სხვაგან, მით უფრო კონკურენტთან მუშაობა, შეტყობინების ვადის პერიოდში, არ დაიწყოს.


გათავისუფლების ამ ფორმას "ბაღის მოვლის შვებულებას" ან gardening leave-ს უწოდებენ, როდესაც თანამშრომელს შეუძლია თავისი მოვალეობა აღარ შეასრულოს და უბრალოდ "ბაღში იჯდეს".


ბრაზილია


აქ თანამშრომლის გათავისუფლებისთვის განსაკუთრებული მიზეზი საჭირო არ არის, მაგრამ ქვეყანაში მკაცრია კანონი კომპენსაციებთან დაკავშირებით. ფორმულა ასეთია: ერთი თვის ხელფასი, ყველა ფინანსური ვალდებულების გადახდა, მათ შორის შვებულების ფულის, და ჯარიმის, რომლის მოცულობა თანამშრომლის ორგანიზაციაში მუშაობის სტაჟზეა დამოკიდებული. თუ დამქირავებელს, გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი აქვს, მაგალითად ქურდობა, ის ჯარიმისგან თავისუფლდება. მიუხედავად ამისა, მსგავს ქმედებებს ხშირად საპასუხო სასამართლო დავები მოსდევს. ამიტომ დამსაქმებლები თავს არიდებენ სამსახურიდან თანამშრომლის "დასაბუთებულ" გათავისუფლებას, რადგან სასამართლოები შრომით დავებში ხშირად დაქირავებულის მხარეს იკავებენ. შესაბამისად, კომპანიებს ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ გათავისუფლების მიზეზის მითითების გარეშე.    


ჩინეთი


ჩინეთში, სადაც კომუნისტური წყობაა, თანამშრომლების დაქირავებასთან დაკავშირებული კანონები მშრომლების უფლებებს იცავს და შრომით დავებსაც, როგორც წესი, მათ სასარგებლოდ განმარტავენ. აქ შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა რთულია და დიდი ალბათობით, სასამართლოები ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას დაბლოკავენ და დამქირავებელს მის სამუშაოზე აღდგენას დაავალებენ.   


კანონის გარდა, ჩინეთში დამქირავებელს ბევრი სხვა გარემოების გათვალისწინებაც უწევს. ჩინურ კულტურაში ადამიანებს შორის ურთიერთობის ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ იქ თანამშრომლის გათავისუფლება ძალიან დელიკატურად უნდა მოხდეს.


თითოეულ დაქირავებულ თანამშრომელს კომპანიასთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს. მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, მათ შორის მისი უხეშად გათავისუფლება სამსახურიდან, კომპანიის რეპუტაციას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ყველაზე წარმატებულად ჩინეთში ის კომპანიები მუშაობენ, რომლებიც ქვეყნის კულტურული პრინციპების დაცვას ცდილობენ.  

 

საქართველო


საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ორი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაციას იღებს. თუმცა თანამშრომლის გათავისუფლებისას ორი წესი მოქმედებს. ერთ შემთხვევაში მას დათხოვნამდე ერთი თვით ადრე აფრთხილებენ; შეტყობინების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში ის სამსახურში ჩვეულებრივ დადის, მოვალეობას ასრულებს და იმ თვის ხელფასს იღებს, ხოლო შემდეგ თვეში ერთი თვის ხელფასის კომპენსაციას იღებს. მეორე შემთხვევაში, დამქირავებელს შეუძლია გაფრთხილების გარეშე (ტრადიციულად ეს სამი დღის ვადაში ხდება) თანამშრომელს კონრტაქტი გაუწყვიტოს და ერთბაშად გადაუხადოს ორთი თვის ხელფასის ოდენობის კომპენსაცია.


კანონი ერთია საჯარო და კერძო სამსახურებისთვისაც, იმ სხვაობით, რომ საჯარო ორგანიზაციებში თანამშრომლის გათავისუფლების პროცესი უფრო ბიუროკრატიულია, ვიდრე კერძოში.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი