logo_geo
დღეს თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იხსნება
- +

27 ოქტომბერი. 2017. 10:46


დღეს თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი იწყება, რომელიც 27-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ჩვენებების დაწყებამდე საერთაშორისო სტუმრებისთვის დათვალიერება მოეწყობა დიზაინერ მარიამ გვასალიას ახალ მაღაზიაში. კვირეულის ოფიციალურ განრიგს ლაშა ჯოხაძე გახსნის, მას მოჰყვება MIRO-ს კოლექცია. ხოლო, საღამო მსოფლიო ბრენდის Weekend Maxmara იტალიური წვეულებით დასრულდება სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში".


2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა" უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება „Check in Georgia"-ს ფარგლებში. კვირეულის გენერალური სპონსორია „TBILISI MALL".


4-დღიანი პროგრამა აერთიანებს 20-ზე მეტ ღონისძიებას. მათ შორისაა ქართველი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, ატელიე 27, tsite by Tamara Tsiteladze, ELENNY  და MIA. კვირეულზე რამდენიმე უცხოელი დიზაინერის კოლექციასაც ვიხილავთ:  MIRO, ZLATOTSVETA PETROVA, SAYYA, DIANA ARNO და BARABAS.


ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: მარიამ გვასალიას მაღაზიის გახსნა, კვირეულის ოფიციალური პარტნიორის ABSOLUT after party „რედისონის" სურფეის ბარში, Weekend MaxMara Italian Night „რედისონის" რესტორანში FILINI, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია კაფე „ლინვილში", Martini reception ივერია კაფეში, Flying Painter პრეზენტაცია ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია „რედისონის" ოქსიჯენ ბარში და Musya's Lips for TFW „ლოლიტაში".


თბილისის მოდის კვირეული აგრძელებს ტრადიციას და SOLO-სთან ერთად წარმოადგენს პროექტს Style Icon, რომელიც ამჯერად გამოჩენილ ქართველ მხატვარს, ელენე ახვლედიანის ეძღვნება. ღონისძიება ლეღვთახევში გაიმართება.


კვირეულის გენერალური სპონსორი „თბილისი მოლი" კი დიდ და მოდურ ღია წვეულებას გამართავს 31 ოქტომბერს, 19:00 საათიდან მთავარ ატრიუმში მოდული მარში მოეწყობა. სტუმრებს ელით სასიამოვნო მუსიკა, ტორტი, „თბილისის მოლის" ახალი ჟურნალის პრეზენტაცია და, რა თქმა უნდა, შოპინგი.


გრძელდება პროექტი - Talks by Marketer.ge - საუბარი მოდის მარკეტინგზე 28 ოქტომბერს, „რედისონის" ბოლრუმში გაიმართება. მასზე VOGUE ITALIA-ს, Vivienne Westwood-ის და ISTITUTO MARANGONI-ს წარმომადგენლები წარდგებიან სპიკერებად. კონფერენციის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.biletebi.ge.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20-ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა  Vogue italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Fucking Young, Style Sight Worldwide, Buro 24/7, The Blonde Salad, Styleograph, Omnistyle, Jungle Magazine, Grazia France, L'officiel Ukraine, Harper's Bazaar Ukraine, NOWFASHION, Grazia Italia, Glamour Italy, Highsnobiety, Elle Italia. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან, როგორებიცაა ALDUCA D'AOSTA (VENEZIA), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, NEW YORK), TESSABIT (MILAN) და L'ECLAIREUR (PARIS).


თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტოპორტალებზე და ვებ-გვერდებზე.








 

big_banner
არქივი