logo_geo
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვა პარლამენტს
- +

12 დეკემბერი. 2016. 14:58



ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო უმრავლესობა გულწრფელადაა დაინტერესებული, არასამთავრობო სექტორის კრიტიკული მოსაზრებები მოისმინოს". ორგანიზაციის განცხადებით, თუკი საპარლამენტო უმრავლესობას რეალურად სურს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე კონკრეტული წინადადებები მოისმინოს, შეხვედრაზე მხოლოდ ლობისტი არასამთავრობო ორგანიზაციები არ უნდა მიიწვიონ.


„გაგრძელდა ტრადიცია და ქვეყნის მმართველი პირველი პირების მიმართ, კითხვის დასმის უფლებით, მხოლოდ ოფიციოზისთვის მისაღები სამოქალაქო სექტორის წრე სარგებლობდა.

 

აღნიშნული ეწინააღმდეგება მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან გაცხადებულ პოზიციებს სამოქალაქო ორგანიზაციების ფართო ჯგუფებთან ინსტიტუციური დიალოგის თაობაზე. ხელისუფლება არ უნდა უსმენდეს არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ ერთ ჯგუფს, რომელთა მოსაზრებებიც, საზოგადოებისთვის, თავისთავად ცნობილია.

 

მნიშვნელოვანია, ყურადღება დაეთმოს სასამართლოსთან პრაქტიკული გამოცდილების მქონე იმ ჯგუფებს, რომლებსაც ხელისუფლებასთან კონკრეტული კითხვები გააჩნიათ", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


„ახალგაზრდა ადვოკატები" ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ ვითარებაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებას ნდობა უნდა დაუბრუნდეს იმ სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სახელით, საზოგადოების ანტიგანწყობებს იმსახურებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემაა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვას შერჩევითი პრინციპის გარეშე განახორციელებენ.

 

„ფინანსურად ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები მხოლოდ მიმართულია კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვაზე, რაც, თავისთავად, მიუღებელი არ არის, მაგრამ ქვეყანაში ტენდენციის სახე იღებს ერთი ან რამდენიმე უფლების დაცვის პროპაგანდა, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ჰქონდეს საყოველთაო მიზანი", - ნათქვამია „ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



 

big_banner
არქივი