logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზმა“ ზესტაფონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დღის ახალი ცენტრის კეთილმოწყობა დაიწყო
- +

4 სექტემბერი. 2017. 20:29


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი „ორიონისთვის" ზესტაფონში დღის ახალი ცენტრის კეთილმოწყობა დაიწყო.


სარეაბილიტაციო ცენტრი 18 წელს გადაცილებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის რემონტდება, მათთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებლობა ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობამ აიღო.


სარემონტო სამუშაოებიც ქარხნის დაქვემდებარებაში არსებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ხორციელდება.


შპს. „ჯორჯიან მანგანეზის" ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის, ვასილ გველესიანის განცხადებით, კომპანია მსგავსი სახის სოციალური პროექტების მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.


„რამდენიმე ხნის წინ „ორიონის" წარმომადგენლებმა, ქალბატონი ჟანა ფერაძის ხელმძღვანელობით მოგვმართეს თხოვნით, რომ აქვთ ერთი ახალი ინიციატივა, ისინი აქამდე ემსახურებოდნენ 18 წლამდე ბენეფიციარებს, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოილაპარაკეს, რომ ზესტაფონის რაიონში განხორციელდეს პროექტი, რათა 18 წელს ზემოთ მყოფ ბენეფიციარებსაც გაუგრძელდეთ მომსახურება და მიეცეთ საშუალება შეისწავლონ სხვადასხვა პროფესიები და ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გვითხრეს, რომ შენობას ქირაობს ჯანდაცვის სამინისტრო, თუმცა საჭიროა სახსრები, რათა ფართი შესაბამისად კეთილმოეწყოს ბენეფიციარებისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროექტისთვის მხარი დაგვეჭირა და მასში მიგვეღო მონაწილეობა. ამ სოციალურ პროექტის მხარდაჭერა ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია", -განაცხადა ვასილ გველესიანმა.


კავშირ „ორიონის" ხელმძღვანელის, ჟანა ფერაძის თქმით, ახალი დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პროფესიული უნარების განვითარებაში დაეხმარება და მათ დასაქმებაზე იზრუნებს.


„როგორც იქნა „ორიონის" დიდი ხნის ოცნება ახდა და ზესტაფონის რაიონში სულ მალე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გაიხსნება დღის ცენტრი, რომლის მომსახურებასაც „ორიონი" განახორციელებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობას იმ თანადგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში უწევდა „ორიონს". დღესაც არ არის გამონაკლისი და მინდა ვთქვა, რომ ისინი საფუძველს უყრიან დღის ცენტრს, რომელიც მოემსახურება 18 წლის ზემოთ მყოფ პირებს, ვფიქრობთ, რომ მათთან ერთად მრავალ კარგ საქმეს გავუწევთ ამ ბენეფიციარებს. ახალი დღის ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პროფესიული უნარების განვითარებაში დაეხმარება და მათ დასაქმებაზე იზრუნებს, ვფიქრობ, რომ ეს დღეს შესაძლებელია, რადგან სახელმწიფო პროგრამაც არსებობს", -აღნიშნა ჟანა ფერაძემ.


დღის ცენტრი 30 ბენეფიციარზეა გათვლილი, პროექტის თანახმად, მათთვის თერაპიული სწავლებაა დაგეგმილი, ისინი ასევე კულინარიასა და სადურგლო ხელოვნებას დაეუფლებიან. დღის ცენტრით ისარგებლებენ, არა მხოლოდ ზესტაფონის, არამედ მიმდებარე მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც.

„ამ ცენტრში შესაძლებელი იქნება პროფესიული უნარების ათვისება და გაღრმავება. პროექტის თანახმად, ისინი კულინარიასა და სადურგლო ხელოვნებას დაეუფლებიან", - აღნიშნა „ორიონის" წარმომადგენელმა, გულია ჭუმბაძემ.


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი „ორიონი" თორმეტი წელია ზესტაფონში მცხოვრებ, სპეციალურ საჭიროების მქონე მოზარდებს ეხმარება, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" ორიონთან წლებია თანამშრომლობს და მრავალმხრივ მხარდაჭერას უწევს. „ორიონის" მიერ მოძიებული სტატისტიკის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 3500-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მათგან 430 მოზარდია. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი" წლებია ორიონს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს და კავშირის ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ზრუნავს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი