logo_geo
17 სექტემბერს სესილია თაყაიშვილი დაიბადა!
- +

17 სექტემბერი. 2017. 15:52



დღეს ქართველი მსახიობის, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის სესილია თაყაიშვილის დაბადების დღეა. 


სესილია თაყაიშვილი 1906 წლის 17 სექტემბერს ბათუმში დაიბადა.


სესილია ბავშვობიდანვე ეზიარა თეატრალურ ხელოვნებას. შალვა დადიანის „მოგზაური დასის" ერთ-ერთმა მსახიობმა ელ. ანდრონიკაშვილმა განიზრახა საშინაო წარმოდგენების დადგმა ბავშვებისათვის. წარმოდგენას ეწოდებოდა „ყვავილთა შორის". სპექტაკლში სესილია ყვავილის და ანგელოზის როლს თამაშობდა. ასე დაიწყო სესილიას თეატრალური ცხოვრების დიდი გზა.


16 წლისამ ფაღავას სამსახიობო სტუდიაში ჩააბარა და სასწავლებლის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა.


სტუდიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში, სადაც 1930 წლამდე მუშაობდა. 1930-66 წლებში სესილია მოღვაწეობდა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. სესილია თაყაიშვილი იყო გარდასახვის უბადლო ნიჭით დაჯილდოებული, ფართო შემოქმედებითი დიაპაზონის მსახიობი. ქმნიდა რთულ, ერთმანეთის საწინააღმდეგო ხასიათებს. საოცარი იუმორით გამოირჩეოდა.


მის მიერ განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ქრისტინე", ნინოშვილის გურია; „ოლღა" „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; „ოგუდალოვა" „უმზითვო"; კატარინა „ჭირვეული ცოლის მორჯულება"; „ელისაბედ დედოფალი" „მარიამ სტიუარტი" და მრავალი სხვა.


დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაში, კინოში მის მიერ განსახიერებული მნიშვნელოვანი როლებია: მანანა „ჭირვეული მეზობლები;" ვასასი „ჩვენი ეზო"; ელპიტე „საბუდარელი ჭაბუკი"; „ოლღა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ბორდოხანი „დიდოსტატის მარჯვენა"; „მარადია „ნატვრის ხე"; „ასინეთა „დათა თუთაშხია"; ბუღალტერი „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი"...


სესილია თაყაიშვილს არ უყვარდა თავისი თავის ხილვა ფილმებში და გადაღებებზეც დისკომფორტს განიცდიდა: - „არ მიყვარს კინოაპარატი, იგი თავიდანვე მაშინებს, მთელი ფიქრი და გრძნობა მასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მერე დრამატურგიული სახე ნთქავს ყოველივეს და ერთადერთი ამოცანა, - მოვატყუო, გამოვთიშო ჩემი შეგნებიდან ეს აპარატი - მთლიანად მიპყრობს. როგორც კი არ ვგრძნობ ხოლმე აპარატს, მუშაობა გაცილებით მიადვილდება".


სესილია თაყაიშვილს 1950 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა, 1966 წელს სსრკ სახალხო არტისტი გახდა. დაჯილდოებული იყო ლენინის, შრომის წითელი დროშის ორდენებით. 1982 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1983 წელს ბოლო წლებში შექმნილი მხატვრული სახეებისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.


სესილია თაყაიშვილი გარდაიცვალა 1984 წლის მაისში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.











 

big_banner
არქივი