logo_geo
საქართველოში გზით სარგებლობაზე, შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს
- +

24 ოქტომბერი. 2017. 18:31



საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, საქართველოში გზით სარგებლობაზე შესაძლოა, სპეციალური მოსაკრებელი დაწესდეს. სეთურიძის განმარტებით, იქნება თუ არა საქართველოში გზის რომელიმე მონაკვეთი ფასიანი, ეს სპეციალურად ჩატარებული კვლევების შემდეგ გადაწყდებდა.


„ამ ეტაპზე ფასიან გზებზე საუბარი არ არის. კვლევები მიმდინარეობს, ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ეს კვლევები გარკვეული მონაკვეთის ფასიანად გადაკეთების პერსპექტივას არ გულისხმობს. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერი არ არის, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ჩვენ მივდივართ იქითკენ, რომ ზოგადად საქართველოში ცალკეული მონაკვეთები ფასიანი არ უნდა იყოს და გზათა სარგებლობის გადასახადი სხვა ტიპის უნდა იყოს. თუ რა ტიპის, ამას რამდენიმე კომპეტენტური ორგანიზაცია იკვლევს",- თქვა სეთურიძემ.


საქართველოში გზით სარგებლობაზე სპეციალური მოსაკრებლის შესაძლო დაწესების შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის აშენება გადაწყდა. მაშინ ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებდა, რომ რომელიმე კონკრეტული გზა იმ შემთხვევაში იქნებოდა ფასიანი, თუ ალტერნატიული გზები იარსებებდა.


მოგვიანებით  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა  მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ რიკოთის ალტერნატიული გზა, კერძოდ, ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთი ფასიანი უნდა იყოს.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი