logo_geo
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება
- +

9 დეკემბერი. 2016. 14:31



თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომავალი წლიდან, მგზავრობის საფასურის გადახდის ახალი სისტემა ამოქმედდება და ანგარიშსწორება ყველა ტიპის საბანკო ბარათით იქნება შესაძლებელი როგორც საქართველოს მოქალაქეების, ასევე, თბილისში ჩამოსული ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის.


როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმის მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დედაქალაქის მერია, ახალი ავტობუსებისთვის სამარშრუტო სქემების კვლევას გეგმავს და გადახდის ახალი სისტემა ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემთ, შექმნან ზუსტი სურათი, თუ, როდის და რომელი მარშრუტებია გადატვირთული, სად არის საჭირო ტრანსპორტის დამატება და ა.შ.


ირაკლი ლექვინაძემ ეკონომიურ ფორუმზე მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფორუმის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო შეხვედრები ჰქონდათ აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.


​ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმი (LED) 7-8 დეკემბერს თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ფორუმს დედაქალაქი 2007 წლიდან მასპინძლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ფორუმი გახდა უნიკალური რეგიონალური პლატფორმა მუნიციპალიტეტების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის; მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს გაუზიარონ იდეები და გამოცდილება. ფორუმი კარგი შესაძლებლობაა კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შორის მომავალი თანამშრომლობის დამყარებისთვის.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი