logo_geo
„ვალდებულები ვართ ღირსეული პატივი მივაგოთ უდიდესი ადამიანის, გურამ შარაძის ხსოვნას!“
- +

ავტორი ნინი ჩოქური

17 ოქტომბერი. 2017. 23:14


 

საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, აკადემიკოს გურამ შარაძის კაბინეტი, რომლის გახსნაც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა დღეს, ოფიციალურად გაიხსნა. შარაძის ოჯახმა აკადემიკოსის პირადი ბიბლიოთეკა, არქივი, პორტრეტები და ავეჯი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აკადემიკოსის შვილმა რუსუდან შარაძემ განუცხადა.


„პირველ რიგში ეროვნულ ბიბლიოთეკას უღრმესი მადლობა, ასეთი ლამაზი კაბინეტის მოწყობისთვის. ჩვენ ბიბლიოთეკას შარაძის პირადი არქივი, პორტრეტები, ნახატების კოლექცია, ავეჯი და სხვა ინვენტარი გადავეცით. ეს იდეა, დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა, მაგრამ უეცრად მოხდა, რაც გიორგი კეკელიძის, ლევან თაქთაქიშვილის და ფერიდე კვაჭანტირაძის დამსახურებაა", - განაცხადა შარაძემ.


კაბინეტის გახსნას გურამ შარაძის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის ყოფილი და ახლანდელი დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც აკადემიკოსი დიდი სიყვარულით გაიხსენეს.

 

„გურამ შარაძე იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართულ საქმეს ემსახურებოდა. ასეთი ადამიანების გარემოცვაში ყოფნის შესაძლებლობა იშვიათად გვაქვს", - განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა.


„გურამ შარაძე იყო ეროვნული მოღვაწე. ჩვენ ვალდებულები ვართ, ღირსეული პატივი მივაგოთ ამ უდიდესი ადამიანის ხსოვნას", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ.


„სასიხარულოა რომ გაიხსნა გურამ შარაძის კაბინეტი! მისი ღვაწლი კიდევ ერთხელ დაფასდა. დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლებათ მობრძანდნენ და  გურამ შარაძის მოღვაწეობას გაეცნონ", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გოგლა ჟვანიამ.

 

„გურამ შარაძე ეროვნული პრინციპების დაცვას შეეწირა. ძალიან კარგია რომ გაიხსნა მისი კაბინეტი და გურამის ხსოვნას, პატივი ამ ფორმით მივაგეთ", - განაცხადა თბილისის საკრებულოს დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ.


გურამ შარაძის კაბინეტის გახსნას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა. კობახიძემ ჟურნალისტებთან ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა რომ მსგავსი კაბინეტების გახსნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 


შარშან, როდესაც ბატონ გიორგი კეკელიძეს შევხვდით, გეგმებზე ვსაუბრობდით. ის ჩვენ ეროვნული ბიბლიოთეკის განვითარების გეგმებს გვაცნობდა, დღეს კი -უკვე შედეგებს ვხედავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანაში წიგნის პოპულარიზაცია განსაკუთრებული დატვირთვის მქონე მოვლენაა. მიხარია, რომ ამ საქმეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა განცხადა, ვახტანგ მეექვსის კორპუსის რეაბილიტაცია, რომელიც ბევრ სახელობით კაბინეტს მოიცავს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

„ვახტანგ მეექვსის კორპუსი, რომლის განახლებაც მიმდინარეობდა წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრ სახელობით კაბინეტს მოიცავს. დრო და დრო კაბინეტები კიდევ გაიხსნება. ეროვნული ბიბლიოთეკა სრულიად განახლებული შენობაა, რომელიც თანამედროვე ევროპულ საბიბლიოთეკო სტანდარტს იოლად ექვემდებარება. მას აქვს სპეციფიკური მიმართულება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა საქართველოს პარლამენტის ძალიან აქტიური მხარდაჭერით", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა  გიორგი კეკელიძემ.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი