logo_geo
საინვესტიციო ფონდი „გაზელ ფაინანსი“ სწრაფი კვების წამყვან ობიექტ „დეგუსტოში“ პირველ ინვესტიციას განახორციელებს
- +

8 ნოემბერი. 2017. 14:33

 

 

რესტორნების ქსელი „დეგუსტო“, 9 ნოემბერს, „გაზელ ფონდის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის დახმარებით ახალ ობიექტს ხსნის. გახსნის ცერემონიას „დეგუსტოს“ ფინანსური დირექტორი გიორგი მუშკუდიანი, „გაზელ ფაინანსის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი, ჰოლანდიის ელჩი ჯოშ დოუმა, აშშ-ის ელჩი იან კელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა და სოფლის სამინისტროების წარმომადგენლები და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დაესწრებიან. „გაზელ ფაინანსმა“ შპს „გურმანოში“ 700 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

როგორც „გაზელ ფაინანსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ლიბერტმა აღნიშნა, ისინი მოხარულნი არიან, რომ რესტორნების ქსელ „დეგუსტოში“ პირველ ინვესტიციას ახორციელებენ.

 

„მოხარული ვართ, რომ პირველი ინვესტიცია განვახორციელეთ „დეგუსტოში“, კომპანიაში, რომელიც დანამდვილებით წარმოადგენს „გაზელის“ სწრაფად მზარდ ობიექტს. „დეგუსტო“ ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქართულ ბაზარზე ჯანსაღი საკვებისადმი მოთხოვნის არსებობის პარალელურად, მომავალზე ორიენტირებული მეწარმეები მრავლად არიან, რომლებსაც აქვთ უნარი, საქართველოში წარმატებული საცალო ბრენდები შექმნან, შემდეგ კი საერთაშორისო მასშტაბზე გავიდნენ. სწორედ ასეთია „დეგუსტოს“ მმართველი გუნდი“,- განაცხადა ჯეფრი ლიბერტმა.

 

„გაზელ ფონდის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია „დეგუსტოს“ საშუალებას მისცემს, სწრაფად გააფართოვოს საკუთარი ქსელი თბილისის მასშტაბით და ორწლიან პერიოდში ობიექტების რაოდენობა ხუთიდან თორმეტამდე გაზარდოს, რის შედეგადაც ბაზარზე 100-ზე მეტი დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 

„დეგუსტოს“ ფინანსური დირექტორის გიორგი მუშკუდიანის განცხადებით, რესტორნების ქსელი პატარა კომპანიაა, თუმცა დიდი ამბიციებით.

 

„დეგუსტო“ პატარა კომპანიაა, თუმცა დიდი ამბიციებით. „გაზელ ფაინანსის“ მიერ გაწეული ფინანსური და პარტნიორული მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს, სწრაფი ტემპით გავაფართოვოთ ჩვენი ქსელი საქართველოში. ჩვენი საბოლოო მიზანია, მომხმარებელს ჯანსაღი, ახლად დამზადებული კერძები მივაწოდოთ, რომელთა ღირებულება საშუალოდ 7-8 ლარს შეადგენს; ამისთვის კი, საჭიროა სწრაფი ტემპით გავიზარდოთ, რათა მივაღწიოთ ეფექტიანობის საჭირო მასშტაბს და ბაზარზე კონკურენტუნარიანები დავრჩეთ“, - აცხადებს გიორგი მუშკუდიანი.

 

აღსანიშნავია, რომ „დეგუსტოს“ საქმიანობა 2015 წელს დაიწყო (facebook.com/Degusto.ge/) და ამჟამად, თბილისში ხუთი სწრაფი კვების ობიექტითაა წარმოდგენილი. რესტორნების ქსელი მომხმარებელს ადგილობრივი წარმოების ინგრედიენტებისგან დამზადებულ ქართულ-ევროპულ კერძებს ხელმისაწვდომ ფასად თანამედროვე და სასიამოვნო გარემოში სთავაზობს. „დეგუსტოს“ სწრაფი კვების იაფფასიან ობიექტებსა და სრული სერვისის მქონე რესტორნებს შორის შუალედური ნიში უჭირავს. ამასთანავე, ის მზა პროდუქციის მიწოდებას კორპორაციული კლიენტებისთვის, როგორიცაა სუპერმარკეტების მსხვილი ქსელი საქართველოში – „კარფური“ წარმატებით ახორციელებს.

 

„დეგუსტომ“ ქართული დიზაინის აქცენტების გამოყენებით, ყურადღებიანი და თავაზიანი პერსონალით, მარტივად შეძლო ერთგული კლიენტურის მოპოვება.

 

2017 წელს საქართველოს მშპ-ის 4%-ანი ზრდისა და ტურიზმის 20%-ანი მატების ფონზე, რესტორნების ქსელი შეძლებს, ეფექტურად უპასუხოს საშუალო კლასისა და მრავალფეროვანი საერთაშორისო კლიენტების მზარდ მოთხოვნას.

 

„გაზელ ფაინანსი“ კი ინვესტიციების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც კერძო წარმომადგენლობებს ფლობს ევრაზიის რეგიონში და მიზნად ისახავს ორმაგი ამოცანის შესრულებას: ფინანსური უკუგების მიღებას მის მიერ მართული ფონდებიდან და სოციალური თუ სხვა კეთილდღეობის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებში, სადაც საინვესტიციო ფონდები ეწევიან თავიანთ საქმიანობას.

 

 

„გაზელ ფაინანსის“ მიერ „გაზელ ფონდის“ დაფუძნება ევრაზიის რეგიონში ზრდის პოტენციალს და კაპიტალის საჭიროებების მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ინვესტიციებისადმი გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფას ემსახურება. დღესდღეობით, „გაზელ ფაინანსის“ ოფისები საქართველოსა და სომხეთშია წარმოდგენილი. კომპანია საქმიანობის გაფართოებას რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გეგმავს /www.gazellefinance.com/. „გაზელ ფაინანსის“ ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა „ევრაზიის ფონდმა“ – არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებასა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

big_banner
არქივი